„ფაქტ-მეტრი“, პერიოდულად, თვალს ადევნებს აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტების შესრულების ანგარიშებს. მაგალითად, ბოლოს აფხაზეთის ა/რ 2021 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე დავწერეთ. ამჯერად გაგაცნობთ, როგორი იქნება აფხაზეთის 2023 წლის ბიუჯეტი და რა სარგებელს მიიღებენ დევნილები ამ წელს ხელისუფლებისგან, რომელიც, მთელი დევნილობის განმავლობაში, ფაქტობრივად, უცვლელია. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ბიუჯეტის კანონი შევისწავლეთ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასაც გავეცანით.
როგორც დოკუმენტი ცხადყოფს, აფხაზეთის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, შარშანდელთან მიმართებით, გაზრდილია როგორც შემოსულობების, ისე - გადასახდელების ნაწილში. გასული წლის შემოსავლებიც და ხარჯებიც, გეგმის თანახმად, იყო 24 568 643 ლარი. წელს კი ეს პარამეტრები, თითოეული, 3 131 357 ლარით იზრდება. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ფაქტობრივ მონაცემებთან მიმართებით, შემოსავლები - 32%-ით, ხოლო 2022 წელის გეგმურ მაჩვენებელთან მიმართებით, 13%-ითაა გაზრდილი. შარშანწინდელ ფაქტობრივ მაჩვენებელთან შედარებით, ხარჯები - 29%-ით, ხოლო შარშანდელ გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით, 11%-ით იმატებს. აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტის თანმდევ დოკუმენტში სათანადოდ არ არის დასაბუთებული ხარჯების ზრდა, გარდა შრომის ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებული ხარჯებისა.
ცხრილი 1. აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსი
წყარო: აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა
ცხრილი 1 აჩვენებს, რომ 2021 წლის ფაქტობრივ მონაცემებთან მიმართებით, დადებითი საოპერაციო სალდო წარმოიქმნება და ნაკლებია უარყოფითი მთლიანი სალდო. იგივე მოცემულობა გვაქვს 2022 წლის სალდოების გეგმურ მაჩვენებლებთან შედარების შემთხვევაშიც. რაც შეეხება „არაფინანსური აქტივების ცვლილების“ მუხლს, კლება, 2021 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელთან შედარებით, 6 600 ლარია, ხოლო 2022 წლის გეგმურ მაჩვენებელზე 198 600 ლარით ნაკლებია. აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე არანაირი ახსნა-განმარტება წარდგენილი არ არის, რაც დაგეგმილი მაჩვენებლების საფუძვლიანობაზე საკმარის წარმოდგენას არ ქმნის. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ 2023 წლის ბიუჯეტი, ისევე, როგორც წინა პერიოდების ბიუჯეტი, სათანადოდ არ იგეგმება. 2022 წლის ცხრა თვის ფაქტობრივი მონაცემების თანახმად, ბიუჯეტის ანგარიშზე 458 300 ლარი თავისუფალი ნაშთის სახით არსებობდა, რაც დასაგეგმი ბიუჯეტის 1.7%-ია და სრულად გაწერილი არაა. კერძოდ, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ 315 000 ლარის გაწერა დაიგეგმა. უწყება მიიჩნევს, რომ ფინანსური აქტივების კლების შესრულება ნაკლებად სავარაუდოა. მისივე დასკვნით, ძირითადი ნაკლოვანებები პროგრამის/ქვეპროგრამის მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორების შემუშავებისა და მეთოდოლოგიის მიმართულებით ფიქსირდება.
2023 წლის ბიუჯეტის შემოსავლები, ძირითადად, გადასახადებითა და გრანტებით შედგება. გადასახადები მთლიანად საშემოსავლო გადასახადებზე მოდის, ხოლო გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური დახმარებაა.
ცხრილი 2. ბიუჯეტის შემოსავლები კომპონენტების მიხედვით
წყარო: აფხაზეთის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი
საინტერესოა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა გრანტებთან დაკავშირებით. როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, პარამეტრი, დაახლოებით, 2 მლნ ლარით იზრდება. უწყება კი დასკვნაში მიუთითებს, რომ 2022 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული სახსრები (ნაშთი) 943 800 ლარი იყო. პარამეტრი, წლის დასაწყისიდან, არსებითად არ შეცვლილა და 2022 წლის გეგმური მაჩვენებლის (24 569 000 ლარის) 1.9% შეადგინა. ამიტომ, როგორც დასკვნაში წერია, აუცილებელია დეტალური და არგუმენტირებული ახსნა, რითაა განპირობებული „გრანტების“ მუხლით დაგეგმილი მაჩვენებელი, მით უფრო, როცა ნაშთის შემცირება 315 000 ლარით იგეგმება. კერძოდ, შემოსულობების ნაწილი, როგორც აღვნიშნეთ, 27 700 000 ლარით დაიგეგმა, ხოლო გადასახდელების გეგმა 28 015 041 ლარს შეადგენს. შარშანდელთან შედარებით, ზრდა 3 208 448 ლარია.
ასიგნებების გეგმა კი 2022 წელს 25 508 643 ლარი იყო, ხოლო წელს 2 506 398 ლარით მეტს ანუ 28 015 041 ლარს შეადგენს. აღნიშნული 2 506 398 ლარიდან, 1 297 214 ლარით მხოლოდ შრომის ანაზღაურება იზრდება. დანარჩენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს კი, ჯამურად, 1 209 184 ლარი ემატება. საერთოდ, აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტების ასიგნებების მნიშვნელოვანი წილი შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება. კერძოდ, ხელფასების წილი, 2021 წლის ასიგნებების ფაქტობრივ მონაცემთან (21 897 684 ლარი) მიმართებით, 42,2%-ს შეადგენდა, 2021 წლის გეგმურ მონაცემთან მიმართებით - 41.5%-ია, ხოლო 2023 წელს - 42.5%-ს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ „შრომის ანაზღაურების“ მუხლში გათვალისწინებულია მხოლოდ შტატში მომუშავეთა ხელფასები. შტატგარეშეთა ანაზღაურებას კი მოიცავს მუხლი „საქონელი და მომსახურება“, რომელიც, ასევე, გაზრდილი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება დანარჩენ ასიგნებებს, ის ასე ნაწილდება:
ცხრილი 3. აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები
წყარო: აფხაზეთის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ასიგნებების ზრდა, ფაქტობრივად, სამოცდაჩვიდმეტი მომუშავის (შტატში დასაქმებულის) შრომის ანაზღაურებაზე მოდის. რაც შეეხება მთავრობასა და მასთან მომუშავე ორგანიზაციებს, მომუშავეთა რიცხოვნობა, 2021 წლის შემდეგ, რვა ერთეულით შემცირდა და ორმოცდათორმეტს შეადგენს. თუმცა შრომის ანაზღაურება გაზრდილია. კერძოდ, შტატებში დასაქმებულებმა 2021 წელს, ხელფასის სახით, 1 327 555 ლარი მიიღეს, რაც მთავრობასა და მისი ორგანიზაციების ჯამური ასიგნებების 50.7% იყო; 2022 წლის გეგმის მიხედვით, შესაბამისად, 1 510 080 ლარი და 50%-ია, ხოლო 2023 წლის ბიუჯეტის გეგმით, 1 662 540 ლარს ანუ ასიგნებების 51.6%-ს შეადგენს.
აფხაზეთიდან დევნილებისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ცხრილი 4. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება
წყარო: აფხაზეთის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა ამბულატორიული მომსახურების პროგრამა ცხრამეტ ქვეპროგრამას მოიცავს, აქედან ორი: ენდოსკოპიური გამოკვლევები და ოფთალმოლოგიური პროფილის პათოლოგიათა ამბულატორიული ოპერაციული მკურნალობა წელს არ ფინანსდება, თუმცა, ემატება რვა ახალი ქვეპროგრამაა: ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა დიაგნოსტიკა; სისხლის მიმოქცევის დაავადებათა სკრინინგი; რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა; ბავშვთა და ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის ხელშეწყობა; ბიოფსია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები; მრავალპროფილური სკრინინგული კვლევა; ონკოპაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობა; ბავშვთა აბილიტაცია; პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიული გამოკვლევა.
საინტერესოა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატისა და მასთან არსებული ორგანიზაციების პროგრამები/ქვეპროგრამები.
ცხრილი 5. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატისა და მასთან არსებული ორგანიზაციების პროგრამები/ქვეპროგრამების დაფინანსება
წყარო: აფხაზეთის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ პროგრამა „სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“, თავისი შინაარსითა და მეთოდოლოგიით, შესაძლებელია, ქვეპროგრამას მივაკუთვნოთ. ფაქტ-მეტრი ორივე პროგრამის: „სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება და მართვა“ და „სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“ შესახებ დეტალურ ინფორმაციას შესაბამისი უწყებიდან გამოითხოვს და მიღებულ პასუხს აუცილებლად გაგაცნობთ.