სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია (1, 2, 3, 4), რომლის თანახმადაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მიხეილ სააკაშვილის ცოცხალ წმინდანად შერაცხვას გეგმავს. გავრცელებული მტკიცების მიხედვით, უკრაინის ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტმა მაკარიმ განაცხადა, რომ წმინდა სინოდზე განიხილავენ მიხეილ სააკაშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ეკლესიის წმინდანებად და ერის მფარველებად შერაცხვის წინადადებას. მასალის თანახმად, ამ წინადადებით ეკლესიას ოლექსი არესტოვიჩმა მიმართა.

ღია წყაროებში მიტროპოლიტ მაკარი მალეტიჩის მიერ გაკეთებული იდენტური ან მსგავსი ტიპის განცხადება არ იძებნება. ინფორმაცია არც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა ლეონ გელოვანმა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის განცხადება მიტროპოლიტ მაკარის არ გაუკეთებია და არც სხვა ოფიციალურ გვერდებზე იძებნება. ინფორმაცია გამოგონილია.

ამასთან ერთად, მასალაში მიტროპოლიტი მაკარი უკრაინის ეკლესიის მეთაურად არის წარმოდგენილი. მიტროპოლიტი მაკარი მალეტიჩი 2019 წლამდე იმ ორიდან ერთი ეკლესიის (,,უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია") წინამძღოლი იყო, რომელიც საბოლოოდ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში (ПЦУ) გაერთიანდა. ლეონ გელოვანის თანახმად, უკვე მე-4 წელია, რაც მაკარი ეკლესიის მეთაური აღარ არის და ერთ-ერთი რიგითი ეპისკოპოსია.

ასევე ყალბია სტატიაში არსებული ინფორმაცია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის წმინდანად შერაცხვის წინადადებით უკრაინის ეკლესიას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა მიმართა. მსგავსი შინაარსის სიტყვები არესტოვიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებებში არ იძებნება. არესტოვიჩმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ ბოლო განცხადებაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა, საქართველოს ხელისუფლება ამ ლაქას ვერასდროს ჩამოირეცხავს.

შესაბამისად, ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტი მაკარი მიხეილ სააკაშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ეკლესიის წმინდანებად შერაცხვის წინადადების განხილვას აპირებს და ამ წინადადებით უკრაინის ეკლესიას ოლექსი არესტოვიჩმა მიმართა, მთლიანად გამოგონილია და სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი