ირაკლი კობახიძე: ინფლაცია იყო დაახლოებით 10% წლის განმავლობაში, რაც იყო ბევრად უფრო დაბალი, ვიდრეს სხვა ქვეყნებში ჩვენ გარშემო და ევროპაში
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე:
ინფლაცია სამომხმარებლო ფასების ინდექსით იზომება, რაც კონკრეტულ ქვეყანაში, საშუალო მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლის და მომსახურების ფასების ცვლილებას ასახავს. ინფლაციის შედარება სხვადასხვა ქვეყნებს შორის იმ თვალსაზრისით შეიძლება, რომ მაჩვენებელი საშუალო მომხმარებლის კალათის ფასების ცვლილებას წარმოადგენს. თუმცა ბუნებრივია, შედარება მხოლოდ საორიენტაციო შეიძლება იყოს და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებელი, რომელიმე კონკრეტული სახის საქონლის გაძვირების მიმართ არის მგრძნობიარე (მაგალითად, საქართველოში უფრო მაღალი წილი უჭირავს სურსათის ჯგუფს).
მიმდინარე მონაცემებით, ევროკავშირში წლიური ინფლაცია 11.1%-ს შეადგენს, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც 1997 წლიდან ევროსტატმა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება დაიწყო. ევროპის 46 ქვეყანას შორის (საქართველოს მეზობელი ქვეყნების ჩათვლით), საქართველო ინფლაციის მაჩვენებლით 27-ე ადგილს იკავებს. მეზობელ ქვეყნებში საქართველოზე დაბალი ინფლაცია მხოლოდ სომხეთშია და 8.8%-ს შეადგენს, რაც საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელზე 1.6 პ.პ-ით ნაკლებია. ევროპის სხვა ქვეყნებშიც, სადაც ინფლაცია საქართველოს მაჩვენებელზე უფრო დაბალია, ინფლაცია მაინც საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. პირობითად, 8%-ზე დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი მხოლოდ 8 ქვეყანაში ფიქსირდება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა თურქეთში, მოლდოვაში, უნგრეთში, ბალტიის ქვეყნებში და, ბუნებრივია, უკრაინაში, სადაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებს. ამ ქვეყნების ფონზე, საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალი არ არის.
რელევანტურია ირაკლი კობახიძის შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ინფლაცია პირველადი მოხმარების საგნებზე უფრო მაღალია. 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, სურსათის ჯგუფში ინფლაციამ 16.8% შეადგინა, რაც ზოგად ინფლაციას მნიშვნელოვნად აჭარბებდა და მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი სოციალურად უფრო მოწყვლადი ნაწილისთვის, კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენდა.
ანალიზი:
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ, რუსთავი ორის გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა: „ინფლაცია იყო დაახლოებით 10% წლის განმავლობაში, რაც იყო უფრო დაბალი, ვიდრეს სხვა ქვეყნებში ჩვენ გარშემო და ევროპაში. ამ ფონზე 10% „ნორმალურია“, მაგრამ შეღავათი არ არის მოსახლეობისთვის. პირველადი მოხმარების საგნებზე კიდევ უფრო მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი“.
მიმდინარე მაღალი ინფლაცია მოსახლეობისთვის კრიტიკული პრობლემაა. 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით, ინფლაციის საერთო მაჩვენებელმა, ანუ ფასების ზრდის მაჩვენებელმა 28.5% შეადგინა. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ფიქსირდება და ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება. 2022 წლის დასაწყისიდან ნოემბრის ჩათვლით, წლიურმა ინფლაციამ 10.1% შეადგინა, ხოლო ნოემბრის ინფლაცია 2021 წლის ნოემბერთან შედარებით 10.4%-ია. ინფლაციის ასეთი მაღალი მაჩვენებლები, 10 წელიწადზე მეტია არ დაფიქსირებულა. რა თქმა უნდა, ეს რეალობა მოსახლეობას განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აყენებს.
ინფლაციის გამომწვევი ფაქტორები უამრავია და თემა ხშირად მძაფრი პოლიტიკური დებატების საფუძველი ხდება. ზოგადად, ზომიერი ინფლაცია ეკონომიკაში მისაღებ, ეკონომიკური ზრდის თანამდევ მოვლენად ითვლება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. პრობლემა ჩნდება, როცა ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, ჩვენს შემთხვევაში - 3-4-ჯერ. მიმდინარე ინფლაცია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ სხვადასხვა ეფექტთან ერთად დიდწილად, პანდემიის შემდგომ ვითარებას უკავშირდება. პანდემიის დროს მოქმედმა შეზღუდვებმა, ხოლო პანდემიის შემდეგ დაწყებულმა ეკონომიკის გამოცოცხლებამ, რასაც სტიმულირების მიზნით მსოფლიო ეკონომიკაში ფულის მასის მიწოდების ზრდა ახლდა, ეკონომიკაში არსებული ჩვეული პროცესების - მაგალითად მოთხოვნა-მიწოდება ჯაჭვის, რღვევა გამოიწვია.
ინფლაციის გამოსათვლელად, საქსტატი ყოველთვიურად იმ 350 საქონლის ფასს აკვირდება, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოიხმარება. ეს 305 საქონელი 12 ქვეჯგუფშია განაწილებული, მაგალითად - სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და ა.შ. სხვადასხვა ქვეყანაში, საშუალო მომხმარებლის კალათა სხვადასხვა სახისა თუ რაოდენობის/მოცულობის საქონლისა და მომსახურებისგან შედგება. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, მთლიან ინფლაციაში, ყველაზე დიდი წონა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს უჭირავს, რაზეც მთლიანი კალათის 33.09% მოდის, მეორე ადგილს კი ტრანსპორტი იკავებს, 11.8%-ით, მესამე ადგილი ჯანდაცვას - 9.5%-ით. შესაბამისად, ამ სამი ჯგუფის ჯამური წონა ინფლაციაში 55%-ს აღწევს. ბუნებრივია, სხვადასხვა ქვეყნებში, სამომხმარებლო კალათაში სხვადასხვა სახის საქონელი და მომსახურება შედის და მათი წონებიც განსხვავებულია. მაგალითად, შედარებით მაღალშემოსავლიან ქვეყნებში საბაზისო საქონელზე, როგორიც არის საკვები, სურსათის ჯგუფს უფრო ნაკლები წონა უჭირავს. უფრო განვითარებულ ქვეყანაში, როგორებიც არის მაგალითად აშშ, კანადა და ევროკავშირის მდიდარი ქვეყნები, უფრო მაღალი წილი უჭირავს საცხოვრებელთან (მაგ. ქირაობა), საწვავთან და გადაადგილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფლაციის შედარება იმ თვალსაზრისით შეიძლება, რომ მაჩვენებელი საშუალო მომხმარებლის კალათის ფასების ცვლილებას წარმოადგენს. თუმცა ბუნებრივია, შედარება მხოლოდ საორიენტაციო შეიძლება იყოს და სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებელი უფრო მგრძნობიარე კონკრეტული სახის საქონლის გაძვირების მიმართ შეიძლება იყოს. მაგალითად, საქართველოზე საკვების ფასების მსოფლიო გაძვირება რთულად აისახა და განსაკუთრებით მტკივნეული იყო. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, 2021 წელს სურსათის ფასების ინდექსმა მსოფლიოში 10- წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ევროპისთვის და ამერიკისთვის განსაკუთრებით მძიმე ნავთობპროდუქტებისა და გაზის მიწოდებისა და გაძვირების კრიზისი აღმოჩნდა.
მიმდინარე მონაცემებით, ევროკავშირში წლიური ინფლაცია 11.1%-ს შეადგენს, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც 1997 წლიდან ევროსტატმა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება დაიწყო. ევროპის 46 ქვეყანას შორის (საქართველოს მეზობელი ქვეყნების ჩათვლით), საქართველო, ინფლაციის მაჩვენებლით 27-ე ადგილს იკავებს. მეზობელ ქვეყნებში საქართველოზე დაბალი ინფლაცია მხოლოდ სომხეთში ფიქსირდება და 8.8%-ს შეადგენს, რაც საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელზე 1.6 პ.პ-ით ნაკლებია. ევროპის სხვა ქვეყნებშიც, სადაც ინფლაცია საქართველოს მაჩვენებელზე უფრო დაბალია, ინფლაცია მაინც საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. პირობითად, 8%-ზე დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი მხოლოდ 8 ქვეყანაში ფიქსირდება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა თურქეთში, მოლდოვაში, უნგრეთში, ბალტიის ქვეყნებში და, ბუნებრივია, უკრაინაში, სადაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებს.
რელევანტურია ირაკლი კობახიძის შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პირველადი მოხმარების საგნებზე ინფლაცია უფრო მაღალია. 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, სურსათის ჯგუფში ინფლაციამ 16.8% შეადგინა, რაც ზოგად ინფლაციას მნიშვნელოვნად აჭარბებდა და მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი სოციალურად უფრო მოწყვლადი ნაწილისთვის - კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენდა.