სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა (სას) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული, 2021 წელს ჩატარებული, აუდიტების შედეგებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა.
სას-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულმა აუდიტის დეპარტამენტმა 2021 წელს შეადგინა ერთი ფინანსური და ორი შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომლებმაც, ჯამში, 21,140 ათასი ლარი მოიცვა. მათ შორის, ფინანსური აუდიტებით დაფარვა 19.2 მლნ ლარს შეადგენს. გამოვლენილი დარღვევების თანხობრივი მოცულობა 1,870 ათასი ლარია. აქედან 1,121 ათასი ლარი აუდიტის ობიექტმა არასწორად აღრიცხა, ხოლო არარაციონალურად, არაეკონომიურად 749 000 ლარი განკარგა. ირკვევა, რომ, ეფექტიანი მენეჯმენტის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა 1,837 ათასი ლარის დაზოგვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ წინა წლის მონაცემებთან შედარებით, დარღვევების თანხობრივი მოცულობა 333 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო არარაციონალურად, არაეკონომიურად განკარგული თანხის რაოდენობა - 620 ათასი ლარით.
ინფორმაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აფხაზეთის ა/რ სამინისტროების, სხვადასხვა ორგანიზაციისთვის (სსიპ-ები) და წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისთვის გადაცემული ქონების გამოყენების საკითხებს. სას-ი წერს, რომ ნაკლოვანებებზე, რომლებიც 2021 წლის აუდიტის დროს დაფიქსირდა, წინა წლებშიც მიუთითებდა, თუმცა ისინი სრულად არ გამოსწორებულა. ხშირია სახელმწიფო ქონების უკანონოდ გამოყენების ფაქტები. ეს ნიშნავს, რომ სახეზეა სახელმწიფო ქონების არამიზნობრივად და არაეფექტიანად გამოყენება. კერძოდ: აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სარგებლობის უფლებით გადაცემული შენობა-ნაგებობების ფართებზე, ყოველგვარი სამართლებრივი (კანონიერი) საფუძვლის გარეშე, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის დადგენილი წესის მოთხოვნათა შეუსაბამოდ, აუდიტის პერიოდში განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა სამინისტროს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ორგანიზაციები: დაბა წყნეთში არსებულ შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართი 599 კვ. მ) - შპს „დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი „ცხუმი“; ქ. წყალტუბოში, 26 მაისის ქ. №17-ში არსებულ შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართი 750 კვ. მ) - შპს „იგპ წყალტუბოს პოლიკლინიკა“; ქ. ხობში 100 კვ. მ ფართზე - შპს „აფხაზეთიდან იგპ ხობის პოლიკლინიკა“; ქ. თბილისში, კალოუბნის ქ. №16-ში - შპს „დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთი“.
ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში კი 4,200 კვ. მ მიწის ნაკვეთითა და მასზე მდებარე 78,487 ლარის საბალანსო ღირებულების შენობა-ნაგებობით, რომელიც აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროგრამებისა და პროექტების სააგენტოს ბალანსზე სარგებლობის უფლებით ერიცხებოდა, არაუფლებამოსილი ფიზიკური პირი სარგებლობდა. მას აღნიშნულ ფართზე დაფნის საშრობი ჰქონდა მოწყობილი.
მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა სსიპ პროგრამების სააგენტოს საქმიანობაში. ათი პროგრამიდან, რომლებსაც სააგენტო ახორციელებს, ოთხი, ფაქტობრივად, არ შესრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებები გაიწერა და საბიუჯეტო სახსრები გაიხარჯა, საბოლოო დაგეგმილი შედეგი მიღწეული არაა. კერძოდ: ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში მდებარე მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი იყო ლურჯი მოცვის დარგვა და მიღებული მოსავლის რეალიზაცია. თუმცა მხოლოდ მიწის შემოღობვის სამუშაოები განხორციელდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თაღლითობა-მითვისების მუხლით, მათ შორის, მოცვთან დაკავშირებით, დაკავებულია სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ასევე დააკავეს აფხაზეთის ა/რ სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც შპს „მედერის“ დირექტორიც იყო. მას ბრალი მოცვის საკითხთან დაკავშირებით თანხების მითვისებაში წარედგინა.
არ განხორციელდა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურში მდებარე მიწის ნაკვეთზე დაფნის ფოთლის გადამამუშავებელი საამქრო უნდა მოწყობილიყო. ერთადერთი, რაც გაკეთდა, იყო ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია. სწორედ ამ ქონებას იყენებს ზემოთ ნახსენები არაუფლებამოსილი პირი დაფნის საშრობ ფართად. დაფნის ნერგები კი განადგურდა.
აუდიტორებმა დაადგინეს, რომ საბიუჯეტო სახსრები დახარჯულია, შესაბამისი დოკუმენტაციაც გაფორმდა, თუმცა ბენეფიციარებს მომსახურება არ მიუღიათ კიდევ ერთი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ზუგდიდსა და წალენჯიხაში მცხოვრები დევნილების სათბურების რეაბილიტაციასა და შემდგომი მომსახურების მიწოდებას ითვალისწინებდა. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია უკვე გადაგზავნილია გენერალურ პროკურატურაში, შემდგომი რეაგირების მიზნით.
შედეგად, სსიპ პროგრამების სააგენტოს მიერ 2019-2020 წლებში არამიზნობრივად, ჯამში, 252,643 ლარის საბიუჯეტო სახსრები გაიხარჯა.
სსიპ პროგრამების სააგენტოში ფინანსური აუდიტით გამოვლინდა ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც: დაგეგმილი პროგრამების განხორციელების მიზნით, სააგენტოს სს „რუსთავის აზოტისგან“ უსასყიდლოდ გადაეცა 23,954 ლარის ღირებულების 41 ტონა სასუქი. აუდიტორებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, სასუქი სრულად მოხმარდა 18 ჰექტარზე დათესილი სიმინდის განოყიერებას. თუმცა სააგენტომ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარადგინა. აუდიტი წერს, რომ, დადგენილი ნორმით, აღნიშნული სასუქი 1 ჰა მიწაზე საშუალოდ, 300-500 კგ-ის ოდენობით იხარჯება. 41 ტონა სასუქით, მინიმუმ, 82 ჰა მიწის განოყიერება იყო შესაძლებელი. სააგენტოს განმარტებით, სასუქი იყო მეორეული ამონიუმის გვარჯილა და მასში აზოტის გვარჯილის დაბალი შემცველობის გამო, მეტი დაიხარჯა, კერძოდ, 1 ჰექტარზე 1,5-2 ტონა, რაც ნორმას 200-300%-ით აღემატება. „რუსთავის აზოტის“ ინფორმაციით, მეორეული ამონიუმის გვარჯილის გადახარჯვა, უმაღლესი ხარისხის სასუქთან შედარებით, 1 ტონაზე მხოლოდ 17 კგ-ს (1.7%) შეადგენს. რაც შეეხება მოსავალს, სააგენტომ 172,424 ლარის დანახარჯით მიღებული 40 ტონა სიმინდი 12,000 ლარად შეაფასა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო რესურსები არამიზნობრივად გაიხარჯა და ამასთანავე, ხარჯი არაეფექტიანი იყო. ამ გარემოების შესახებ ინფორმაცია გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნა.
აუდიტორებმა მთელი რიგი ნაკლოვანებები აღმოაჩინეს შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდისა და ხელშეკრულებით (შტატგარეშე) მოსამსახურეების დაქირავების მიმართულებითაც. კერძოდ: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით (საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“, მუხლი 34, პუნქტები: 1 და 3), 2018-2020 საბიუჯეტო წლებში დაუშვებელი იყო საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ფონდის გაზრდა 2018 წლის შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით, გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მიუხედავად ამისა, გაირკვა, რომ 2020 წელს, შრომის ანაზღაურების ხარჯები, თითქმის ყველა მხარჯავ დაწესებულებაში, ჯამში 495.7 ათასი ლარით, კანონის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, გაიზარდა.
ამავე კანონით, დაუშვებელია, რომ პოლიტიკური პირის თანამდებობრივი სარგო დადგინდეს ამ თანამდებობის პირისთვის 2017 წელს გაცემულ საშუალო თვიურ შრომის ანაზღაურებაზე მეტი ოდენობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვის პროცესში, აღნიშნული ცვლილებები მიიღება. აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური თანამდებობის პირებზე კი 2020 წელს ხელფასების საშუალოდ 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა. შესაბამისად, 2020 წლის 10 თვის განმავლობაში, ჯამში, 199.3 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრები კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ გაიხარჯა. აღნიშნული გარემოება მთავრობის აპარატში პოლიტიკურ თანამდებობის პირთან მიმართებითაც გამოიკვეთა. რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულებს, ისინი არა - დროებით, არამედ ხანგრძლივი პერიოდით ასრულებდნენ მუდმივი ხასიათის სამუშაოებს. თუმცა რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც კონკრეტული სამუშაოს შედეგის შესახებ ანგარიშს ან რაიმე ინფორმაციას შეიცავს, აუდიტორებისთვის, უმეტეს შემთხვევაში, არ წარუდგენიათ. აღნიშნული ფაქტები აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში, აფხაზეთის ა/რ მთავრობაში, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და კულტურის, ფინანსთა და ეკონომიკის, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროებში დაფიქსირდა.
აუდიტის ობიექტის საქმიანობის შესწავლისას გაირკვა, რომ დარღვევები სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებითაც არსებობდა. საუბარია სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვისა და კანონმდებლობის სხვადასხვა მოთხოვნის შესრულებაში არსებულ ხარვეზებზე. სას-ი მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით ნაკლოვანებები დაფიქსირდა აფხაზეთის განათლების, აფხაზეთის დევნილთა, აფხაზეთის ჯანდაცვისა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში.