ირაკლი ხმალაძე: არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც შეზღუდავს „გრინსერვისს“, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ტენდერში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ხმალაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მიხედვით, კომპანია „შავ სიაში“ ხვდება და შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში ტენდერებში მონაწილეობა იმ შემთხვევაში ეზღუდება, თუ მან სამუშაოები ვერ ან არაჯეროვნად განახორციელა. გარდა ამისა, „შავ სიაში“ შეყვანის აუცილებელი პირობაა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულებული უნდა იყოს ან ხელშეკრულება დროზე ადრე უნდა იყოს შეწყვეტილი. კონკრეტულად, კომპანია „გრინსერვისი +“-ის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები (კონკრეტულად, აუზის რეაბილიტაცია) სავარაუდოდ, უხარისხოდ განახორციელეს, ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის და მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდეც 50 დღეა დარჩენილი. შესაბამისად, კომპანია „შავ სიაში“ შეყვანილი არ არის და არც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აქვს შეზღუდული.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონკრეტული მაგალითის გარდა, ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო შესყიდვებს არაკომპეტენტური კომპანიები იგებენ, რომლებიც ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებს ვერ ან ხშირ შემთხვევაში, უხარისხოდ ასრულებენ, რასაც თან ხელშეკრულების დასრულების თარიღის არაერთი ცვლილება და ზოგჯერ კონტრაქტორი კომპანიის ცვლილებაც კი ახლავს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანია „გრინსერვისს“ კანონმდებლობა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას არ უზღუდავს, თუმცა წარსულში შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების რისკი არსებობს. შესაბამისად, სასურველია, დამკვეთმა ტენდერის წარმოებისას მეტი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე გამოიჩინოს.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსობრივად ირაკლი ხმალაძის განცხადება არის სიმართლე, დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, განცხადებას ვერდიქტით მეტწილად სიმართლე ვაფასებთ.

ანალიზი

კომპანია „გრინსერვისი +“-მა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო და 3.1 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ტენდერის (NAT220026942) დანიშნულება თბილისის მასშტაბით კეთილმოწყობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენის სამუშაოების განხორციელებაა. უფრო კონკრეტულად, ბეტონის სამუშაოები, ქვის სამუშაოები, მოსაპირკეთებელი სამუშაოები და ლითონის დამუშავება უნდა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ „გრინსერვისი +“ არის კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს და რომლის მფლობელი - ლაშა ფურცხვანიძე, ვაკის პარკის აუზში მომხდარი ტრაგედიის გამო, სხვა 8 პირთან ერთად, არის დაკავებული.

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ კომპანია „გრინსერვისი +“ -ის ტენდერებში მონაწილეობა შეაფასა და განაცხადა: „არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც შეზღუდავს „გრინსერვისს“, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ტენდერში“. მან ასევე დასძინა, რომ სანამ სასამართლოს განაჩენი არ იქნება, რაიმე ზომებს ვერ მიიღებენ.

ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია აღნიშნული საკითხი კანონმდებლობის მიხედვით როგორ რეგულირდება.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მიხედვით, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების რეესტრი - ე.წ. შავი სია არსებობს, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და ოფიციალურ ვებგვერდზე აქვს განთავსებული. შავ სიაში შეყვანილ კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში არ აქვთ უფლება, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა მიიღონ და შესაბამისად, ხელშეკრულება გააფორმონ.

შავ სიაში მოხვედრის საფუძვლები სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებულებით არის დარეგულირებული.

ბრძანებულების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, კომპანია შავ სიაში მოხვდება, თუ :

• ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, არაკეთილსინდისიერი ქმედება ჩაიდინა,

• კომპანიამ/მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი.

თბილისის მერიასა და „გრინსერვისი +“-ს შორის ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ხელშეკრულება 2021 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 11.8 მლნ ლარი იყო და სამუშაოები 510 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ჯერ კიდევ დაახლოებით 50 დღეა დარჩენილი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმისთვის რომ კომპანია „შავ სიაში“ შევიდეს და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება ერთი წლით აეკრძალოს, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გარდა, აუცილებელი პირობაა, რომ ხელშეკრულების ვადა ამოწურული იყოს ან ხელშეკრულება დროზე ადრე უნდა იყოს შეწყვეტილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გარდა, კომპანია „გრინსერვისი+“ სხვა პირობებს არ აკმაყოფილებს და კანონმდებლობიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“ არ მოხვდა და შესაბამისად, არც ტენდერებში მონაწილეობის მიღება შეეზღუდა.

ზემოთ განხილულ უკვე მოგებულ ტენდერის გარდა, კომპანია „გრინსერვისი +“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ მეორე ტენდერშიც (NAT220027050) იღებს მონაწილეობას. დასახელებულ ტენდერს ორი პრეტენდენტი ჰყავს, თუმცა „გრინსერვისი+“-ს კონკურენტზე ნაკლები ფასი აქვს შეთავაზებული და შესაბამისად, გამარჯვებულიც გახდება. ტენდერის საგანი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოების შესყიდვაა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 8.57 მლნ ლარია, „გრინსერვისი +“-ის მიერ შეთავაზებული თანხა 6.8 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „გრინსერვისი +“-მა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, კონკრეტულად - შადრევნის, სავარუდოდ, არაჯეროვნად განახორციელა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. კანონმდებლობის მიხედვით, ის შავ სიაში არ არის შეყვანილი და არც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება ეზღუდება. თუმცა აღნიშნული შემთხვევა ერთი კონკრეტული მაგალითია, როდესაც კონტრაქტორი კომპანიები სამუშაოებს უხარისხოს ან ვერ ასრულებენ, რასაც ხშირად ხელშეკრულების ვადის ან სულაც კომპანიის ცვლილება ახლავს თან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანია „გრინსერვისს“ კანონმდებლობა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას არ უზღუდავს, თუმცა წარსულში შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების რისკი არსებობს. შესაბამისად, სასურველია, დამკვეთმა ტენდერის წარმოებისას მეტი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე გამოიჩინოს.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსობრივად ირაკლი ხმალაძის განცხადება არის სიმართლე, დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, განცხადებას ვერდიქტით მეტწილად სიმართლე ვაფასებთ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი