დავით მათიკაშვილის განცხადებები მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრი’’ დავით მათიკაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
რეზიუმე:
დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით 3 ძირითად მტკიცებას ავითარებს.
პირველი მტკიცების თანახმად, როდესაც რიგ საქმეებზე მართლმსაჯულება გრძელდება, პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალება მართლმსაჯულებაში ჩარევად შეიძლება შეფასდეს. რეალურად, სალომე ზურაბიშვილს სრული უფლებამოსილება გააჩნია იმ 2 საქმეზე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რომლებზეც განაჩენი დამდგარია. უფლებამოსილების გამოყენება კი მართლმსაჯულებაში ჩარევად არ შეიძლება შეფასდეს.
მეორე მტკიცების თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას ,,შინაარსი და დასაბუთება სჭირდება“. რეალურად, შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებისას პრეზიდენტი სარგებლობს ფართო დისკრეციით. იგი არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებამდე არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, არამედ აღნიშნული ვალდებულება მას არავის წინაშე არც შეწყალების შემდეგ არ წარმოეშობა.
მესამე მტკიცების თანახმად, იმ ფაქტმა, რომ სააკაშვილის მიმართ არსებობს შესაბამისი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები, შესაძლოა გარკვეული ,,კითხვის ნიშნები წარმოშვას’’. რეალურად, როდესაც პრეზიდენტი შეწყალების უფლებამოსილებას იყენებს, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ყოველთვის არის სახეზე.
ანალიზი:
2022 წლის 25 ნოემბერს ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. მან პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილების ზოგიერთ ასპექტზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა:
,,როდესაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რიგ საქმეებზე მართლმსაჯულება გრძელდება და განაჩენი დამდგარი არ არის, პრეზიდენტის მიერ ასეთი დისკრეციული უფლების გამოყენება, მართლმსაჯულებაში ჩარევად შეიძლება შეფასდეს’’,
,,პატიმრის შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციას კი წარმოადგენს, მაგრამ ამას შინაარსი და დასაბუთება აუცილებლად სჭირდება’’,
,,თუკი ის ამ დისკრეციას გამოიყენებს…შესაძლებელია, კითხვის ნიშანი დაისვას, რადგან არსებობს შესაბამისი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები.’’
,,ფაქტ-მეტრმა’’ დავით მათიკაშვილის განცხადების სამივე ნაწილი გადაამოწმა.
პირის შეწყალება, როდესაც რიგ საქმეებზე მართლმსაჯულება გრძელდება
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ არის ცნობილი (ე.ი. მსჯავრდებულია) სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. თუმცა ამ საქმეების გარდა მას ბრალი აქვს წარდგენილი (ე.ი. ბრალდებულია) სამ საქმეში. სწორედ აღნიშნულზე აპელირებს დავით მათიკაშვილი, როდესაც შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმაზე დაყრდნობით, რომ ,,მართლმსაჯულება გრძელდება და განაჩენი დამდგარი არ არის’’.
საქართველოს კონსტიტუციიდან ნათლად იკვეთება, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება მსჯავრდებულ პირებს მიემართება. ბრალდებულთა შეწყალებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილი მოკლებულია შესაძლებლობას შეწყალების უფლებამოსილება გამოიყენოს იმ საქმეების მიმართ, რომლებშიც სააკაშვილი ბრალდებულია, თუმცა მას სრული უფლებამოსილება გააჩნია მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს იმ 2 საქმეზე, რომელშიც იგი მსჯავრდებულია.
თუ სალომე ზურაბიშვილი ორი საქმის მიმართ გამოიყენებს შეწყალების უფლებამოსილებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფაქტობრივი მოცემულობა შეიცვლება და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, რადგან ნებისმიერ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება კვლავ შეუძლებელი იქნება, თუმცა ეს არ ართმევს პრეზიდენტს შესაძლებლობას იმ საქმეებზე, რომლებზეც განაჩენი დამდგარია, საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენოს.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მათიკაშვილი სალომე ზურაბიშვილის შესაძლებლობას, გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება იმ ორ საქმეზე, რომლებშიც სააკაშვილი მსჯავრდებულია, გამორიცხავს, რითაც გაუმართლებლად ავიწროებს პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებს. სწორედ ამიტომ მის მიერ იმის მტკიცება, რომ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებით სალომე ზურაბიშვილი მართლმსაჯულებაში ჩაერევა, მანიპულირებას წარმოადგენს.
სჭირდება, თუ - არა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას ,,შინაარსი და დასაბუთება’’
შეწყალება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური კომპეტენცია და შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებისას პრეზიდენტი სარგებლობს ფართო დისკრეციით.
საქართველოს კანონმდებლობა ნათლად აჩვენებს, რომ ამ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას პრეზიდენტი თავისუფალია საპარლამენტო რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი რიგი ტენდენციებისგან, რაც გამორიცხავს პრეზიდენტის ანგარიშვალდებულებას ვინმესთან შეათანხმოს თავისი გადაწყვეტილება ან რაიმე სახის აქტით დაასაბუთებს/გაამართლოს ის.
ზოგადად, შეწყალების მექანიზმის მოდელები, განსხვავდება სახელმწიფოების მმართველობის სისტემების მიხედვით. სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებით შესაძლოა უფლებამოსილების განხორციელება ითვალისწინებდეს კონტრასიგნაციას (,,კონტრასიგნაცია’’ პრემიერ-მინისტრის მიერ იმ აქტზე ხელმოწერას გულისხმობს, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის მიერ არის გამოსული, რითაც პრემიერ-მინისტრი ადასტურებს იმას, რომ ამ აქტის თაობაზე პოლიტიკურ და იურიდიულ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს) საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის (თანახელმოწერა) თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც უკავშირდება მსჯავრდებულთა შეწყალებას არ საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, რაც ნათლად უსვამს ხაზს აღნიშნული უფლებამოსილების ფართო, შეუზღუდავ ხასიათს. აღნიშნულს ადასტურებს კანონში დეკლარირებული სხვა ტენდენციებიც. მაგალითად, მსჯავრდებულთა შეწყალებისას პრეზიდენტი არ ეწევა ადმინისტრაციულ საქმიანობას, რის გამოც მისი განკარგულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არ ექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რეგულირების სფეროში და შესაბამისად, არ საჩივრდება სასამართლოში. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულებით, „საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და/ან #120 ბრძანებულებით მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე“. აღნიშნული დებულება ითვალისწინებს მსჯავრდებულის შეწყალებას პრეზიდენტის მიერ პირდაპირი წესით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით და სხვ.
სავსებით რელევანტურია ვიმსჯელოთ დისკრეციის ამგვარი, ფართო ხასიათის პრობლემურობაზე. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში შესაძლოა განუჭვრეტელი იყოს რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეიწყალა პრეზიდენტმა ესა თუ ის პირი. ეჭვები წარმოგვეშვას პრეზიდენტის მიერ ამ უფლების მიკერძოებულად გამოყენებასთან მიმართებით და ა.შ. თუმცა ფაქტია, რომ არსებული საკანონმდებლო რეალობით პრეზიდენტი მსჯავრდებულთა შეწყალების დროს სარგებლობს ფართო დისკრეციით და იგი არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებამდე არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, არამედ აღნიშნული ვალდებულება მას არც შეწყალების შემდეგ არ წარმოეშობა. აქედან გამომდინარე, დავით მათიკაშვილის განცხადების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას შინაარსი და დასაბუთება სჭირდება, წარმოადგენს ტყუილს.
თუკი ის ამ დისკრეციას გამოიყენებს…შესაძლებელია კითხვის ნიშანი დაისვას, რადგან არსებობს შესაბამისი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები
განცხადების ბოლო ნაწილში დავით მათიკაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ მიზეზით, რომ ,,არსებობს შესაბამისი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები...სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენაშია მხილებული’’.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ განცხადების პირველ ნაწილში დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება მათიკაშვილმა იმ მიზეზით დააყენა ეჭვქვეშ, რომ ,,რიგ საქმეებზე მართლმსაჯულება გრძელდება’’, ამ შემთხვევაში კი დისკრეციის გამოყენების კანონიერებას იმ მიზეზით აყენებს ეჭვქვეშ, რომ ,,არსებობს შესაბამისი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები’’, რაც აჩენს ლოგიკურ კითხვას, რა შემთხვევაში არ გახდება პრობლემური მათიკაშვილის აზრით სალომე ზურაბიშვილის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება?!
რეალურად, ის ფაქტი, რომ ,,არსებობს შესაბამისი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები’’ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არა თუ გარკვეული კითხვების წარმოშობის არამედ, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მთავარ საფუძველს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს მსჯავრდებულს და სწორედ მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირებზე ვრცელდება პრეზიდენტის შეწყალების უფლებაც. აქედან გამომდინარე, დავით მათიკაშვილის განცხადების ეს ნაწილიც, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ფასდება ვერდიქტით ტყუილი.