2022 წლის დეკემბერში საამომხმარებლო ფასები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8%-ით გაიზარდა, ბოლო 12 თვის საშუალო წლიურმა ინფლაციამ კი, საქსტატის ცნობით 11.9%-ს მიაღწია, რაც თავის მხრივ 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, 2022 წლის დეკემბერში, ფასები წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა.
სხვადასხვა პროდუქციაზე ფასები სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით იზრდება. ინფლაცია ყველა პროდუქტის ფასის ცვლილებას არ ითვალისწინებს. სამომხმარებლო კალათა, რასაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური შეისწავლის, 12 სასაქონლო ჯგუფში შემავალ 305 დასახელების პროდუქტს მოიცავს. ფასები ყოველი თვის 10-დან 20 რიცხვამდე 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი და ზუგდიდი) მოწმდება.
სამომხმარებლო კალათაში თითოეულ ჯგუფს თავისი ხვედრითი წონა აქვს მინიჭებული, რაც გასაშუალოებულ მაჩვენებელს ასახავს და ინდივიადუალურად შესაძლოა მნიშვნელოვანი განსხვავება აღნიშნოს. მაგალითად საკვებისა და უალკოჰოლო სასმელების ხვედრითი წონა 33.1%-ს შეადგენს. სოციალურად დაუცველი ადამიანი საკვებზე თავისი მცირე შემოსავლის უფრო დიდ წილს ხარჯავს, მდიდარი უფრო ნაკლებს. ჯანმრთელობის დაცვის წილი 9.5%-ადაა შეფასებული, ესეც ინდივიდუალურია, რადგან შეიძლება ერთმა ადამიანმა მასზე თვის განმავლობაში 0 ლარი დახარჯოს, ხოლო მეორეს სესხის აღება მოუწიოს. საქსტატის პერსონალური ინფლაციის კალულატორის მიხედვით ინდივიდუალური ინფლაციის შედარებით ზუსტი გამოთვლაა შესაძლებელი.
წლის განმავლობაში სურსათზე ფასების ზრდამ ინფლაციის საშუალო ტემპს გადააჭარბა და 16.3%-ს მიაღწია. მნიშვნელოვნადაა გაძვირებული საცხოვრებლის ხარჯები, ალკოჰოლური სასმელები და სარესტორნო მომსახურება. 12 სასაქონლო ჯგუფიდან კლება სამ მათგანში: ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში, ჯანმრთელობის დაცვასა და კავშირგაბმულობის მიმართულებით დაფიქსირდა.
ცხრილი 1: ინფლაცია სასაქონლო ჯგუფების მიხედვით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
უფრო კონკრეტულად, საკვები პროდუქტებიდან კარტოფილი 47.4%-ით გაძვირდა, ვერმიშელი 24.1%-ით, სულგუნი 22.6%-ით, კარაქი 21.4%-ით, დაფქული ყავა 21.2%-ით, გაყინული ქათმის ხორცი 21.2%-ით, იმერული ყველი 20.6%-ით, პური 18.1%-ით...
ცხრილი 2: წლიური ინფლაცია საკვებ პროდუქტებზე
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საკვების გარდა, ფასების მნიშვნელოვანი ზრდა სხვა კატეგორიებშიც დაფიქსირდა: სანოტარო გადასახდელზე — 95.6%-ით, ბინის დაქირავებაზე 37.4%-ით, საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობაზე 34.5%-ით, სასკოლო სახელმძვანელოზე 29.1%-ით, დიზელის საწვავზე 23.7%-ით, თერაპევტის კონსულტაციაზე 19.2%-ით...
44 დასახელების პროდუქტზე დეკემბერში დეფლაცია, ანუ ფასების კლება დაფიქსირდა. თერმომეტრი 0.24%-ით გაიაფდა, გიტარა 3.1%-ით, ბენზინი 5.8%-ით, სარეცხი მანქანა 9.3%-ით, ტელევიზორი 23.3%-ით. ყველაზე მეტად 45.9%-ით კომბოსტო გაიფდა, ეს უკანასკნელი საბაზისო ეფექტით აიხსნება. 2021 წლის დეკემბერში კომბოსტო 199%-ით გაძვირდა. რადგან რაოდენობრივად უფრო მეტ და უფრო ხშირი მოხმარების პროდუქტზე ფასების ზრდა აღინიშნა, წლიურმა ინფლაციამ მაინც 9.8%-ს მიაღწია.
ინფლაცია ფასები ყველა ქვეყანაში იზრდება, უბრალოდ განვითარებულ ქვეყნებში უფრო დაბალი, 1-3 პროცენტიანი ტემპით. ამ შემთხვევაში 2022 გამონაკლისს წარმოადგენს. პოსტ-პანდემიურ პერიოდს რუსეთ-უკრაინის ომი და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა დაემატა, რამაც თავის მხრივ სხვა პროდუქტებზეც იქონია გავლენა და ინფლაციამ აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ათწლეულების რეკორდი მოხსნა. შეერთებულ შტატებში ინფლაციამ ივნისში 9.1%-ს მიაღწია. წინასწარი მონაცემებით აშშ-ში ინფლაციის საშუალო წლიური განაკვეთი 7.1% იქნება, რაც 41 წლიანი რეკორდია. კიდევ უფრო მეტად - 11.1%-ით გაიზარდა სამომხმარებლო ფასები ევროკავშირში, მათ შორის, ევროზონაში 10.1%-ით. ცალკეულ ქვეყნებში: ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია და უნგრეთი, ნოემბერში წლიურმა ინფლაციის განაკვეთმა 20%-ს გადააჭარბა. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თურქეთშიც და ოქტომბერში ამ მაჩვენებელმა 85%-საც გადააჭარბა, მაგრამ მასზე რუსეთ-უკრაინის ომის გარდა გავლენა სხვა - ქვეყნის შიდა თუ საგარეო პრობლემებმაც მოახდინა.
ინფლაციას „დაფარულ გადასახადსაც“ უწოდებენ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ერთი და იმავე თანხით უფრო ნაკლები პროდუქციისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი ვიდრე წინა წელს. ფასები სისტემატურად იცვლება. პროდუქციის ნაწილი შეიძლება გაიაფდეს, მაგრამ როგორც წესი, ფასების საერთო დონე მაინც მატულობს.
საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ორნიშნა ინფლაციამ შინამეურნეობების ნაწილის რეალური შემოსავალი შეამცირა.
საქსტატის ინფლაციის კალკულატორის მიხედვით პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით (2020 წლის თებერვალი) სამომხმარებლო ფასები 27%-ით გაიზარდა, ეს იმას ნიშნავს რომ იმ პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად რისთვისაც პანდემიამდელ პერიოდში 100 ლარი საკმარისი იყო, დღეს 127 ლარია საჭირო.
ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით (70 წლამდე და 70 წლიდან) 2021-2022 წლებში პენსია ჯამში 40-50 ლარით გაიზარდა, მაგრამ პენსიონერს 2020 წლის დეკემბერში კუთვნილი 220 ლარით უფრო მეტი პროდუქტი და მომსახურება მოსდიოდა ვიდრე 2022 წლის დეკემბერში 260 ლარით, ანალოგიურად მსყივდელუნარიანობით 2020 წლის დეკემბრის 250 ლარი უფრო მეტი იყო ვიდრე 2022 წლის 300 ლარი.
ინფლაციამ 2021-2022 წლებში ხელფასების ზრდის ეფექტიც უგულებელჰყო. 2019 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი 1217 ლარს (საპენსიო შენატანისა და საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შემდეგ 954 ლარი) შეადგენდა, 2022 წლის მესამე კვარტალში - 1595 ლარს (ხელზე ასაღები 1250 ლარი), მაგრამ იმავე საქსტატის კალკულატორის მიხედვით 2019 წლის სექტემბრის 954 ლარი ზუსტად იგივე იყო, რაც 2022 წლის 1250 ლარი, ანუ ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი ბოლო 3 წელიწადში, მართალია, 296 ლარით გაიზარდა, მაგრამ მთლიანი ზრდა ინფლაციამ შთანთქა. 2020-2021 წლებში რეალური ხელფასის კლების შემთხვევებიც დაფიქსირდა.
2022 წელს საჯარო მოხელეებისთვის, ხელფასების 10%-იანი ზრდისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 177 მლნ ლარი გამოიყო. ამ ზრდას, სინამდვილეში, რეალური გავლენა საჯარო მოხელეების ეკონომიკურ კეთილდღობაზე არ ჰქონია, ვინაიდან თუ დეკემბრის თვეში დაფიქსირებულ ინფლაციას გავითვალისწინებთ, ეს ზრდა თითქმის სრულად უგულებელჰყო ლარის მსყიდველუნარიანობის შემცირებამ, ხოლო თუ ინფლაციის წლის საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ, რეალური ხელფასის კლებაც კი ფიქსირდება.
გრაფიკი 2: საშუალო ხელფასის ცვლილების დინამიკა ინფლაციის გათალისწინებით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მთავრობა და ეროვნული ბანკი იმედოვნებდნენ, რომ 20222 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაციის ტემპი შემცირდებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის მთავრობების მოლოდინებიც თავდაყირა დააყენა. ომის გავლენა ფასებს მარტიდან, უფრო მეტად კი - აპრილიდან დაეტყო. ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელი წელსაც 3%-ს შეადგენს. 3%-იან ინფლაციაზეა აგებული სახელმწიფო ბიუჯეტიც, რის მისაღწევად საშუალო წლიური ინფლაცია თითქმის 4-ჯერ უნდა შემცირდეს.