სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა Lasha Modebadze-მ, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, 12 იანვარს პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის გაეროს 2023 წლის სამიტზე საუბრობს. პოსტის მიხედვით, 2023 წლის სექტემბერში გაეროს ეგიდით ჩატარებული სამიტისთვის მომზადდება კანონპროექტები ტყის მასივების, მიწის და წყლის რესურსების ერთობლივი მართვის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ერებსა და ქვეყნებს საკუთრების უფლება ჩამოერთმევათ. რეალურად, მსგავსი კანონპროექტის მომზადებისთვის ცნობები არ არსებობს და სიმართლეს არ შეესაბამება.

2023 წლის 19-20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი დონის კვირის განმავლობაში მდგრადი განვითარების სამიტის (SDG SUMMIT) მოწვევა ნამდვილად არის დაგეგმილი. სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები გაეროს შტაბ-ბინაში გადახედავენ და განიხილავენ მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების 17 მიზნის განხორციელებას.

სამიტზე განიხილავენ მდგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals) ირგვლივ არსებულ მდგომარეობას და დასახავენ იმ ქმედებებს, რომლებმაც 2030 წლისთვის განსაზღვრული მდგრადი განვითარების მიზნებთან დაახლოების პროცესი უნდა უზრუნველყონ.

სამიტზე სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებთან მაღალი დონის შეხვედრებზე წარმოდგენილნი იქნებიან მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორების, სამოქალაქო საზოგადოების, ქალებისა და ახალგაზრდობის ლიდერები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

2023 წლის სამიტი დღის წესრიგის 2030-ის განხორციელების შუა ეტაპს. 2022 წლის ივლისში ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ეგიდით მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურმა ფორუმმა სამიტს მოუწოდა, რომ „აღნიშნოს მდგრადი განვითარების მიზნების დაჩქარებული პროგრესის ახალი ეტაპის დასაწყისი“.

რაც შეეხება უშუალოდ მდგრადი განვითარების მიზნებს, მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) წარმოადგენს ათასწლეულის განვითარების მიზნების ლოგიკურ გაგრძელებას, რომელთა შესრულების პერიოდი 2000-2015 წლების პერიოდს მოიცავდა. 2015 წელს ამ მიზნების შესრულების ვადის დასასრულს კი, გაეროს ათასწლეულის მიზნები უფრო ყოვლისმომცველ-მდგრადი განვითარების მიზნებად გარდაიქმნა.

მდგრადი განვითარების 17 მიზანია:

მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა.

მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის.

მიზანი 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება.

მიზანი 6: წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა.

მიზანი 7: ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

მიზანი 8: სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის.

მიზანი 9: მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა.

მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის.

მიზანი 11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.

მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.

მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება.

მიზანი 14: ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის.

მიზანი 15: ხმელეთის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და ხელშეწყობა, ტყის მდგრადი მართვა, გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დანაკარგების შეჩერება.

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

როგორც მდგრადი განვითარების მიზნებიდან ჩანს სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრასთან, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებასთან და სხვა საკითხებთან ერთად პრიორიტეტულია კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა და ხმელეთისა და ოკეანის ეკოსისტემების დაცვა.

მათ შორის, მაგალითად, მე-15 მიზნის 5 ამოცანაში მითითებულია უნდა მოხდეს:

ბრძოლა გაუდაბნოების წინააღმდეგ, დეგრადირებული მიწისა და ნიადაგის აღდგენა, მათ შორის გაუდაბნოებით, გვალვითა და წყალდიდობებით, და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა მსოფლიოში 2030 წლისთვის,

2030 წლისთვის მთის ეკოსისტემების, მათ შორის ბიომრავალფეროვნების, კონსერვაციის უზრუნველყოფა, რათა გაძლიერდეს მათი შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი სარგებლის მოსატანად,

დაუყოვნებელი და მნიშვნელოვანი (მნიშვნელოვანი) ზომების მიღება ბუნებრივი ჰაბიტატების დეგრადაციის შესამცირებლად, ბიომრავალფეროვნების კარგვის შესაჩერებლად და 2020 წლისთვის გადაშენების საფრთხის წინაშე არსებული სახეობების დაცვა და მათი გადაშენების თავიდან აცილება.

მსგავსად მე-15 მიზნისა, რომელიც ხმელეთის ეკოსისტემების დაცვას მოიაზრებს, არც კლიმატის კონტროლის, არც ოკეანისა და ზღვის რესურსებზე საუბრისას, არსადაა ნახსენები, რომ 2030 წლისთვის გაერო აპირებს, რომ მიწისა და წყლის რესურსებზე მმართველობა და საკუთრება მსოფლიოს მასშტაბით გადაიბაროს და სახელმწიფოებს მათზე უფლება ჩამოართვას.

მსგავსი ცნობა არც თავად 2023 წლის სექტემბერში გამართული სამიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში არ გვხვდება, რომ მზადდება რაიმე სახის კანონპროექტი ტყის მასივების, მიწის და წყლის რესურსების ერთობლივი მართვის შესახებ, რომლითაც ერებსა და ქვეყნებს ამ რესურსებზე საკუთრების უფლება ჩამოერთმევათ და ისინი გაეროს განკარგულებაში გადავა.

უკვე მრავალი წელია, რაც გაეროს განვითარების მიზნები და პროგრამები, მათ შორის „დღის წესრიგი 21“-სა (პროგრამა 21) და „გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამაზე“ (პროგრამა 30), შეთქმულების თეორეტიკოსების მიერ ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ კონსპირაციების შექმნისთვის აქტიურად გამოიყენება. უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიას.

--------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.