დროთა განმავლობაში ინფლაციის შედეგად ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე ერთი ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე. აღნიშნულ პროცესს ინფლაცია ეწოდება. საჭიროებიდან გამომდინარე, ინფლაციის გამოსათვლელად სხვადასხვა მაჩვენებელი შეიძლება იყოს გამოყენებული. სამომხმარებლო ინფლაციას სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზომავს, რაც ყველაზე ხშირად მოხმარებადი 308 საქონლისგან და მომსახურებისგან შედგება და 12 ჯგუფშია განაწილებული.

2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5% შეადგინა. წლიური ინფლაციის (ნოემბერი წინა წლის ნოემბერთან) დონე კვლავ მაღალ, ორნიშნა დონეზე ნარჩუნდება და 10.4%-ს შეადგენს. ინფლაციის ასეთი მაღალი მაჩვენებლები 10 წელიწადზე მეტია არ დაფიქსირებულა. რა თქმა უნდა, ეს რეალობა მოსახლეობას განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აყენებს.

აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულ ინდექსს (HICP) საქსტატი 2022 წლიდან აქვეყნებს. აღნიშნულზე მუშაობა 2020 წლიდან, ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის პროექტის ფარგლებში დაიწყო, ხოლო შესაბამისი სტატისტიკა 2022 წლიდან ქვეყნდება. ფასების ეს ინდექსი ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის საზომი ოფიციალური ინდიკატორია და ინფლაციის შედარებითობას უზრუნველყოფს. საქსტატის ინფორმაციით, სამომხმარებლო ფასებისგან HICP-ის შემთხვევაში - სამომხმარებლო კალათის წონების გაანგარიშებისას, გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები. მაშინ როდესაც CPI-თვის მხოლოდ რეზიდენტების მიერ - როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ გაწეული დანახარჯები, გამოიყენება. ასევე, მცირე განსხვავება არსებობს მოხმარების კლასიფიკაციებში. მიმდინარე მონაცემებით, როგორც ცხრილ 1-ზე ჩანს, განსხვავება საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსით და ჰარმონიზებული სამომხმარებლო ფასებით დათვლილ ინფლაციებს შორის მერყეობს, მაგალითად, თუ 2022 წლის იანვარში, წლიური ინფლაცია 13.9% იყო, ჰარმონიზებული ფასების ინდექსით დათვლილი ინფლაცია 1.2 პროცენტული პუნქტით დაბალ, 12.7% ნიშნულზე იყო, როდესაც ნოემბერში განსხვავება 0.1 პ.პ-ა, მაისის შემთხვევაში კი მონაცემები დაემთხვა.

ცხრილი 1: თვიური და წლიური ინფლაციის მონაცემები 2022 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, სამომხმარეფლო ფასების და ჰარმონიზებული სამომხმარებლო ფასების ინდექსების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრის ინფლაციაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც ფასები გაიზარდა 16.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.55 პროცენტული პუნქტით აისახა, აღსანიშნავია, რომ სურსათის ჯგუფში ინფლაცია, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგად ინფლაციას მნიშვნელოვნად აღემატებოდა, რაც მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი სოციალურად უფრო მოწყვლადი ნაწილისთვის, კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენდა. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.4%-იანი მატება, რაც 1.51 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ამ ჯგუფში, ფასების ძირითადი ზრდა საცხოვრებელზე ფაქტობრივი გადასახადის ზრდამ (34.1%-ით) გამოიწვია, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული მიგრაციიდან გამომდინარე, ბინების ქირაობის გადასახადის მკვეთრ ზრდას უკავშირდება და რამაც, ერთი მხრივ, უძრავი ქონების დარგში მომუშავე პირების შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, მოსახლეობისთვის ცალკე აღებული, აქამდე უჩვეულო პრობლემები წარმოშვა. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2%-ით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8%), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8.2%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1%), რაც ნაწილობრივ საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება და სურსათის გაძვირებასთან ერთად, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აღსანიშნავია რომ სატრანსპორტო ჯგუფის ინფლაცია, ფასების ზრდის ეფექტს გადასცემს სხვა სამომხმარებლო ჯგუფების შემთხვევაშიც, რადგან ტრანსპორტირება თითქმის ყველა საქონლისა თუ მომსახურების შუალედური პროდუქტია.

ცხრილი 1: 2022 წლის ნოემბრის წლიური ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების და ჰარმონიზებული სამომხმარებლო ფასების ინდექსების მიხედვით


მსგავსი სიახლეები

5461 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი