რევაზ ხარაზი: „მერიას ჰყავს თავისი პრესსამსახური, თავისი პიარსამსახური, რომლებშიც ასობით ათას ლარს ვიხდით, ბათუმელების ასობით ათას ლარს ვიხდით“...
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, რევაზ ხარაზის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის გარდა, საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახური/განყოფილება (სახელწოდებებში მცირე განსხვავებით) ან ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი ერთი სპეციალისტი მერიის მიერ დაფუძნებულ თითქმის ყველა ა(ა)იპს ჰყავს. აღნიშნული სამსახური ფუნქციონირებს ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
„ფაქტ-მეტრმა“ ინფორმაცია ა(ა)იპ-ებისგან გამოითხოვა. რაც შეეხება შპს-ებს, ადრე ჩვენ რამდენიმე მათგანს სხვა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მივმართეთ, თუმცა არ მოგვაწოდეს, იმ მოტივით, რომ კანონი ამას არ ავალდებულებს. ამიტომ ამჯერად ჩვენ შპს-ებისგან მონაცემები არ მოვითხოვეთ.
ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების, მერიისა და საკრებულოს მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად კი, არსებული მდგომარეობით, საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის მიმართულებით, როგორც შტატში, ასევე - შრომითი ხელშეკრულებებით, ოცდარვა პირია დასაქმებული. აქედან ხუთი - მერიაში, ექვსი საკრებულოში, დანარჩენი ჩვიდმეტი კი - ა(ა)იპ-ებში. მიმდინარე წელს მათი შრომის ანაზღაურება, ჯამურად, 441 329 ლარს შეადგენს. 2020 წელს შრომის ანაზღაურება, ჯამში, 400 880 ლარი იყო, ხოლო 2021 წელს - 402 175 ლარი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაცია შპს-ების შესაბამის სამსახურებს/განყოფილებებს არ მოიცავს, მაინც აშკარაა, რომ პოლიტიკოსის განცხადება, ამ მონაცემების მიხედვითაც, სიმართლეს შეესაბამება.
ანალიზი:
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რევაზ ხარაზმა განაცხადა: „მერიას ჰყავს თავისი პრესსამსახური, თავისი პიარსამსახური, რომლებშიც ასობით ათას ლარს ვიხდით, ბათუმელების ასობით ათას ლარს ვიხდით“...
საკითხზე მუშაობის დასაწყისში ჩვენ პოლიტიკოსს დავუკავშირდით და განცხადების დაზუსტება ვთხოვეთ. გაირკვა, რომ ის არა მხოლოდ ბათუმის მერიის პიარსამსახურს გულისხმობდა, არამედ - მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების შესაბამის სამსახურებს/განყოფილებებს. ამიტომ ჩვენ ინფორმაცია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისგანაც გამოვითხოვეთ. რაც შეეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებს, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი (შპს „ბათუმის წყალი“, შპს „სანდასუფთავება“) ინფორმაციას არ გვაწვდიან. ამიტომ ჩვენ მათთვის არ მიგვიმართავს.
რაც შეეხება ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ების მიერ გამოგზავნილ მონაცემებს, ირკვევა, რომ ამ ორგანიზაციებში, მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, ერთი პირი მაინც არის დასაქმებული.
ცხრილი 1. ბათუმის მერიის აპარატში, საკრებულოს აპარატსა და მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა და ანაზღაურება *
წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, ა(ა)იპ-ები; დანართი 1; 2; 3; 4; 5; 6; 7; 8; 9; 10; 11; 12; 13; 14
შენიშვნა: *ზოგ პასუხში 2022 წლის ხელფასის ოდენობა მოცემულია წერილის გამოგზავნის პერიოდში დარიცხული მაჩვენებლის მიხედვით. ამიტომ ჯამური ოდენობა დათვლილია ჩვენ მიერ. ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და პრემია/დანამატს;
**ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოგზავნილ პასუხში შტატგარეშეთა ანაზღაურების წლიური ოდენობა 2020-2021 წლებში იყო 10 250 ლარი, ხოლო 2022 წელს მითითებულია 1 364 ლარი. ჩვენ ვცადეთ გარკვევა, იყო, თუ - არა ეს შეცდომა, ხომ არ იყო ეს ერთი თვის ხელფასის ოდენობა, თუმცა მოგვწერეს, რომ ინფორმაცია კიდევ ერთხელ უნდა გამოგვეთხოვა.
როგორც ცხრილიდან ჩანს, საანგარიშო პერიოდში, მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში დასაქმებულების რაოდენობა უცვლელია - ოთხი შტატიანი თანამშრომელი და ერთი (ფოტოგრაფი) - შრომითი ხელშეკრულებით. საკრებულოს პიარზე კი ექვსი ადამიანი მუშაობს, სამი შტატში და ამდენივე - შტატგარეშე. მერიის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში დასაქმებულებისთვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურება წელს 96 360 ლარია, ხოლო საკრებულოში - 88 085 ლარი.
რაც შეეხება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, ათ ორგანიზაციაში, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, ჩვიდმეტი პირია დასაქმებული. მათი შრომის ანაზღაურება წელს, ჯამურად, 256 884 ლარს შეადგენს. 2022 წელს მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით დასაქმებულებისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობა, მთლიანობაში, 441 329 ლარია. ანალოგიური პარამეტრი 2020 წელს - 400 880 ლარს, ხოლო 2021 წელს 402 175 ლარს შეადგენდა.