ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ის ეთერში გადაცემა „დღის შეჯამება“ ნიკოლოზ მჟავანაძესთან დეზინფორმაციული მტკიცებები გაჟღერდა.

კონკრეტულად, გადაცემის სტუმარმა „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გია კერესელიძემ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის კონტექსტში განაცხადა: „ხმას არ იღებენ ბელარუსის წინააღმდეგ, არაფერს ეუბნებიან აზერბაიჯანს, თურქეთს, ხმას არ იღებენ საერთოდ ისრაელმა საერთოდ ერთი ცალი იარაღი, არც ჩაფხუტი, და საერთოდ არაფერი, პამპერსიც კი არ გაუგზავნა [უკრაინას], აი როგორც ჩვენ რო გამოგვიგზავნეს პამპერსი და აღშფოთება აშშ-მა 2008 წლის ომის დროს. ისრაელმა ამ ხალხს საერთოდ არანაირი დახმარება არ გაუგზავნა და ისრაელზე ხმას არ იღებს არავინ, მაგრამ საქართველო დაბალი ღობე ნახეს“.

კერესელიძის აღნიშნული განცხადება ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, როგორც უკრაინაში ისრაელის მიერ დახმარების გაგზავნის, ისე 2008 წელს აშშ-ის მიერ საქართველოში გამოგზავნილი დახმარების შესახებ.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ისრაელი უკრაინას ათეულობით მილიონის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთით დაეხმარა. ისრაელი ერთ-ერთი უმსხვილესი შემომწირველია უკრაინაში სამედიცინო აღჭურვილობისა და გადაუდებელი საჭიროებების მქონე პაციენტების მკურნალობის კუთხით.

უკრაინაში ისრაელის ელჩის, მაიკლ ბროდსკის განცხადებით, „ისრაელმა ასობით ათასი ტონა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში, მედიკამენტები, საკვები, სასმელი წყალი, გენერატორები, გამამტკნარებელი საწარმოს აგრეგატები, საველე ჰოსპიტლები. მაგალითისთვის ლვოვში დამონტაჟებული საველე ჰოსპიტალი, რომელშიც ისრაელიდან ჩასული ექიმები მუშაობდნენ, 6000-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა.“ ამას გარდა, ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ „ათობით პაციენტი გადაყვანილი იქნა ისრაელში სამკურნალოდ. ესენი არიან ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები, ასევე პაციენტები, რომლებიც ისრაელის მოწყობილ საველე ჰოსპიტლებში იმყოფებოდნენ და მათი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყდა მათი ისრაელში სამკურნალოდ გადაყვანა“.

ბროდსკის განცხადებით „ისრაელი აქტიურად დაეხმარება უკრაინას ჯანდაცვის სექტორში ომის დასრულების შემდეგაც. საჭირო იქნება ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის აღდგენა და ისრაელი დაეხმარება უკრაინას შექმნას თანამედროვე სტანდარტების ახალი ჯანდაცვის სისტემა“.

ისრაელმა უკრაინას მიაწოდა არალეტალური სამხედრო დახმარება. 2022 წლის აპრილში ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის არმიას ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები გაუგზავნა, კონკრეტულად კი 2,000 ჩაფხუტი, 1,500 ჯავშანჟილეტი, ასობით გამნაღმველების სპეციალური ეკიპირება, 1,000 აირწინაღი, ათობით CBRN (ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული) ფილტრი.

ისრაელის უმსხვილესი ჰუმანიტარული ორგანიზაციები ომის დაწყებიდან აქტიურად მუშაობენ უკრაინაში სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია IsraAID, NATAN Worldwide Disaster Relief, SmartAID, United Hatzalah და Dream Doctors.

IsraAID-ი იყო ერთ-ერთი პირველი უცხოური ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც გათავისუფლებულ ხერსონში შევიდა და დაიწყო ოპერირება. IsraAID-მა უზრუნველყო სამი საქალაქო სამედიცინო დაწესებულების აღჭურვა ხერსონში (ჯამში 2 მილიონ დოლარზე მეტი კონტრიბუცია).

ომის დაწყებიდან 500,000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი გადავიდა მოლდოვის რესპუბლიკაში, საიდანაც 100,000-ზე მეტი ამ დრომდე ვერ დაბრუნდა უკრაინაში. IsraAID-ს ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 5 საზოგადოებრივი ცენტრის აქვს გახსნილი მოლდოვის ტერიტორიაზე, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს ძირითადი საჭიროებებით უზრუნველყოფენ. ამას გარდა IsraAID-ს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრები აქვს გახსნილი ოდესაში და კიევში, ომით დაზარალებული ადამიენებისთვის. ამას გარდა, ისრაელის საელჩოსთან ერთად მიკოლაევში IsraAID-ი უზრუნველყოფს სასმელი წყლის მიწოდებას მოსახლეობისთვის (წყლის მომარაგების სისტემა დაზიანდა საომარი მოქმედებების შედეგად).

IsraAID-მა ასევე შექმნა ლოჯისტიკური ჰაბი ტულკეაში, რუმინეთში, საიდანაც 30 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების შეტანა მოხერხდა უკრაინის მანამდე მიუწვდომელ რეგიონებში.

კიდევ ერთმა ებრაულმა ორგანიზაციამ, SmartAID-მა, მოაწყო ე.წ. სმარტ სკოლები უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის პოლონეთში და დაეხმარა უკრაინულ საავადმყოფოებს და კლინიკებს მზის სადგურები მოწყობაში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის პირობებში. SmartAID-მა ასევე უზრუნველყოფს 15 ტელემედიცინის ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომლებიც ისრაელიდან ონლაინ კონსულტაციას უწევენ უკრაინელ პაციენტებს და ეხმარებიან მათ უკრაინელ კოლეგებს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებაში.

ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ United Hatzalah 30,000-ზე მეტ ლტოლვილს გაუწია სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ჰუმანიტარული დახმარება მოლდოვა უკრაინის საზღვარზე. ასევე 3,000-ზე მეტი ლტოლვილის ჩარტერული რეისებით გადაყვანა უზრუნველყო ისრაელში.

NATAN Worldwide Disaster Relief-მა (ებრაული ჰუმანიტარული ორგანიზაცია) უკრაინაში მიავლინა ექიმების, მედდების, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, ფარმაცისტების და სამედიცინო გამრთობების (მუშაობენ ბავშვების განწყობის გაუმჯობესებაზე რთულ სიტუაციებში) 11 დელეგაცია.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ისრაელი თავს იკავებს უკრაინას გადასცეს ლეტალური შეიარაღება და თანამედროვე, მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები. დასავლური ინსტიტუტებისა და ექსპერტების, მათ შორის ისრაელის ყოფილი სამთავრობო კაბინეტის წევრებისა და მაღალი რანგის სამხედროების შეფასებით, ამის ძირითადი მიზეზია რუსეთსა და ისრაელს შორის სირიაში არსებული შეთანხმება, რომელიც ისრაელს თავისუფლებას აძლევს მიიტანოს იერიში ირანის მხარდაჭერილ ძალებზე და ობიექტებზე რუსეთის მიერ კონტროლირებად ზონებში.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ისრაელის ელჩმა უკრაინაში, მაიკლ ბროდსკიმ, რომელმაც განაცხადა: „უსაფრთხოების გამოწვევები ისრაელისთვის, ისრაელის ჯარისკაცებისა და მოქალაქეების სიცოცხლის რისკი, ძალიან მაღალია, ჩვენ, პირველ რიგში, გვიწევს ფიქრი საკუთარ უსაფრთხოებასა და მოქალაქეებზე და ჩვენ იძულებული ვართ გამოვიჩინოთ სიფრთხილე“.

გარდა ამისა, რუსეთი ღიად დაემუქრა ისრაელს, რომ უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების ან საჰაერო თავდაცვის მიწოდების შემთხვევაში პრობლემებს შეუქმნიდა ისრაელს რუსეთში და მის მოკავშირე სახელმწიფოებში მცხოვრებ ებრაელ ემიგრანტებთან ურთიერთობაში და დაუხურავდა ებრაულ სააგენტოებს. ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის ერთ-ერთი სამხედრო შეიარაღების მწარმოებელი კომპანია, უკრაინას პოლონეთის გავლით აწვდიდა დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიას და ამაზე ისრაელის მთავრობა თვალს ხუჭავდა.

მიუხედავად ამისა, ნოემბრის თვეში, ისრაელი დასთანხმდა NATO-ს მიეწოდებინა უკრაინისთვის ისეთი შეიარაღება, რომლებიც შეიცავენ ისრაელში დამზადებულ კომპონენტებს, რაც ასევე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია უკრაინის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად.

შესაბამისად, განცხადება, რომ ისრაელი უკრაინას „ერთი ჩაფხუტითაც, და საერთოდ არაფრით არ დახმარებია“, ფაქტობრივად მცდარი და დაუსაბუთებელია.

ასევე სიმართლეს არ შეესაბამება, გია კერესელიძის გადაცემაში გაკეთებული კიდევ ერთი განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ აშშ-მა 2008 წელს საქართველოს „პამპერსები და აღშფოთება“ გამოუგზავნა.

2008 წელს, საქართველოში რუსეთის შემოჭრის და სამხედრო აგრესიის შემდეგ, აშშ-მა მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოსთვის გაწეული დახმარება. ომის დაწყებისთანავე აშშ-მა გამოაგზავნა 38 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება ამერიკული სამხედრო გემებისა და საჰაერო გადაზიდვების საშუალებით. რამდენიმე კვირაში კი (2008 წლის სექტემბერში) აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამოეყო მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება ომით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. 2008-2009 ფისკალურ წელში საქართველომ 1.4 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო აშშ-ისგან, საიდანაც ნაწილი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება იყო (250 მილიონი დოლარი).

აღსანიშნავია, ისიც რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმღებია მთელს მსოფლიოში (პირველი ევროპასა და აზიაში).

საქართველოსთვის გამოყოფილი აშშ-ის დახმარების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.