იტვირთება

თეა წულუკიანი: მათ [წინა ხელისუფლებამ] ეს დავა უკვე წაგებული დაგვახვედრეს ჰააგის ერთ-ერთ სასამართლოში, რომელიც არ გახლავთ სისხლის სამართლის სასამართლო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეა წულუკიანის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), რომელიც ჰააგაში მდებარეობს, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელი რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე 1999-2008 წლებში ჩადენილ ეთნიკური წმენდის ფაქტებს შეეხება. სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1965 წლის კონვენცია – რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD).

იმ დრომდე, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო საქმის არსებით განხილვას შეუდგებოდა, რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში შეიტანა შუამდგომლობები, რომელთა ძირითადი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქციაში საქართველოს სარჩელის განხილვა არ შედიოდა - პირველი, არ არსებობდა დავა თბილისსა და მოსკოვს შორის და რუსეთი არ წარმოადგენდა საქმეში მხარეს; მეორე, CERD-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, ICJ-ში სარჩელის შეტანამდე, საქართველოს აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უშუალოდ მოსკოვთან უნდა ეწარმოებინა.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პირველი შუამდგომლობა მხედველობაში არ მიიღო და რუსეთი დავის მხარედ ცნო, მაგრამ დააკმაყოფილა მისი მეორე შუამდგომლობა. სასამართლომ განაცხადა, რომ სარჩელის შეტანამდე, ქართულ მხარეს CERD-თან დაკავშირებული საკითხები, უშუალოდ კონვენციის დარღვეულ მუხლებთან მიმართებით, ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთთან უნდა განეხილა, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ხელახლა მიმართავდა. სასამართლომ საქართველოს განუსაზღვრა პროცედურები და უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთთან მოლაპარაკების ეტაპს ამოწურავდა, ქვეყანას კვლავ შეეძლო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის მიემართა.

ამ პროცედურების გავლა წინა ხელისუფლებამ დაიწყო, ხოლო გაგრძელების პასუხისმგებლობა, მოქმედ ხელისუფლებას ეკისრებოდა.

რაც შეეხება თეა წულუკიანის განცხადებას, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში წინა ხელისუფლებამ დავა წააგო, მცდარია. სინამდვილეში, სასამართლოს საქმის განხილვა არც დაუწყია.

ანალიზი

21 დეკემბერს, გადაცემაში „იმედი LIVE“, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა წინა ხელისუფლების დროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულ დავაზე ისაუბრა. „დავა ჰააგის სასამართლოში დაგვხვდა უკვე წაგებული მათი ვითომ პროფესიონალიზმით. მაშინ ამას ადეიშვილის მოადგილე ქალბატონი თინა ბურჯალიანი აბსოლუტურად არაკომპეტენტურად, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობდა და მათ ეს დავა უკვე წაგებული დაგვახვედრეს ჰააგის ერთ-ერთ სასამართლოში, რომელიც არ გახლავთ სისხლის სამართლის სასამართლო. რუსეთთან მათ ეს ერთი დავა წააგეს“, - აღნიშნა მან.

„ფაქტ-მეტრმა“ თეა წულუკიანის განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს მთავრობამ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), რომელიც ჰააგაში მდებარეობს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. სარჩელის თანახმად, რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ინტერვენციები განახორციელა.

საქართველოს პოზიციის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომი არ იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან ქართველების დისკრიმინაციის და ეთნიკური წმენდის ერთჯერადად გამოვლენილი აქტი. სარჩელის მიხედვით, ქართველების ეთნიკური წმენდა რუსეთის ფედერაციამ 1990-იან წლებში დაიწყო, რასაც რუსეთი სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული დაჯგუფებების წვრთნით, იარაღით და ადამიანური რესურსებით მომარაგების გზით ახორციელებდა.

ვიდრე სასამართლო საქმის არსებით განხილვას შეუდგებოდა, 2009 წლის ბოლოს რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში შუამდგომლობა შეიტანა, რომლის ძირითადი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაშიარ შედიოდასაქართველოს სარჩელის განხილვა. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, თბილისსა და მოსკოვს შორის „არანაირი დავა“ არ არსებობდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეთნიკურად ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ რასობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით და რომ თბილისს ეს საკითხი ოფიციალურად არასდროს დაუყენებია პირდაპირ მოსკოვის წინაშე.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო რუსეთის შუამდგომლობის ეს არგუმენტი და მიიჩნია, რომ რუსეთი რეალურად იყო ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით დავის მხარე.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც რუსეთმა წამოაყენა იმის დასამტკიცებლად, რომ ჰააგის სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის უფლებამოსილება არ გააჩნდა, უკავშირდებოდა CERD-ის 22-ე მუხლით განსაზღვრულ პროცედურებს. რუსეთი აცხადებდა, რომ ჰააგის სასამართლოში სარჩელის შეტანამდე, საქართველოს ეს საკითხი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტში უნდა დაეყენებინა და ამ საკითხზე მოლაპარაკებები მოსკოვთან უნდა ეწარმოებინა.

ეს უკანასკნელი არგუმენტი სასამართლომ გაიზიარა და განაცხადა, რომ სარჩელის ჰააგის სასამართლოში შეტანამდე საქართველოს არ უცდია კონკრეტულად CERD-თან დაკავშირებული საკითხები რუსეთთან განეხილა და ასევე არ უცდია, CERD-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული დავის მოგვარების სხვა მექანიზმები გამოეყენებინა, სანამ ის პირდაპირ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართავდა. შესაბამისად, 2011 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით, სასამართლომ უარი თქვა სარჩელის არსებითი განხილვის დაწყებაზე, საქართველოს განუსაზღვრა პროცედურები და უთხრა, რომ ქვეყანას კვლავ შეეძლო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის მიემართა მას შემდეგ, რაც რუსეთთან მოლაპარაკების ეტაპს ამოწურავდა,

2017 წლის აპრილში „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა გაერკვია, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს რეკომენდაციების შესასრულებლად რა ნაბიჯები გადადგა ქართულმა მხარემ და შედგა, თუ - არა რუსეთის ფედერაციასთან საკითხის ირგვლივ კომუნიკაცია. ამ მიზნით, წერილობით მივმართეთ საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია - დაიწყო, თუ - არა საქართველომ მოლაპარაკებები რუსეთთან.

მაშინ იუსტიციის სამინისტრომ „ფაქტ-მეტრის“ განცხადება უგულებელყო და პასუხი არ მოგვაწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხის თანახმად: „2011-2014 წლებში რუსეთის ფედერაციასთან არაერთი კომუნიკაცია შედგა, რომელშიც კონვენციით გათვალისწინებული წინასასამართლო მექანიზმების ამოწურვასთან დაკავშირებული საკითხები იყო განხილული. 2014 წელს გაიგზავნა ბოლო ნოტა, რომლითაც საქართველომ აცნობა რუსეთის ფედერაციას, რომ CERD-ის კონვენციასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის თაობაზე საქართველოს მთავრობა მას შემდეგ გააგრძელებს საკითხზე მუშაობას, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავის წერილობითი მოსაზრებები და მომდევნო ზეპირი განხილვები შედგება“.

საკითხთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრმა“ 2019 წელსაც მიმართა როგორც საგარეო საქმეთა, ისე იუსტიციის სამინისტროებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი, 2017 წლის პასუხის ანალოგიური იყო, კერძოდ, რომ ICJ-ში დავას საქართველო მას შემდეგ დაუბრუნდებოდა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა დასრულდებოდა. ეს პოზიცია გაზიარებული იყო იუსტიციის სამინისტროს პასუხშიც.

როგორც ზემოაღნიშნული პასუხებიდან ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ICJ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროცედურული მექანიზმების ამოწურვას და დასაშვებობის ეტაპის გავლას დამოკიდებულს ხდიდა რუსეთ-საქართველოს შორის სტრასბურგის სასამართლოს დავის მიმდინარეობაზე, რომელიც, თავის მხრივ, გასულ წელს დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ 2021 წლის იანვარში გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლომ რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული არაერთი უფლების — სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, საკუთრების უფლება, პირადი ცხოვრება, გადაადგილების უფლება - დარღვევა დაადგინა.

მნიშვნელოვანია, რომ ICJ-ის ე.წ. საწესდებო დოკუმენტის 61-ე მუხლის, მე-5 პუნქტის მიხედვით, ერთი და იმავე საქმეზე, განმეორებითი განაცხადის შეტანა არ შეიძლება თუ პირველი გადაწყვეტილების მიღების დღიდან, 10 წელია გასული. შესაბამისად, საქართველოს წინა სასამართლო პროცედურების ამოწურვისთვის ვადა, მხოლოდ, 2021 წლის აპრილამდე ჰქონდა.

ვადის გასვლის საკითხზეც, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მსგავსი პოზიცია ჰქონდათ და აცხადებდნენ, რომ თუ საქმეში გამოიკვეთებოდა ახალი გარემოება, მაშინ საქართველო დაუყოვნებლივ მიმართავდა ICJ-ის. თუმცა, ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია, მიმართა თუ არა ქართულმა მხარემ ICJ-ს ზემოაღნიშნული ვადის გასვლამდე და დაუბრუნდა თუ არა დავას. საკითხის გასარკვევად „ფაქტ-მეტრი“ შესაბამის უწყებებს მიმართავს და დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მიაწვდის მას მკითხველს.

დასკვნისთვის უნდა ითქვას, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველომ დავა არათუ წააგო, არამედ, სინამდვილეში საქმე არსებითად არც განხილულა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სასამართლომ უარი თქვა სარჩელის არსებითი განხილვის დაწყებაზე, საქართველოს განუსაზღვრა პროცედურები და უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთთან მოლაპარაკების ეტაპს ამოწურავდა, ქვეყანას კვლავ შეეძლო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის მიემართა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თეა წულუკიანის განცხადება, რომ საქართველომ რუსეთთან დავა ქართველების ეთნიკური წმენდის შესახებ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში წააგო, მცდარია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4789 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
17%
მეტწილად სიმართლე
10%
ტყუილი
8%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი