ნინო წილოსანი: ყოველწლიურად საქართველოში 10 000-მდე შემაკავებელი ორდერი გამოიცემა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნინო წილოსანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, საქართველოს მასშტაბით გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 2017-დან 2020 წლამდე მზარდი იყო, 2019-2020 წლებში კი ორდერების რაოდენობამ ათი ათასს გადააჭარბა. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის გაურკვეველია, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბერკეტი მსხვერპლების დაცვისა და დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით რამდენად ეფექტურია. „ფაქტ-მეტრმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვერ მიიღო სტატისტიკური მონაცემები შემაკავებელი ორდერის გაცემის ვადაში მოძალადის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ნინო წილოსანის განცხადებას, „ფაქტ-მეტრი“ მეტწილად სიმართლედ აფასებს, ვინაიდან მიუხედავად ფაქტობრივი სიზუსტისა, მას აკლია დამატებითი ინფორმაცია. კერძოდ, განცხადებას აკლია განმარტება იმის თაობაზე, რომ ბოლო წლებში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და სერიოზული პრობლემები მთელი რიგი მიმართულებით კვლავ რჩება. პრობლემებია როგორც დანაშაულების გამოძიების მიმართულებით, ისე სასამართლოს ეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით; ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მსხვერპლების მეორეული ვიქტიმიზაციისგან და განმეორებითი ძალადობისგან ეფექტიანი დაცვა კვლავ არაა სათანადოდ უზრუნველყოფილი; გამოწვევად რჩება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სოციალური მუშაკების ჩართულობის კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელი და ფორმალური ხასიათი და ა.შ.
ანალიზი
29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა. მან საზოგადოებას მოუწოდა, როგორც - ქალთა მიმართ, ასევე ზოგადად, ძალადობას გაერთიანებული ძალებით ებრძოლონ.
„ყოველწლიურად საქართველოში 10 000-მდე შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და ათეულობით დაკარგული ქალის სიცოცხლე არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას. თუმცა ჩვენ მიერ გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან, სტამბოლის კონვენციასთან ჰარმონიზაციამდე და ამან მოგვცა მოცემულობა, რომ ყოველწლიურად შემაკავებელი ორდერების რაოდენობა მზარდია“, - აღნიშნა დეპუტატმა.
„ფაქტ-მეტრმა“ ნინო წილოსანის განცხადება გადაამოწმა.
უკანასკნელ წლებში საქართველოში ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის თემა განსაკუთრებით საყურადღებოა. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან პრობლემის აღმოსაფხვრელად გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, საკითხი საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც სახელმწიფო ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის იყენებს, შემაკავებელი ორდერია, რომელიც თავის მხრივ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერით, მსხვერპლის განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მიზნით, მოძალადეს შესაძლოა განესაზღვროს შემდეგი ვალდებულებები:
ა) აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს;
ბ) აეკრძალოს მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან
მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;
გ) აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და ა.შ.
გრაფიკი 1: საქართველოს მასშტაბით გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 2017-2021 წლებში
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, საქართველოს მასშტაბით გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 2017-დან 2020 წლამდე მზარდი იყო, 2019-2020 წლებში კი ორდერების რაოდენობამ ათი ათასს გადააჭარბა.
გრაფიკი 2: 2017-2021 წლებში საქართველოს მასშტაბით გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (ძალადობის მსხვერპლის მიხედვით)
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
გრაფიკი 3: 2017-2021 წლებში საქართველოს მასშტაბით გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (მოძალადის სქესის მიხედვით)
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
როგორც გრაფიკებიდან (2;3) ჩანს, ოჯახში ძალადობის დანაშაულის მსხვერპლების უდიდესი ნაწილი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან, ხოლო მოძალადეები - მამრობითი სქესის.
მთლიანობაში, შემაკავებელი ორდერების რაოდენობის მკვეთრი ზრდა უკანასკნელ წლებში ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობაზე სახელმწიფოს მხრიდან გამკაცრებულ პოლიტიკას უნდა უკავშირდებოდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ განუმარტავს, რომ ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების ზრდა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მასობრივი კამპანიით იყო განპირობებული, რამაც, უწყების განმარტებითვე, სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელიც გაზარდა. აღნიშნული აისახა რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზეც. თუმცა რამდენად საკმარისია სახელმწიფოს არსებული პოლიტიკა პრობლემების აღმოსაფხვრელად, მსჯელობის საგანია.
რას აკეთებს სახელმწიფო/როგორ ვიცავთ ქალებს
სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გამკაცრდა სასჯელი ოჯახში ძალადობაზე, მათ შორის, ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისთვის. გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა და მკაცრი სასჯელი დაწესდა.
დღეისთვის სისხლის სამართლის კოდექსში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ცალკეული დანაშაულების მაკვალიფიცირებელ გარემოებად განსაზღვრულია გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა. ეს დანაშაულებია:
• განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (სსკ-ის 109-ე მუხლი),
• თვითმკვლელობამდე მიყვანა(სსკ-ის 115-ე მუხლი),
• ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (სსკ-ის 117-ე მუხლი).
გარდა ამისა, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს, ოჯახურ დანაშაულს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობას საქართველოში ისეთი საკანონმდებლო აქტები აწესრიგებს, როგორიცაა:
• საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ“,
• კანონი „ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“,
• კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“,
• კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესი ამოქმედდა. კერძოდ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადისთვის სხეულზე ელექტრონული სამაჯურის დამაგრების შესაძლებლობა მასზე ზედამხედველობის მიზნით, როდესაც სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.
მკაცრია პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულებზე. ამ მიმართულებით რეფორმების გატარება პროკურატურამ 2014 წლიდან დაიწყო, რაც გამოიხატა პროკურორთა სპეციალიზაციაში, სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაში, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკასა და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების სტრატეგიულ მიმართულებად განსაზღვრაში.
ოჯახურ დანაშაულებზე 2014 წლიდან დევნის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2014 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 550 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო 2021 წელს - 5144 პირის მიმართ. 2014-2021 წლებში, ასევე მზარდია პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი.
ამის მიუხედავად, არსებული სტატისტიკა, რომელიც ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობასა და ქალთა მკვლელობაზე გვაწვდის ინფორმაციას, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
გრაფიკი 4: საქართველოს მასშტაბით მოკლული ქალების რაოდენობა წლების მიხედვით
წყარო: საქართველოს პროკურატურა
გრაფიკი 5: საქართველოს მასშტაბით ქალთა მკვლელობის მცდელობის რაოდენობა წლების მიხედვით
წყარო: საქართველოს პროკურატურა
თუკი ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის დინამიკას დავაკვირდებით, 2017 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი კლება არც ერთ მაჩვენებელს განუცდია. საერთო ჯამში კი ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2020 წელს დაფიქსირდა.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ორივე შემთხვევაში ოჯახური ნიშნით ჩადენილ დანაშაულს მნიშვნელოვანი წილი უკავია. პროკურატურის თანახმად, 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს, აქედან ოჯახური ნიშნით - 92, ხოლო სხვა მოტივით - 94 ქალის მკვლელობა მოხდა. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა, მათ შორის ოჯახური ნიშნით - 79 ქალის მკვლელობის მცდელობა, ხოლო სხვა მოტივით - 50 ქალის მკვლელობის მცდელობა.
გრაფიკი 6: საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის (სსკ მ. 1261) სტატისტიკა წლების მიხედვით
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
რა პრობლემები რჩება
ბოლო წლებში კანონმდებლობაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, როგორც აღვნიშნეთ, ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება.
სახალხო დამცველის 2020 წლის სპეციალური ანგარიშის თანახმად, ხარვეზებით წარმოებულ გამოძიება პრობლემად რჩება. ფემიციდის საქმეების ანალიზისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც გამომძიებლები არ სვამდნენ მოტივის დამაზუსტებელ შეკითხვებს და შესაბამისად, ორ საქმეში, ქალის მკვლელობისა თუ მკვლელობის მცდელობის საქმეებში, დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობი დარჩა. „2020 წლის ფემიციდის შემთხვევებზე ასევე გამოიკვეთა გამოძიების ყოველმხრივ ჩატარების პრობლემაც, რამაც, საბოლოო ჯამში, ფემიციდის ჩადენაში ბრალდებული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა გამოიწვია“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, ასევე პრობლემურია საქართველოს პროკურატურის მიერ გენდერული მოტივის დადგენა და შესაბამისი მუხლით ქმედების კვალიფიკაცია. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ოჯახის წევრის მიმართ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების დანაშაულის გენდერული მოტივით ჩადენის შემთხვევაში, ქმედების კვალიფიკაცია ხდება სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი მუხლით და არა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის განკუთვნილი სპეციალური მუხლით.
სახალხო დამცველის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო მოძალადეებისთვის ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემა დაინერგა, მინიმალურია ისეთი შემთხვევები, სადაც შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, სამართალდამცავი პირები შესაძლო მოძალადეების მიმართ ელექტრონულ სამაჯურებს იყენებენ
პრობლემებს ვხვდებით სასამართლოშიც. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, სასამართლო, ოჯახში ძალადობის საქმეებზე პირობითი მსჯავრის ან მოკლევადიანი თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენების პირობებში, არ აფასებს, მსჯავრდებულის გათავისუფლების შემთხვევაში, რამდენად არსებობს ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების რისკი.
„სასამართლოები აქტიურად ითვალისწინებენ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, როგორც დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას, თუმცა კვლავაც მცირეა იმ საქმეების რიცხვი, როცა მოსამართლემ სასჯელი გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენის გამო დაამძიმა. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სასამართლო უბრალოდ თვალს ხუჭავს ქალის მიმართ მისი სექსუალური ორიენტაციის და გენდერის ნიშნის გამო ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეფასებისაგან“, - ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის თანახმად, გამოწვევად რჩება სრულწლოვანი ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სოციალური მუშაკების ჩართულობის კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელი და ფორმალური ხასიათი.
პრობლემურია სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხებიც. სახელმწიფო უწყებებს რიგ შემთხვევაში არ აქვთ შემუშავებული ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც მოახდენენ გენდერული სტატისტიკის ანალიზს და ხშირად მათ მიერ სტატისტიკის წარმოება შემოიფარგლება მხოლოდ სქესის ნიშნით მონაცემების შეგროვებით. ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა მიმართ ძალადობის თუ გენდერული ნიშნით განხორციელებული მკვლელობის ფაქტების ზრდას გაანალიზებული არ არის, რაც დანაშაულის პრევენციისთვის და ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკის გატარებისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა.
მაგალითისთვის, მაშინ, როდესაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე მსოფლიოში ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა მოიმატა, საქართველოში აღნიშნული დანაშაული, სტატისტიკის თანახმად, მნიშვნელოვნად არ გაზრდილა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია ამ თემაზე). ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დღემდე არ წარმოუდგენიათ არანაირი სრულფასოვანი კვლევა, რაც პასუხს გასცემდა უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და საზოგადოების კითხვებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში „ფაქტ-მეტრმა“ არაერთხელ სცადა კონკრეტული სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვა, გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე პროკურატურიდან. თუმცა, უწყებებს შესაბამისი ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში გააჩნდათ.
დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში კანონმდებლობაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება. პრობლემებია როგორც ასეთი დანაშაულების გამოძიების მიმართულებით, ისე სასამართლოს ეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით. ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მსხვერპლების მეორეული ვიქტიმიზაციისგან და განმეორებითი ძალადობისგან ეფექტიანი დაცვა კვლავ არაა სათანადოდ უზრუნველყოფილი. გამოწვევად რჩება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სოციალური მუშაკების ჩართულობის კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელი და ფორმალური ხასიათი.
რაც შეეხება უშუალოდ შემაკავებელი ორდერების რაოდენობას, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, საქართველოს მასშტაბით გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 2017-დან 2020 წლამდე მზარდი იყო, 2019-2020 წლებში კი ორდერების რაოდენობამ ათი ათასს გადააჭარბა. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის გაურკვეველია, რამდენად ეფექტურია აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბერკეტი მსხვერპლების დაცვისა და დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით. „ფაქტ-მეტრმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვერ მიიღო სტატისტიკური მონაცემები შემაკავებელი ორდერის გაცემის ვადაში მოძალადის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენასთან დაკავშირებით.
საბოლოოდ, ნინო წილოსანის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ მეტწილად სიმართლედ აფასებს. განცხადება ფაქტობრივად ზუსტია, თუმცა მას აკლია დამატებითი ინფორმაცია. კერძოდ, განცხადებას აკლია განმარტება იმის თაობაზე, რომ ბოლო წლებში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. სერიოზული პრობლემები მთელი რიგი მიმართულებით კვლავ რჩება.