საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5% შეადგინა. აღნიშნული ბოლო წლებში ქვეყანაში სიღარიბის დონის გაუმჯობესების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ფაქტ-მეტრმა გაანალიზა, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირება.
პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რომ აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის მაღალი წილი ძალზედ მოწყვლადია და სიღარიბის ზღვართანაა. სხვაგავარდ რომ ვთქვათ, მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც მოცემულ მომენტში არ არის უკიდურეს სიღარიბეში, გაღარიბების რისკის ქვეშ დგას. პანდემიის პერიოდში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მძლავრი გავლენა იქონია სიღარიბის ზღვართან მყოფ მოსახლეობაზე და მხოლოდ ერთ წელიწადში, 2020 წელს აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
2021 წელს სიღარიბის დონე პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა. სიღარიბის შემცირება უმეტესწილად სოციალური ტრანსფერების ზრდით იყო განპირობებული და არა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ პანდემიის პერიოდში ქვეყანაში დასაქმების პარამეტრები მკვეთრად გაუარესდა, მხოლოდ 2021 წელს უმუშევრობის დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.
უკიდურეს სიღარიბის შემცირებაზე დიდი გავლენა აქვს სოციალურ დახმარებებს, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის სტატისტიკურად ღარიბად არ მიიჩნევა. 2021 წელს სიღარიბის შემცირება დიდწილად საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდამ, ბავშვთა ფულადი დახმარების ზრდამ და სხვა სოციალურმა ბენეფიტებმა განაპირობა.
გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობამ [საარსებო შემწეობის მიმღები] ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. პანდემიის პერიოდში ყოველთვიურად იზრდებოდა ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. 2020-2021 წლებში ფულადი დახმარების მიმღებთა რაოდენობა ჯამში 215,794 პირით (54,797 ოჯახით) გაიზარდა. ის ფაქტი, რომ მოქალაქეთა მხრიდან სოციალურ დახმარების დანიშვნაზე მიმართვიანობა რეკორდულად გაიზარდა, იმაზე მიუთითებს რომ პანდემიის პერიოდში (2020-2021) მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ამასთან, 2021 წლის ივლისიდან ბავშვთა ფულადი დახმარება გაორმაგდა და გაფართოვდა ბავშვთა დახმარების მიმღებთა წრე. კერძოდ, 16 წლამდე ასაკის ბავშვზე დახმარებას იღებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 120 ათასზე ნაკლებია, მანამდე დახმარება 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა. ბუნებრივია, აღნიშნული ბავშვთა სიღარიბის შემცირებაზე პირდაპირ აისახება.
2021 წელს ასევე გაიზარდა პენსიის მიმღებთა რაოდენობაც. 2021 წლის დეკემბერში 793,751 პენსიონერი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,046-ით მეტია. ამასთან, გაიზარდა პენსიის ოდენობაც. რასაც 60 წელს ზემოთ მოსახლეობაში სიღარიბის შემცირებაზე გარკვეული გავლენა უნდა ჰქონოდა.
რა თქმა უნდა, ფაქტ-მეტრი არ გამორიცხავს რომ სიღარიბის შემცირებაზე გავლენა შესაძლოა ჰქონოდა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებსაც. თუმცა არსებული მონაცემები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ფულადი სოციალური დახმარებების მიმღებთა რეკორდულად ზრდამ და სხვა სოციალურმა ტრანსფერებმა, აბსოლუტურ სიღარიბეში [საარსებო მინიმუმს ქვემოთ] მცხოვრები მოსახლეობის წილი მნიშვნელოვნად შეამცირა.
სიღარიბის შემცირების ბუნებრივი გზა არის ეკონომიკის სწრაფი განვითარება და მისი თანმხლები სამუშაო ადგილების ზრდა, რასაც თავის მხრივ, მოჰყვება მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2011-2015 წლებში საქართველოში სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა, სწორედ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს ჰქონდა. სიღარიბის მაჩვენებლებზე სოციალურ ტრანსფერებს [ფულადი დახმარებები] უფრო სწრაფი, მაგრამ მოკლევადიანი ეფექტი აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი ვინც მოცემულ მომენტში უკიდურეს სიღარიბეს ამ გზით აღწევს თავს, კვლავ რჩება მოწყვლად ჯგუფად.