-
ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, გივი მიქანაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეაVS
-
დოკუმენტში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი იწვევს შემფასებელთა შეშფოთებას
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი
მეტწილად მცდარიგანცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა20/12/2022ნახვა 2023
გივი მიქანაძე: ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, გივი მიქანაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე
ბექა ლილუაშვილი: დოკუმენტში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი იწვევს შემფასებელთა შეშფოთებას
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი
რეზიუმე: დასკვნის ავტორები მიესალმებიან კანონპროექტში წარმოდგენილ ცვლილებებს, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებელი და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია მოსაყვანი. ისინი მოუწოდებენ კანონპროექტის ავტორებს, ადეკვატურად განიხილონ ცვლილებები და უზრუნველყონ მათი სრულყოფა. შესაბამისად, დასკვნაში პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად იკვეთება კრიტიკა და არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. იქიდან გამომდინარე, რომ გივი მიქანაძის განცხადებაში აქცენტი მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებებზეა გაკეთებული და მეტწილად იგნორირებულია რეკომენდატორთა კრიტიკა, მისი განცხადება „ფაქტ-მეტრმა“ შეაფასა ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.
რაც შეეხება ბექა ლილუაშვილის მტკიცებას, ცხადია, განცხადებაში არის სიმართლის ელემენტი, რადგან დასკვნის ნაწილი მართლაც ეთმობა კანონპროექტის ხარვეზების გამოკვეთასა და მათი საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად გაცემულ რეკომენდაციებს. თუმცა განცხადებაში სრულიად იგნორირებულია ის სასიკეთო ცვლილებები, რომელიც პროექტმა ასახა, რაც შეუძლებელს ხდის პროექტის ადეკვატურ შეფასებას. ამიტომ ბექა ლილუაშვილის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.
ანალიზი:
ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, რომელთა შესრულება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინაპირობას წარმოადგენს, ერთ-ერთი საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას ეხება. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელმაც ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა.
ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 2022 წლის 5 ოქტომბერს მიიღო. პროექტს მხარი ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს, ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.
10 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს („ODIHR“) ასევე, ვენეციის კომისიის მოსაზრება ითხოვა.
2 დეკემბერს ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ დასკვნის პროექტი აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით წინსწრებით წარმოადგინეს (იხ. საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი არაოფიციალური თარგმანი). ამ დასკვნის მასშტაბი მხოლოდ „ცვლილებათა პროექტით“ არის შემოფარგლული და არჩევნებთან დაკავშირებით არსებული სამართლის ინსტიტუციური ჩარჩოს სრულ და ყოვლისმომცველ ანალიზს არ წარმოადგენს.
პოლიტიკურ სპექტრში ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნასთან მიმართებით განსხვავებული პოზიციები გამოიკვეთა. ცვლილებების ავტორები თვლიან, რომ დასკვნის პროექტი სამუშაო პროცესის წარმატებას ასახავს. მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე, მიიჩნევს, რომ „მოცემულ დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული“.
მისი თქმით, დასკვნაში ,,განსაკუთრებული პოზიტიური აქცენტები გაკეთებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატებისთვის მოთხოვნილი საცხოვრებელი ცენზის შემცირებაზე, ქვედა რგოლის საარჩევნო კომისიების წევრთა და დამკვირვებლების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებებზე, არჩევნების შედეგების გადათვლის დამატებითი კრიტერიუმების შემოღებასა და საჩივრების წარდგენის კუთხით გაზრდილ ვადებზე“.
აღნიშნულ შეფასებას არ იზიარებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი. ლილუაშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მკაფიოდაა აღნიშნული, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი იწვევს შემფასებელთა შეშფოთებას. „ცვლილებები არ ითვალისწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობას და ყურადსაღებია, რომ ეს ცვლილებები არ არის შესაბამისობაში კარგ პრაქტიკასთან“.
,,ფაქტ-მეტრმა’’ პოლიტიკოსების განცხადებები გადაამოწმა.
ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შემაჯამებელი რეზიუმე [1] პროექტთან მიმართებით საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგად შეფასებას ნათლად წარმოაჩენს. რეზიუმეს თანახმად, დასკვნის ავტორები მიესალმებიან კანონპროექტში წარმოდგენილ ისეთ ცვლილებებს როგორიცაა: შემცირებული ბინადრობის ცენზის მოთხოვნა ადგილობრივი არჩევნების კანდიდატებისათვის, ზომები ქვედა დონის საარჩევნო ორგანოების წევრებისა და მოქალაქეებზე დამკვირვებლების დამოუკიდებლობის გასაზრდელად, დამატებითი საფუძველი საარჩევნო ხმების ავტომატური გადათვლის მოსათხოვნად და უკეთ მორგებული ვადები საარჩევნო დავების მოგვარების პროცესში.
ამის მიუხედავად, ისინი თვლიან, რომ „ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება იწვევს შეშფოთებას, ზოგი წინარე რეკომენდაცია, რომელთა მიზანია სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა, არ არის ადეკვატურად განხილული, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას“.
შემაჯამებელ რეზიუმეში აღწერილი პათოსი ცვლილებათა უმეტესობას მიესადაგება. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში დასკვნის ავტორები მიესალმებიან კანონპროექტში წარმოდგენილ ცვლილებებს, თუმცა მათ საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკასთან სრულყოფილად შესაბამისად არ თვლიან.
აღნიშნული ტენდენციას ,,ფაქტ-მეტრი’’ კონკრეტულ ცვლილებებზე გაცემული რეკომენდაციების ფონზე განიხილავს.
საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობა
დასკვნაში ცვლილებათა პაკეტის კრიტიკის დიდი ნაწილი მის არასრულყოფილ ხასიათს ეთმობა. კერძოდ, დასკვნის თანახმად, ცვლილებები მხოლოდ ნაწილობრივ ისახავენ მიზნად ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას საარჩევნო რეფორმის შესახებ და არ ეფუძნებიან კოდექსის სრულ გადახედვას.
აქედან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უკეთ უზრუნველსაყოფად, ვენეციის კომისია და ODIHR გასცემენ რეკომენდაციას, ჩატარდეს ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობას.
საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება
რამდენიმე ცვლილება შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიების (DECs) და საუბნო საარჩევნო კომისიების (PECs) ფორმირებას. დადებით ნაბიჯად არის შეფასებული პარტიასთან აფილირებული პირების საარჩევნო ადმინისტრაციიდან გამორიცხვა და საარჩევნო კომისიის წევრისთვის შესაბამისი სერტიფიკატის მოთხოვნა, თუმცა დადებითი ცვლილების მიღმა გაცემულია რეკომენდაციები და გაკრიტიკებულია რიგი საკითხები.
რეკომენდაციებს შორის ზოგიერთი არათუ კანონის, არამედ უშუალოდ საარჩევნო პროცესის დახვეწაზეა გაცემული. მაგალითად ასეთია კომისიის წევრთათვის სტანდარტიზებული ტრენინგის ხარისხის გაუმჯობესება. თუმცა, ზოგიერთი რეკომენდაცია უშუალოდ კანონმდებლობას ეხება. მაგალითად, საარჩევნო კომისიის უპარტიო წევრების შერჩევის პროცესთან მიმართებით დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს არის საკითხი, რამაც გამოიწვია ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური არჩევნების ნაკლებობა საქართველოში, და გაცემულია რეკომენდაცია, რომ შერჩევის პროცესი დაიხვეწოს.
ანალოგიურ რეკომენდაციას ვხვდებით საუბნო საარჩევნო კომისიების შერჩევის კონკურსზეც. დასკვნის თანახმად, საუბნო კომისიების შერჩევისას საოლქო კომისიების წევრების მიერ, პროცედურა, პირობები და ვადები უნდა იყოს რეალურად ღია, კონკურენტუნარიანი, დამსახურებაზე დაფუძნებული და სრულად გამჭვირვალე. ეს პრინციპები და გარანტიები გამყარებული უნდა იყოს კანონმდებლობით.
კანდიდატის პასიური საარჩევნო უფლება და კანდიდატურის დასახელება
ზემოთ აღწერილი კრიტიკის მიუხედავად, კანდიდატების პასიური საარჩევნო უფლებისა და კანდიდატების დასახელების პროცესთან დაკავშირებით ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მერობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატებისთვის მოქმედი ხუთწლიანი ბინადრობის მოთხოვნა ერთ წლამდე შემცირდება, დადებითად არის შეფასებული. რეკომენდატორები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ამის მიუხედავად, რეკომენდატორები აკრიტიკებენ იმ მოცემულობას, რომ ისევ ძალაში რჩება 10-წლიანი ბინადრობის მოთხოვნა პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის და 15-წლიანი ბინადრობის მოთხოვნა პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის, რადგან მსგავსი მოწესრიგება რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც არ უნდა დაწესდეს ბინადრობის მოთხოვნები ეროვნულ დონეზე არჩევნებისთვის.
დადებითად არის შეფასებული პარტიულ სიებში შესაყვანი კანდიდატების მინიმალური რაოდენობის 100-დან 76-მდე შემცირდება. დასკვნის ავტორების აღნიშნავენ, რომ ამ ცვლილებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს არჩევნებში მცირე თუ რეგიონული პარტიების უფრო მეტ ჩართულობას და წარმომადგენლობას როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე - პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპის შესაბამისად
ელექტრონული საშუალებები საარჩევნო დღის პროცესში
მნიშვნელოვანი რეკომენდაციებია წარმოდგენილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებასთან მიმართებითაც. ცვლილებების პროექტის მიხედვით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა გადამოწმების, კენჭისყრისა და ხმის დათვლის და შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესი ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ საარჩევნო ოლქებში/უბნებში უნდა წარიმართოს ელექტრონული საშუალებებით, იმგვარად, რომ აღნიშნულმა საარჩევნო ოლქებმა/საარჩევნო უბნებმა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% მოიცვას.
დასკვნის თანახმად, შემოთავაზებული ცვლილებები არ შეიცავენ რაიმე კრიტერიუმს, რომელთა საფუძველზეც ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ საარჩევნო უბნებზე გამოიყენებს ელექტრონულ საშუალებებს და ზოგიერთმა დაინტერესებულმა მხარემ ცესკოს მიმართ ნდობის ნაკლებობა დააფიქსირა ასეთი დისკრეციის მიუკერძოებლად გამოყენების მიმართ. ამის გათვალისწინებით, ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა კანონმდებლობაში ამგვარი კრიტერიუმების დაზუსტება - პროცესისადმი ნდობის გასაძლიერებლად და ელექტრონული კენჭისყრისა და ხმების დათვლის ზომების შერჩევითობის პრინციპზე გამოყენების მიმართ არსებული აღქმის თავიდან აცილების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციები ზემოთ მოცემული ცვლილებებით არ შემოიფარგლება და ის მოიცავს იმ ცვლილებებზე კრიტიკასა და რეკომენდაციებსაც, რომლებიც შეეხება ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემას, ხმების ხელახლა გადათვლას, საარჩევნო დავებსა და სამართალდარღვევებს და სხვ. თუმცა ძირითადად ყველა მათგანი იმეორებს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნის საერთო პათოსს.
კერძოდ, დასკვნაში ნამდვილად იკვეთება ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული და ისინი მიჩნეულია საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების თვალსაზრისით წინგადადგმულ ნაბიჯად. თუმცა, ამის მიუხედავად ცვლილებების ნაწილზე ნათქვამია, რომ ,,საკითხი საჭიროებს ძირეულად გამყარებას’’ ,,სათანადოდ ვერ აკმაყოფილებს აქამდე გაცემულ რეკომენდაციებს’’ და სხვ. მეტიც, ჩამოთვლილია ის საარჩევნო საკითხებიც, რომლებიც ჯერჯერობით საერთოდ არაა შესული ცვლილებების პროექტში, სწორედ ამიტომ გივი მიქანაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე, რადგან განცხადებაში კონტექსტის მიღმაა დატოვებული ის კრიტიკა, რომელიც დასკვნის ავტორებმა კონკრეტულ ცვლილებებთან მიმართებით წარმოადგინეს.
ამასთან, აქცენტის მხოლოდ იმაზე გაკეთება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი, ვენეციის კომისიის დასკვნით, არ ითვალისწინებს წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობას, მცდარია. დასკვნის თანახმად, ,,ზოგიერთი ცვლილება იწვევს შეშფოთებას, ზოგი წინარე რეკომენდაცია, რომელთა მიზანია სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა, არ არის ადეკვატურად განხილული, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას’’ თუმცა,ბექა ლილუაშვილის განცხადებაში იგნორირებულია ის წინგადადგმული ნაბიჯები, რომლებსაც პროექტი ითვალისწინებს და რომლებიც თავად საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, წარმოადგენს მისასალმებელ ცვლილებებს. ბექა ლილუაშვილის განცხადებას ფაქტ-მეტრი აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი, ვინაიდან განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, თუმცა ინგნორირებულია ის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც ვენეციის კომისიისა და ეუთო ოდირის დასკვნაშია მოცემული და რომელთა კონტექსტს მიღმა დატოვებითაც განცხადება მცდარ - რეალობისგან განსხვავებულ, შთაბეჭდილებას ტოვებს.