იტვირთება

ვახტანგ გომელაური: კრიტიკული მატება საქართველოში არ შეინიშნება [ოჯახში ძალადობის შესახებ]

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვახტანგ გომელაურის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

რეზიუმე: საქართველოში ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული რაოდენობა გასულ წელს მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოში აღნიშნულმა დანაშაულმა 6.92%-ით მოიმატა. თუმცა საკითხის სრულყოფილი ანალიზისთვის მხოლოდ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა საკმარისი არაა. განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ არაერთი გარემოება სტატისტიკასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.

პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ გლობალურად ოჯახში ძალადობის შემთხვევების/შესაბამისი დაწესებულებებისთვის მიმართვიანობის საგრძნობლად მატების ფონზე, საქართველოში აღნიშნული დანაშაული მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. მეტიც, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების/გამკაცრების პარალელურად, მისი კლების ტენდენცია აღინიშნა.

ასევე, მაშინ, როცა შსს-ში ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების ზრდა არ შეინიშნებოდა, უფლებადამცველი ორგანიზაციები მათდამი მიმართვიანობის მატებაზე მიუთითებდნენ. გარდა საქართველოს მასშტაბით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, ამ პრობლემაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციებიც საუბრობენ. მაგალითად, ამაზე საუბრობს სამცხე-ჯავახეთში მოქმედი ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია (იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ეს ყოველივე არაერთ კითხვას აჩენს, რაზე პასუხიც სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს, (პირველ რიგში, ისევ სამართალდამცავი უწყების მხრიდან), თუმცა სამინისტროს მხრიდან კითხვებზე პასუხი ჯერ არ გვაქვს.

გარდა ამისა, როგორც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა, ქვეყანაში დანაშაულის დონის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია ე.წ. „დაფარული დანაშაულის” კვლევა (მით უმეტეს, ისეთ სპეციფიკურ დანაშაულზე, როგორიც ოჯახში ძალადობაა) რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ აღარ ტარდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვახტანგ გომელაურის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

ანალიზი

5 მარტს შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში მოუსმინეს. მან უწყების მიერ განხორციელებული სამთავრობო პროგრამის შესახებ ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინა.

გომელაურმა, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, რეგისტრირებულ დანაშაულის სტატისტიკაზეც ისაუბრა. მინისტრი ოჯახში ძალადობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ვერ გვეტყვის, რის გამო მოიმატა პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობამ: „შეიძლება რაღაც პროცენტით მოიმატა პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის თემამ, თუმცა ვერ გეტყვით პანდემიის გულიზე მოიმატა, თუ რისი გულიზა მოიმატა, ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა კრიტიკული მატება ჩვენთან, საქართველოში, არ შეინიშნება, რომ კრიტიკულად გავარდა თემა, რაღაც უმნიშვნელო მატებაა..“

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, გასულ წელს ოჯახში ძალადობის რეგისტრირებულმა შემთხვევებმა მოიმატა, თუ - არა და პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს დანაშაულის რაოდენობაზე გავლენა რამდენად შეიძლება ჰქონოდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელებას და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების (გადაადგილების, სახლიდან გასვლის შეზღუდვა) დაწესებას გასულ წელს მსოფლიოში სამსახურების მასობრივი დაკარგვა მოჰყვა. ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, რის პარალელურადაც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებმა გლობალურად იმატა. ოჯახში ძალადობის რისკი გაზარდა პანდემიის გამო შექმნილმა ეკონომიკურმა არასტაბილურობამ და სტრესულმა გარემომაც. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახში ძალადობის შემთხვევები დაახლოებით 33%-ით გაიზარდა. საგრძნობლად მოიმატა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში მიმართვიანობამაც, ხოლო შესაბამის სერვისებზე წვდომა შემცირდა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, ჯერ კიდევ აპრილში მოუწოდა ქვეყნებს, ოჯახში ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, შესაბამისი ზომები მიეღოთ.

მიუხედავად მსოფლიოში არსებული სურათისა, საქართველოში ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს 6.92%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობას, აქაც უმნიშვნელო მატებაა. კერძოდ, 2020 წელს სულ 10 321 ორდერი გაიცა, 2019 წელს კი - 10 266. სტატისტიკის მიხედვით, ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა კაცებისას თითქმის 5-ჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის იმ პერიოდში, როდესაც, ერთი მხრივ, ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა მსოფლიოში მკვეთრად იმატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოში, ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი მოქმედებდა, შსს სტატისტიკის მიხედვით, შემთხვევათა ყველაზე ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა.

გრაფიკი 1: სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული (ოჯახში ძალადობა) რეგისტრირებული დანაშაულის დინამიკა 2020 წელს

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

როგორც გასული წლის ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების დინამიკა გვიჩვენებს, პირველად დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (მარტი-მაისი), მაშინ როდესაც ყველაზე მკაცრი ზომები იყო ამოქმედებული, ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების მკვეთრი მატება არ დაფიქსირებულა. მეტიც, აპრილში ყველაზე ნაკლები - 370 დანაშაული დარეგისტრირდა.

მაისიდან ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო, რასაც ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობის ზრდა მოჰყვა და სექტემბრამდე გასტანა. პანდემიის მეორე ტალღის დაწყებისა და შეზღუდვების ხელახლა გამკაცრების/დაწესების პარალელურად, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში, წინა თვეებისგან განსხვავებით, დანაშაულის შემთხვევებმა კვლავ იკლო.

საყურადღებოა, შსს-ს მიერ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში გაკეთებული განცხადებაც, რომ პანდემიის გავრცელების პირობებში, ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების ზრდა არ შეინიშნებოდა. როგორც უწყებამ განმარტა, 2020 წლის მარტში, ოჯახურ კონფლიქტებსა და ძალადობასთან დაკავშირებით 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა თითქმის იდენტური იყო 2020 წლის იანვარსა და 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობის, ხოლო 2019 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაფიქსირებული შეტყობინებები - 2020 წლის თებერვალში 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების ტენდენციას დაემთხვა.

უფლებადამცველი ორგანიზაციები შსს-სგან განსხვავებულ სურათზე მიუთითებდნენ. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა გასული წლის მარტში მიმართვა გაავრცელეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ იმ პერიოდისთვის, ძალადობასთან დაკავშირებით, სამართლებრივი დახმარებისათვის იმაზე მეტმა ქალმა მიმართა, ვიდრე სხვა დროს.

მიმართვიანობის ზრდაზე საუბრობდნენ სახალხო დამცველის აპარატშიც. „წინა წლის მონაცემებთან შედარებით, მომართვიანობის სტანდარტული ზრდაა. ამის მიზეზი შესაძლოა ისიცაა, რომ კომუნიკაციის საშუალებებზე მსხვერპლებს წვდომა აქვთ შეზღუდული და მათ შორის, სახალხო დამცველთან დაკავშირებაც ამ გამოწვევას უკავშირდება. თუმცა შეიცვალა სპეციფიკა, რა შემთხვევებშიც ჩვენ მოგვმართავენ. უფრო მეტად გართულდა მსხვერპლთან კომუნიკაცია“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ გასული წლის მაისში.

რას შეიძლებოდა შსს-სადმი მიმართვიანობის შემცირება გამოეწვია?

ექსპერტებისა და უფლებადამცველების განმარტებით, იზოლაციაში მყოფ ძალადობის მსხვერპლს სამართალდამცავი ორგანოებისთვის, და, ზოგადად, გარე სამყაროსთვის ხმის მიწვდენა უჭირს, რაც დანაშაულის სტატისტიკაზე გავლენას ახდენს. მათივე განმარტებებით, მსხვერპლი ქალების უმრავლესობას, წასასვლელი არსად აქვს და ალტერნატივად, საგანგებო ვითარების პირობებში, ქუჩაც არ რჩებათ.

გარდა ამისა, როგორც კავშირი „საფარის“ დირექტორმა, ბაია პატარაიამ აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქალების დიდ უმრავლესობას პოლიციის გამოძახებაც უჭირდა: „გვირეკავენ, ფრთხილად, როცა და როგორც მოახერხებენ და ყველას ეტყობა, რომ ძალიან დაბნეულები არიან. ვერ წყვეტენ, დაურეკონ პოლიციას და გვთხოვენ, თუ ძალიან დაეძაბებათ სიტუაცია, ჩვენ გამოვუძახოთ პოლიცია“, - განაცხადა მან გასული წლის აპრილში.

რა ზომები მიიღო სახელმწიფომ ?

საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისმა კომისიამ COVID-19-ის კრიზისის დროს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკომუნიკაციო სტრატეგია შეიმუშავა.

დამზადდა სოციალური მედიარგოლები ტელევიზიისა და სოციალური ქსელებისთვის. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია საკარანტინო სასტუმროებში, ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის, განთავსდა.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფომ, კრიზისის დაწყებისთანავე, ქვეყანაში არსებული ათი თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის სერვისების მოდელის რესტრუქტურიზაცია მოახდინა.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების შეტყობინების ალტერნატიული გზების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, მოსახლეობის მასობრივი ინფორმირება SMS სისტემის გამოყენებით განხორციელდა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც ითარგმნა. ინფორმაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სააფთიაქო (GPC, PSP) და სასურსათო (Carrefour, “ორი ნაბიჯი”) ქსელებშიც განთავსდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კრიზისის მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების შეტყობინების ალტერნატიული გზების შესახებ, ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა. მაგალითად, 112-ის მობილური აპლიკაციის გამოყენებით, რომელსაც ოპერატორთან ჩატის ფუნქცია და ჩუმი განგაშის (SOS) სიგნალის დაფიქსირების შესაძლებლობა აქვს.

აღნიშნული ღონისძიებები, ერთი მხრივ, დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად ეფექტიანი გამოდგა ისინი. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტსა და მობილურ ტელეფონებზე ყველა ადამიანს წვდომა არ აქვს.

საბოლოო ჯამში, მიუხედავად მთავრობის მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა, ოჯახში ძალადობის დანაშაულის გასული წლის დინამიკა, შსს-სადმი მიმართვიანობის კლება, ხოლო, პარალელურად, უფლებადამცველი ორგანიზაციებისადმი მიმართვიანობის ზრდა, არაერთ კითხვას აჩენს. მათზე პასუხის გაცემა სიღრმისეულ ანალიზსა და შესაბამისი უწყების მხრიდან კვლევებს საჭიროებს. თუმცა, როგორც შსს მინისტრისგან მოვისმინეთ, უწყებას პასუხი არ აქვს, პანდემიის პირობებში, გლობალურად ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდის ფონზე, საქართველოში ოჯახში ძალადობამ უმნიშვნელოდ რატომ იმატა. ამასთან, ცალსახაა, რომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკით ზოგადი მდგომარეობის შეფასება არამართებულია და რეალურ სურათს არ აჩვენებს.

აქედან გამომდინარე, მინისტრის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

2020 წლის კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებული ვრცელი სტატია იხილეთ ბმულზე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი