გივი მიქანაძე: ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნაში ტერმინი „შეშფოთება“ თარგმანის ხარვეზია, რეალურად, ცვლილებები ძალიან პოზიტიურადაა შეფასებული
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გივი მიქანაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
რეზიუმე: გივი მიქანაძის თქმით, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში, ცვლილებები (რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობას ეხება ) ძალიან პოზიტიურადაა შეფასებული. მისივე მტკიცებით, დოკუმენტში ნახსენები „შეშფოთება“ თარგმანის ხარვეზია.
რეალურად, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში, პოზიტიური შეფასებები ნამდვილად იკვეთება და საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების თვალსაზრისით, წინ გადადგმულ ნაბიჯად არის მიჩნეული. თუმცა არაერთ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოხატული. გარდა შეშფოთებისა, ცვლილებების ნაწილზე ნათქვამია, რომ ,,საჭიროებს ძირეულად გამყარებას’’, ,,სათანადოდ ვერ აკმაყოფილებს აქამდე გაცემულ რეკომენდაციებს’’ და ა.შ.
„ფაქტ-მეტრმა“ საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი არაოფიციალური თარგმანის ის პარაგრაფები გადაამოწმა, რომლებიც რეკომენდატორთა შეშფოთებაზე მიუთითებენ (და რომლებსაც განცხადების ავტორი ეჭვქვეშ აყენებს). აღნიშნული თარგმანი ზუსტია. შესაბამისად, მთლიანობაში, გივი მიქანაძის განცხადება, რომ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნაში ნახსენები შეშფოთება თარგმანის პრობლემაა, ხოლო ცვლილებები პოზიტიურადაა შეფასებული, არის მეტწილად მცდარი.
ანალიზი:
ევროკომისიის იმ რეკომენდაციის შესრულების მიზნით, რომელიც საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას ეხება, საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი ჩამოყალიბდა. აღნიშნულმა ჯგუფმა ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 2022 წლის 5 ოქტომბერს მიიღო. მას მხარი, ძირითადად, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს, ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობამ კი კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.
მას შემდეგ რაც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ცვლილებების პაკეტზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს („ODIHR“), ასევე, ვენეციის კომისიის მოსაზრება ითხოვა, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა დასკვნის პროექტი წინსწრებით წარმოადგინეს (იხ. საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი არაოფიციალური თარგმანი). აღნიშნული დასკვნა 11 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ შეაფასა. მისი თქმით, „ცვლილებები ძალიან პოზიტიურიშეფასებით არის აღქმული როგორც ეუთო/ოდირის, ასევე, ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ, ხოლო, რაც შეეხება შეშფოთებას, ეს უფრო თარგმანის პრობლემაა“.
ვინაიდან, აღნიშნული განცხადებით გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული არაოფიციალური თარგმანის სიზუსტე ეჭვქვეშ დააყენა, „ფაქტ-მეტრმა“ ის პარაგრაფები, რომლებიც რეკომენდატორთა შეშფოთებაზე მიუთითებდნენ, ორიგინალ დოკუმენტში გადაამოწმა.
არაოფიციალურ თარგმანში სიტყვა „შეშფოთება“ სამჯერ არის გამოყენებული (იხ. მე-12, 24-ე და 52-ე პარაგრაფები). აქედან - ორი უშუალოდ შემოთავაზებულ ცვლილებებს, ერთი კი, მმართველი პარტიის იმ გადაწყვეტილებას მიემართება, რომლითაც თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს შეხვედრაზე დასწრება აეკრძალა. რაც შეეხება დანარჩენ ორ პარაგრაფს, ერთ-ერთში განზოგადებულად არის აღნიშნული, რომ „მიუხედავად დადებითი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება იწვევს შეშფოთებას“, ხოლო მეორე პარაგრაფში შეშფოთება ხმების დათვლის პროცედურის არამკაფიოობასა და არაყოვლისმომცველობაზეა გამოთქმული.
გარდა შეშფოთებისა, დასკვნის ავტორთა პოზიციით, ზოგი წინარე რეკომენდაცია, რომელთა მიზანი სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანაა, ადეკვატურად განხილული არ არის, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას“.
ამის მიუხედავად, რეკომენდატორები საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების თვალსაზრისით წინ გადადგმულ ნაბიჯად კანონპროექტში წარმოდგენილ ისეთ ცვლილებებს თვლიან, როგორიცაა:ადგილობრივი არჩევნების კანდიდატებისათვის შემცირებული ბინადრობის ცენზის მოთხოვნა, ზომები ქვედა დონის საარჩევნო ორგანოების წევრებისა და მოქალაქეებზე დამკვირვებლების დამოუკიდებლობის გასაზრდელად, დამატებითი საფუძველი საარჩევნო ხმების ავტომატური გადათვლის მოსათხოვნად და უკეთ მორგებული ვადები საარჩევნო დავების მოგვარების პროცესში.
საერთო ჯამში, დასკვნის ავტორები კანონპროექტში წარმოდგენილ ცვლილებებს მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებელი და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია მოსაყვანი. ისინი მოუწოდებენ კანონპროექტის ავტორებს, ადეკვატურად განიხილონ ცვლილებები და მათი სრულყოფა უზრუნველყონ. შესაბამისად, დასკვნაში პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად, ჩანს კრიტიკა და არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია (უფრო ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გივი მიქანაძის განცხადებაში ცვლილებების პოზიტიურ შეფასებებთან დაკავშირებით არის სიმართლის ელემენტები, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც რიგ ცვლილებებზე რეკომენდატორთა კრიტიკას ასახავენ, იგნორირებულია. აღნიშნულს კი საბოლოო ჯამში, სხვა შთაბეჭდილების მოხდენა შეეძლო. ამასთან, დასკვნის ავტორები ზოგიერთ საკითხზე შეშფოთებას ნამდვილად გამოთქვამენ, რაც ასევე კონტექსტს მიღმა არის დატოვებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, გივი მიქანაძის განცხადებას ,,ფაქტ-მეტრი’’ აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.