მიხეილ დუნდუა: მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით - გაუმჯობესებულია შეფასების ქულა, რეიტინგში საქართველო 4 ადგილით დაწინაურდა...
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ დუნდუას განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც შარშანდელთან შედარებით ერთი ქულით უკეთესია. ამ შეფასებით საქართველო 2019-2020 წლების მაჩვენებელს დაუბრუნდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აზრით, საქართველო 2012 წლიდან, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ სტაგნაციას განიცდის.
2022 წლის რეიტინგში, წინა წლების მსგავსად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ პირველ ადგილზეა. მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეფასება (ქულა) მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, მსოფლიო რეიტინგში საქართველო 4 პოზიციით დაწინაურდა, რაც დიდწილად სხვა ქვეყნების მაჩვენებლის გაუარესებით იყო განპირობებული.
მიხეილ დუნდუა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნულ ინდექსში ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო მე-20 ადგილზეა, თანაბარი 56 ქულით, ჩეხეთთან, იტალიასთან და სლოვენიასთან ერთად. ამავე დროს, ყურადღების მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ საქართველო 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (66 ქულა).
მიხეილ დუნდუას განცხადებაში სწორად ასახელებს შეფასების ქულას და რეიტინგში ქვეყნის პოზიციას, თუმცა მისი მტკიცება, თითქოს „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვს ქვეყანას, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, მიხეილ დუნდუას განცხადება არის მანიპულირება.
ანალიზი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუამ განაცხადა: „მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, პირველად ამ ინდექსის ისტორიაში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, იტალიასთან, სლოვენიასთან და ჩეხეთთან ერთად, თანაბარი 56 ქულით. გაუმჯობესებულია, შეფასების ქულა, რეიტინგში საქართველო 4 ადგილით დაწინაურდა და 41-ე ადგილზეა... პირველ ადგილზეა საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში...“. მისივე შეფასებით, „მიმართულება, რომელიც საქართველოს აქვს აღებული ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაზრისით, წარმატებულია“.
საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა" „კორუფციის აღქმის ინდექსს" (CPI) ყოველწლიურად აქვეყნებს. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. 2022 წლის რეიტინგში საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც შარშანდელთან შედარებით ერთი ქულით უკეთესია. ამ შეფასებით საქართველო 2019-2020 წლების მაჩვენებელს დაუბრუნდა. „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება (58 ქულა) 2018 წელს ჰქონდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოს შეფასება მხოლოდ 4 ქულით არის გაზრდილი (იხილეთ გრაფიკი 1). „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, „ქვეყანა CPI-ში 2012 წლიდან სტაგნაციას განიცდის“.
რეიტინგში საქართველომ პოზიცია 4 ადგილით გაიუმჯობესა და მსოფლიოს180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს. მხოლოდ ევროპის ქვეყნებს თუ განვიხილავთ, საქართველო რეიტინგში მე-20 ადგილზეა, თანაბარი ქულით, ჩეხეთთან, იტალიასთან და სლოვენიასთან ერთად. თუმცა, ამავე დროს, 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (66 ქულა). 2022 წლის რეიტინგში, წინა წლების მსგავსად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავაც პირველ ადგილზეა.
როგორც ვხედავთ, საქართველოს შეფასება (ქულა) მხოლოდ მცირედით გაუმჯობესდა. შესაბამისად, რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურებაც დიდწილად სხვა ქვეყნების მაჩვენებლის გაუარესებით იყო განპირობებული.
ცხრილი 1: „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2012-2022 წლებში
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, „მიუხედავად იმისა, რომ 56 ქულით საქართველო რეგიონში ლიდერია, ეს წარსულში წვრილმანი მექრთამეობის აღმოფხვრით არის განპირობებული. ქვეყანა CPI-ში 2012 წლიდან სტაგნაციას განიცდის. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც რეგიონში ანტიკორუფციული ჩემპიონი იყო, ამჟამინდელი ხელისუფლება ფაქტობრივად კლავს ყველანაირ იმპულსს ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად. მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ", რომლის მმართველად საყოველთაოდ მიიჩნევა საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მიიტაცა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუციები, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რის გამოც უმაღლეს დონეზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძირითადად დაუსჯელი რჩება. მაგალითად, ბოლო წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოავლინა სავარაუდო მაღალი დონის კორუფციის ათობით შემთხვევა, რომლებიც გამოუძიებელი რჩება; ამ შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის" სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე და ჩაახშონ ნებისმიერი კრიტიკული ხმა, როგორც პოლიტიკურ ოპოზიციაში, ისე მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში“.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2022 წლის ივნისში, როდესაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მისცეს, ევროკავშირმა ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ უმოქმედობა დაასახელა. „ევროკავშირმა ქვეყანას წევრობის პერსპექტივა შესთავაზა, რის წინაპირობადაც 12 პრიორიტეტი დაასახელა - მათ შორის ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელმაც ქვეყნის „დეოლიგარქიზაციას" უნდა შეუწყოს ხელი. მთავრობამ გამოაცხადა სააგენტოს შექმნის შესახებ, თუმცა შემოთავაზებული მოდელი ნაკლოვანია, რადგან ის არ მოიცავს სააგენტოს საკმარის დამოუკიდებლობას და მისთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭებას“ -ნათქვამია ანგარიშში.
ამრიგად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა განცხადება არის მანიპულაცია. ის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს შეფასების ქულას და რეიტინგში პოზიციას სწორად ასახელებს, თუმცა მისი მტკიცება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. მიხეილ დუნდუა ორგანიზაციის შეფასებას, სადაც მაღალი დონის კორუფციაზე, სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცებაზეა საუბარი და ხაზგასმით წერია, რომ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყანა სტაგნაციას განიცდის, უგულებელყოფს.