იტვირთება

რეზიუმე: 2012 წელს ასაკობრივი პენსია 110-125 ლარს შეადგენდა (67 წლამდე 110 ლარი, 67 + და ასაკის პენსიონერებისთვის 125 ლარი). ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის სექტემბრიდან, პენსია 150 ლარამდე გაიზარდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2013 წლისთვის პენსიის დაახლოებით ანალოგიური ზრდა წინა ხელისუფლების მიერ პარლამენტში წარდგენილი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტშიც იყო გათვალისწინებული.

პენსიის მოცულობა ასაკობრივი ჯგუფებისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით არის დიფერენცირებული. 2023 წლის იანვრიდან, მინიმალური პენსიის მოცულობა (70 წლამდე პირებისთვის) 295 ლარს შეადგენს. პენსიის მაქსიმალური ოდენობას მაღალმთიან რეგიონში დასახლებული 70+ ასაკის მოსახლეობა იღებს, რაც 438 ლარს შეადგენს. ირაკლი ზარქუა პენსიის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე აპელირებს, რითაც ცდილობს რომ ასაკობრივი პენსიის ოდენობა უფრო შთამბეჭდავად წარმოაჩინოს. ამაზე ოპონენტი პასუხობს, რომ ბაზისური პენსია გაცილებით ნაკლები, 295 ლარია.

„ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ირაკლი ზარქუას განცხადება არის მეტწილად სიმართლე, ხოლო გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

„პალიტრანიუსის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის დაპირისპირების ერთ-ერთი თემა 2012 წელს და დღეს პენსიის ოდენობა იყო. ირაკლი ზარქუას განცხადებით: „2012 წელს პენსია 110 ლარი იყო... დღეს პენსია მაღალმთიან რეგიონში 70 წელს ზემოთ 438 ლარია“. გიორგი ვაშაძის განცხადებით: „2013 წლის ბიუჯეტში პენსია 150-160 ლარი ეწერა... დღეს ბაზისური პენსია 295 ლარია“.ორივე მათგანის შეფასებით, ოპონენტის განცხადება ტყუილია. „ფაქტ-მეტრმა“ მათი განცხადებების სიზუსტე გადაამოწმა.

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ასაკობრივი პენსია 110-125 ლარს შეადგენდა (67 წლამდე პენსიონერებისთვის 110 ლარი, 67 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის 125 ლარი). ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წელს - პენსიის ოდენობა ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის გათანაბრდა, შემდეგ კი - 2013 წლის სექტემბრიდან, პენსია 150 ლარამდე გაიზარდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2013 წლისთვის პენსიის დაახლოებით ანალოგიური ზრდა წინა ხელისუფლების მიერ პარლამენტში წარდგენილი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტშიც იყო გათვალისწინებული. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტით, საპენსიო პაკეტის ოდენობა, რომელიც პენსიასთან ერთად ჯანმრთელობის დაზღვევასაც მოიცავდა, თვეში 100 დოლარს (ეკვივალენტი ლარში) შეადგენდა.

დღეს პენსიის მოცულობა ასაკობრივი ჯგუფებისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით დიფერენცირებულია. 2023 წლის იანვრიდან, 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 35 ლარით გაიზარდა და 295 ლარი შეადგინა, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 65 ლარით გაიზარდა და 365 ლარი გახდა. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები იღებენ საპენსიო დანამატს პენსიის 20%-ის ოდენობით. შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერის პენსია 354 ლარს, 70 წელს ზევით მოსახლეობისთვის კი 438 ლარს შეადგენს.

ირაკლი ზარქუა პენსიის მაქსიმალურ მაჩვენებელზე აპელირებს, მისი ოპონენტი გიორგი ვაშაძე კი პირიქით, პენსიის მინიმალურ მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას. შესაბამისად, ერთი მათგანი ცდილობს, რომ პენსიის რაოდენობა უფრო შთამბეჭდავად წარმოაჩინოს, ხოლო მეორე - პირიქით.

პენსიის თუ სხვა შემოსავლის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, სამომხმარებლო ფასების ზრდა, ანუ ინფლაციის მაჩვენებელი. დროთა განმავლობაში, ინფლაციის გამო, ვალუტის მსყიდველუნარიანობა მცირდება. შესაბამისად, უნდა ვნახოთ, რეალური პენსია. 2012-2022 წლებში, იქიდან გამომდინარე რომ ასაკობრივი ნომინალური პენსია ყოველ წელს არ იზრდებოდა, რიგ წლებში, რეალური პენსია მცირდებოდა. რაც ნიშნავს, რომ პენსიონერს თავისი პენსიით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენა შეეძლო, ვიდრე წინა წელს. ჯამში, 2013-2022 წლებში პენსიის მინიმალური ოდენობა რეალურ მაჩვენებლებში 47.5%-ით არის გაზრდილი. აქვე აღსანიშნავია, რომ 2021-2022 წლებში მიუხედავად იმისა, რომ პენსია გაიზარდა, რეალურ მაჩვენებელში (ანუ პენსიის მსყიდველუნარიანობა) შემცირდა. 2023 წელს პენსიის მოცულობა ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის გაიზარდა, რამდენად რეალურია აღნიშნული ზრდა, ეს ინფლაციის დონეზეა დამოკიდებული.

გრაფიკი 1: მინიმალური პენსიის ოდენობა, ნომინალურ და რეალურ მაჩვენებლებში, 2012-2022 წლებში

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, ავტორის გამოთვლები


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4676 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი