12 დეკემბერს „ალტ-ინფოს“ ეთერში გადაცემა „დღის კომენტარი 12:30-ზე“ წამყვანებმა მარიკა კუბლაშვილმა და ჯაბა ჟვანიამ სერბეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

მარიკა კუბლაშვილმა სერბეთში არსებული დაძაბული ვითარება ევროკავშირისკენ სწრაფვას დაუკავშირა. მისი თქმით, ევროკავშირი კანდიდატობის მსურველებსა და კანდიდატ წევრებზე ზეწოლას ახორციელებს, რაც საქართველოს შემთხვევაში შესაძლოა სამხედრო საფრთხედ იქცეს. კერძოდ, კუბლაშვილმა დეკემბრის დასაწყისში სერბეთსა და კოსოვოს შორის არეულობა და ვითარების დაძაბვა სერბეთის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ბრალია - „წუთი-წუთზე დაიწყება საომარი მდგომარეობა, ვუჩიჩმა მიმართა ისევ ნატოს და სთხოვა კონტიგენტის განლაგება იმისთვის, რომ მშვიდობა იქნას შენარჩუნებული რეგიონში. ჩრდ.კოსოვოში ისმოდა წუხელ სროლის ხმა. მოკლედ, უკიდურესად იძაბება ვითარება და ეს ყველაფერი მოჰყვა, როგორც ამას ანალიტიკოსები ამბობენ, სერბეთის სწრაფვას ევროკავშირში და ამ სწრაფვისთვის იმ ბერკეტების ამოქმედებას და ზეწოლას, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს კანდიდატობის მსურველ ქვეყნებზე“. სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით, კუბლაშვილი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებით და ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებით, სერბეთის მსგავსად, პირდაპირ სამხედრო საფრთხის პირისპირ აღმოჩნდება.

რეალურად, სერბეთსა და კოსოვოს შორის არსებული დაძაბულობა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსთან კავშირში არ არის. სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია 2012 წლიდან, ხოლო კოსოვომ 2022 წლის 14 დეკემბერს გააგზავნა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი.

სინამდვილეში, სერბეთსა და კოსოვოს შორის არსებული დაძაბულობა თითქმის უკვე ორი წელია გრძელდება მანქანის სანომრე ნიშნების კანონის გამო, რაც მიმდინარე წლის დეკემბერში უფრო გამწვავდა. კოსოვოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სერბებით დასახლებულ ტერიტორიებზე სერბეთის მეირ გაცემული მანქანის სანომრე ნიშნები კოსოვოს სანომრე ნიშნებით შეეცვალათ. თუმცა, სერბული უმცირესობებით დასახლებულ არეალში 50 000-მდე ადამიანმა უარი განაცხადა ნიშნების შეცვლაზე, რადგან ისინი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ. სერბეთი მხარს კოსოვოში მცხოვრებ სერბულ უმცირესობას უჭერს, რომელიც პრიშტინას ხელისუფლებას არ აღიარებს და თავს მაინც სერბეთის ნაწილად მიიჩნევს.

კოსოვოს სერბი მძღოლების დაჯარიმება ჯერ კიდევ 22 ნოემბერს უნდა დაეწყო, მას შემდეგ, რაც სერბეთთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. თუმცა, აშშ-ის თხოვნის საფუძველზე, პროცესის დაწყება 2 დღით გადადეს. 24 ნოემბრიდან პროცესის დაწყება გულისხმობდა იმას, რომ კოსოვოს 10 000-მდე სერბის დაჯარიმება მოუწევდა. თუმცა, ევროკავშირის შუამავლობით, კოსოვომ და სერბეთმა მანქანის სანომრე ნიშნებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე, რომელზეც დასავლეთში შიშობდნენ, რომ, შესაძლოა, დაპირისპირება მოჰყოლოდა, შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა: „შეთანხმებას მივაღწიეთ! მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ კოსოვოსა და სერბეთის წარმომადგენლები, ევროკავშირის შუამავლობით, შეთანხმდნენ ზომებზე, რათა თავიდან აიცილონ მეტი ესკალაცია და სრულად იყვნენ კონცენტრირებული მათი ურთიერთობის ნორმალიზაციაზე". ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი შეწყვეტდა საკუთარი სანომრე ნიშნების გაცემას, ხოლო კოსოვო მანქანების თავიდან რეგისტრაციის პროცესს შეწყვეტდა.

თუმცა, ვითარების მომდევნო დაძაბვა 10 დეკემბერს ჩრდილოეთ კოსოვოში ყოფილი სერბი პოლიციელის, დეიან პანტიჩის, დაკავებამ გამოიწვია. კოსოვოს ხელისუფლებამ მას ბრალი დასდო ძალადობაში იმ მოხელეების მიმართ, რომლებიც ჩრდილოეთ კოსოვოს ადგილობრივი ორგანოების არჩევნებს ამზადებდნენ. არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ მოხდა, რაც კოსოვოს ხელისუფლების ორგანოები 600-მდე სერბმა დატოვა კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე პროტესტის ნიშნად, რომელიც ავტომობილების სერბული სანომრე ნიშნებს არ აღიარებდა.

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ადგილობრივმა სერბებმა გზები გადაკეტეს და ჩახერგეს. აღნიშნულს თან ერთოდა ისიც, რომ კოსოვოს პოლიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ უცნობმა პირებმა ღამით რამდენჯერმე გაუხსნეს ცეცხლი. ამ დაძაბულობის ფონზე, ჩრდილოეთ კოსოვოში იგზავნებოდა ძირითადად ეთნიკური ალბანელებით შემდგარი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები, რაც კიდევ დამატებითი პროტესტის საგანი გახდა ადგილობრივი სერბების მხრიდან.

მნიშვნელოვანია, რომ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა კოსოვოში განლაგებულ NATO-ს სამშვიდობო კონტინგენტს მოუწოდა ჩრდილოეთ კოსოვოში სერბი სამხედროებისა და პოლიციელების შეყვანისთვის მხარი დაეჭირა. თუმცა, მისივე თქმით, სავარაუდოდ, ეს მოთხოვნა უარყოფილი იქნებოდა.

ცნობისათვის, ძირითადად ეთნიკურად ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის ავტონომიურ ოლქს წარმოადგენდა, 2008 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იუგოსლავიის დაშლის შემდგომ, რაც კოსოვომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის მოპოვება სცადა, სერბეთმა ეთნიკური ალბანელების წინააღმდეგ სასტიკი მოპყრობა დაიწყო. სერბეთმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა. სერბეთის ჯარები გაიყვანეს ნატოს მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შემდეგ, რის მიზნადაც გენოციდისგან კოსოვოს ალბანელი მოსახლეობის გადარჩენა დასახელდა.

დღეისათვის კოსოვოში NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი ძალები (KFOR) 3762 მშვიდობისმყოფელის სახით კვლავ არის წარმოდგენილი. ამასთან, კოსოვოს დამოუკიდებლობას 99 სახელმწიფო (აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, და 22 ევროკავშირის წევრი ქვეყნის ჩათვლით) აღიარებს, ხოლო რუსეთი და ჩინეთი მის გაეროში წევრობასაც ბლოკავენ.

ამდენად, სერბეთსა და კოსოვოს შორის არსებული დაძაბულობის მიზეზს სერბეთის ევროკავშირის გაწევრიანების კანდიდატობის სტატუსთან არ აქვს კავშირი. მეტიც, ევროკავშირი არათუ კოსოვოსა და სერბეთს შორის დაპირისპირების წამქეზებლის, არამედ მათ შორის სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მედიატორის როლს თამაშობს.

რაც შეეხება იმავე გადაცემაში, ჯაბა ჟვანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „წელს განსაკუთრებით დემონსტრაციულად ჩაატარეს ბელგრადში გარყვნილების აღლუმი, გეი პარადი და ხალხი, 1000-ობით ადამიანი იყო ამის წინააღმდეგ გამოსული, სასტიკად დაარბიეს, სისხლში ჩაახშეს“, სიმართლეს არ შეესაბამება.

პრაიდი ბელგრადში ყოველწლიურად იმართება, თუმცა წელს, პრაიდს უნდა დაესრულებინა „ევროპრაიდის კვირეული“, რომელიც პანევროპულ დონეზე ხელს უწყობს ლგბტ პირთა უფლებების დაცვასა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება. ღონისძიება 18 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ამავე წლის აგვისტოში სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა პრაიდის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ქვეყანაში ლგბტ+ წარმომადგენელთა უფლებათა დაცვის მხრივ ნამდვილად არსებობდა პრობლემები, თუმცა, ამავდროულად, პრეზიდენტმა მთავრობაზე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან ზეწოლაც აღნიშნა.

პრეზიდენტის განცხადებას მალევე საპასუხო განცხადებით ევროპული პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტი გამოეხმაურა, კრისტინე გარინა და განცხადებაში აღნიშნა, რომ ვუჩიჩის გადაწყვეტილების მიუხედავად, პრაიდი არ გაუქმდებოდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ სერბეთის ღიად ჰომოსექსუალი პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩმა პირობა დადო, რომ ბელგრადში პრაიდს პოლიციელები დაიცავდნენ.

პრაიდის გამართვამდე, რადიკალური ჯგუფების გაღიზიანებისა და მუქარის ფონზე, სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარშის ჩატარება „უსაფრთხოების გამო“ აკრძალა, თუმცა, ის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე მაინც ჩატარდა, თუმცა შეცვლილი და შემცირებული მარშრუტით.

ანტიპრაიდის მომიტინგეების მიერ არეულობის გამოწვევის მცდელობების მიუხედავად, აღლუმმა სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. თუმცა, დაფიქსირდა რამდენიმე მცირე შეტაკება, ანტიპრაიდის დემონტრანტებსა და პოლიციელებს შორის. დემონსტრანტები პოლიციელებს სხვადასხვა სახის ასაფეთქებელს, ბოთლებს ესროდნენ და იმ კორდონების გარღვევას ცდილობდნენ, რომლებიც პოლიციელებმა პრაიდის მონაწილეების დასაცავად აღმართეს. შედეგად, 17 სექტემბერს დაახლოებით 64 ადამიანი დააკავეს, რომელთა უმრავლესობას მემარჯვენე აქტივისტები წარმოადგენდნენ. ოქტომბრის თვეში, ევროპრაიდის დროს პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების გამო 21 პირია დაკავებული.

ბელგრადში გამართულ პრაიდში მონაწილეობას იღებდნენ სერბეთში მოქმედი უცხოელი დიპლომატები. მანამდე 20-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დიპლომატებმა სერბეთის მთავრობას პრაიდის ჩატარებაზე აკრძალვის გაუქმების თხოვნით მიმართეს.

ამდენად, ჟვანიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს სერბეთში ათასობით ადამიანი სისხლში ჩაახშვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.