Facebook-მომხმარებელი სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების შესახებ დაუდასტურებელ ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის თანახმად, გერმანიის დაზვერვაზე დაყრდნობით, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ომში მინიმუმ 120000 უკრაინელი და 70000 რუსი ჯარისკაცია დაღუპული. ამასთან ერთად, პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ომში დაღუპულ უკრაინელებს რუსებად ასაღებენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საკუთარ ტვიტერის ანგარიშზე უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომს აქტიურად ეხმიანება. ამასთან ერთად, მინისტრი სხვადასხვა მედია-საშუალებასთან უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებსაც ხშირად აკეთებს. პოსტში მოცემული ინფორმაცია, რომ თითქოს ბერბოკმა განაცხადა, რომ ომში მინიმუმ 120 000 უკრაინელი და 70 000 რუსი ჯარისკაცია დაღუპული, ღიად არსებულ წყაროებში არ ფიქსირდება.

ანალენა ბერბოკი 13 დეკემბერს პარიზში გამართულ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად საჭირო თანხების შესაკრებად საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმის შექმნას ისახავს მიზნად. ბერბოკმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ფონზე, უკრაინის დასახმარებლად ზამთარში დამატებით 50 მილიონ ევროს დაამტკიცებს.

16 იანვარ მინისტრმა ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში გამოსვლისას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე ომში ჩადენილი დანაშაულისთვის რუსეთის ხელისუფლებას პასუხისმგებლობას დააკისრებს. ბერბოკმა აღნიშნა, რომ უკრაინის ფარგლებს გარეთ არსებული სასამართლო უკრაინის სისხლის სამართლის კანონს უნდა დაეყრდნოს. ტრიბუნალს გამოძიება და რუსეთის ხელმძღვანელობის გასამართლება უნდა შეეძლოს. ბერბოკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებები - მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა, ტყვეთა წამება, ათასობით უკრაინელი ბავშვის გატაცება, გაუმართლებელი საქციელია, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

ანალენა ბერბოკის არცერთ ინტერვიუსა და საჯარო გამოსვლაში პოსტში მოცემული სტატისტიკა არ ფიქსირდება. ამასთან ერთად, ომში დაღუპულთა შესახებ მსგავსი ინფორმაცია არც გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის (BND) სახელით გავრცელებულა. ახალი ამბების გერმანული სააგენტო Spiegel -ის თანახმად, BND-მა 20 იანვარს ბუნდესტაგის წევრებს განუცხადა, რომ რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის არმია ყოველდღიურად რამდენიმე ასეულ ჯარისკაცს კარგავს. თუმცა კონკრეტული რიცხვები BND-ის განცხადებაში დასახელებული არ არის. შესაბამისად, პოსტში მოცემული მტკიცება უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი