ირაკლი კობახიძე: 2012 წელს 1 მლნ 150 ათასი ადამიანი იყო სიღარიბეში, ახლა არის 450 ათასზე ქვემოთ, ანუ 700 ათასია კლება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 17.5%, მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, დაახლოებით 645.5 ათასი ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2012 წელს ეს რიცხვი 1,115.5 ათასი იყო. ამრიგად, ამ პერიოდში უკიდურეს სიღარიბეს ჯამში 470 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი. ამასთან, ბოლო 2021 წლის მონაცემებით, სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი შემცირდა, როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდე პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსახლეობის მაღალი წილი უკიდურეს სიღარიბეს სოციალური შემწეობებით აღწევს თავს. ეს კატეგორია კვლავ რჩება მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში ან გაღარიბების მაღალი რისკის ქვეშ.
ირაკლი კობახიძის განცხადების კონტექსტი, რომ სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება, სიმართლეს შეესაბამება, თუმცა მის მიერ დასახელებული რიცხვები არ არის ზუსტი და გადაჭარბებულია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ნახევრად სიმართლედ.
ანალიზი
21 დეკემბერს, გადაცემაში „ღამის კურიერი“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან სიღარიბის მაჩვენებლით სპეკულირება ხდება, რეალურად კი ქვეყანაში სიღარიბის დონე მცირდება. „2012 წელს 1 მლნ 150 ათასი ადამიანი იყო სიღარიბეში, ახლა არის 450 ათასზე ქვემოთ, ანუ 700 ათასია კლება. მაგრამ როდესაც 400 ათასზე მეტი გყავს სიღარიბეში სპეკულირება მარტივია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 17.5%, მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, დაახლოებით 645.5 ათასი ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს [1] ქვემოთ ცხოვრობს. 2012 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე 12.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ პერიოდში უკიდურეს სიღარიბეს თავი ჯამში 470 ათასმა ადამიანმა დააღწია.
რაც შეეხება ტენდენციას ის არაერთგვაროვანია. 2013-2015 წლებში აბსოლუტური სიღარიბე ყოველწლიურად მცირდებოდა, 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით გაიზარდა, ხოლო 2017 წელს სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი კვლავ შემცირდა. 2020 წელს აბსოლუტური სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო გამოწვეული. 2021 წელს კი სიღარიბის დონე მკვეთრად შემცირდა.
როდესაც სიღარიბის მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მაღალი წილი ძალზედ მოწყვლადია და სიღარიბის ზღვართანაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც მოცემულ მომენტში არ არის უკიდურეს სიღარიბეში, გაღარიბების რისკის ქვეშ დგას. რაც ნათლად გამოჩნდა პანდემიურ პერიოდში, 2020 წელს, მხოლოდ ერთ წელიწადში, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი 1.8 პროცენტული პუნქტით (69 ათასზე მეტი ადამიანით) გაიზარდა.
გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. სიღარიბის დონე შემცირდა პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც. უნდა განვმარტოთ, რომ გასულ წელს სიღარიბის შემცირება უმეტესწილად სოციალური ტრანსფერების ზრდით იყო განპირობებული და არა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 2021 წელს დასაქმების პარამეტრები არ გაუმჯობესებულა, პირიქით - უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა. ამასთან, გასულ წელს ქვეყანაში რეალური საშუალო თვიური ხელფასი შემცირდა. ზოგადად უკიდურესი სიღარიბის შემცირებაზე დიდი გავლენა სოციალურ დახმარებებს აქვს, რადგან თუ ადამიანს არსებობისთვის აუცილებელ მინიმუმი გააჩნია, ის სტატისტიკურად ღარიბად არ მიიჩნევა. 2021 წელს სიღარიბის შემცირება სწორედ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდამ, ბავშვთა ფულადი დახმარების ზრდამ და სხვა სოციალურმა ბენეფიტებმა განაპირობა (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან
წყარო: საქსტატი; ავტორის გამოთვლები
მოსახლეობის კეთილდღეობაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მხოლოდ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლებზე ამახვილებს ყურადღებას და უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში [2020-2022] ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა რეკორდულად, ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 18% - ანუ 665 ათასზე მეტი ადამიანი, არის სოციალურად დაუცველი, ანუ ფულადი საარსებო შემწეობის მიმღები.
ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ქვეყანაში სიღარიბის დონე ჯამში შემცირებულია. სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი შემცირდა ბოლო, 2021 წლის მონაცემებითაც. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადების კონტექსტი, რომ სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება, სიმართლეს შეესაბამება, თუმცა მის მიერ დასახელებული რიცხვები არ არის ზუსტი და გადაჭარბებულია. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოსახლეობის მაღალი წილი სოციალურად ძალზედ მოწყვლადია და სიღარიბის ზღვართანაა.
[1] აბსოლუტური სიღარიბის გაანგარიშების მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ „საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს“ ეფუძნება, სიღარიბის ზღვრად აღებულია საარსებო მინიმუმი.