დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა სხვა საკითხებთან ერთად ახალ წელს გასამართ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში საახალწლო ილუმინაციები და მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება.

ჩვენ დავინტერესდით, საახალწლო განათებებზე რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა.

„თბილსერვის ჯგუფმა“ მიმდინარე წელს საახალწლო განათებების და ფეიერვერკების შესაძენად ჯამში 6 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერების ჯამური ღირებულება 2.3 მლნ ლარია. აღსანიშნავია, რომ 6 ტენდერი ორმა კომპანიამ მოიგო, 4 ტენდერში გამარჯვებულად შპს „ღამის შოუ სტუდია“ გამოცხადდა, რომელიც ოთხივე შემთხვევაში უკონკურენტო იყო, ხოლო 2 ტენდერი შპს „დანდმა“ მოიგო, რომელსაც მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჰყავდა კონკურენტი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შპს „დანდის“ კონკურენტის - შპს „ჯეოლაითის“ შეთავაზებული ფასი უფრო დაბალი იყო, კომპანია ტენდერიდან ტექნიკური დოკუმენტაციის გამო იქნა დისკვალიფიცირებული.

5 ტენდერის ფარგლებში საახალწლო განათებები იქნა შეძენილი. ჯამში, 44 ცალი სხვადასხვა სიდიდის გულის ფორმის განათება (ერთეულის ფასი 3200 და 4500 ლარი), 60 ცალი მეტეორი (ერთი ერთეულის ფასი 1200 ლარი), 34 ოვალი (ერთეულის ფასი 4500 ლარი), 34 წრე (ერთეულის ფასი 4200 ლარი), 160 ცალი სტრინგ განათება (თითოეულის ფასი 350 ლარი), მრგვალი ბრტყელი სანათი 250, 150 და 90 სმ დიამეტრიანი, ჯამში 176 (შესაბამისად, ერთეულის ფასი 300, 1700, 900 ლარი), 25 000 ცალი 10-მეტრიანი მანათობელი თოკი (ერთეულის ფასი 48.5 ლაღი), 500 ცალი მანათობელი ფარდა (ღირებულება 105 და 155 ლარი) და 50 ცალი მანათობელი ბადე (თითოეულის ფასი 147 ლარი).

რაც შეეხება მეექვსე ტენდერს, მის ფარგლებში 82 ცალი ფეიერვერკი იქნა შესყიდული, სადაც ერთი ერთეულის ღირებულებამ 3 550 ლარი შეადგინა (ჯამში 291 000 ლარი).

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის საახალწლო განათებების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერებიც იგივე კომპანიებმა - „ღამის შოუ სტუდიამ“ და „დანდმა“ მოიგეს.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ ზემოთ განხილული თანხები თბილისის 2023 წლის საახალწლო ხარჯების მხოლოდ ნაწილია, დასახელებულ თანხებს საახალწლო ღონისძიებების უზრუნველყოფის და გალა კონცერტის ხარჯიც დაემატება.

თბილისის მერიას საახალწლო ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაზე 10-ზე მეტი ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს, რომელთა ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარს აღემატება. ტენდერების უმრავლესობა ჯერ დაკონტრაქტებული არ არის. შესაბამისად, შესყიდვების საბოლოო ღირებულება უფრო ნაკლები იქნება. აღნიშნული ტენდერები, სცენის მოწყობას, სასცენო განათებების და სხვა სასცენო მომსახურებას, კონცერტის მოსაწყობი აპარატურის მომსახურებას, საახალწლო ღონისძიებების გენერატორით მომსახურებას, ელექტრო გამათბობლებით უზრუნველყოფას, ბიო ტუალეტების მოწყობას და ა.შ. მოიცავს.

აქვე შეგახსენებთ წინა წლების საახალწლო ღონისძიებების ხარჯებს.

მიმდინარე წლის საახალწლო აქსესუარების და ღონისძიებების ხარჯმა ჯამში 3.5 მლნ ლარი შეადგინა. შედარებით მოკრძალებული იყო 2021 წლის საახალწლო ხარჯი. როგორც გვახსოვს, 2020 წლის საახალწლო ნაძვის ხე მილიონი ლარი დაჯდა. მისმა ფორმამ და ფასმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, მომდევნო - 2021 წელს, თბილისის მერიამ „მილიონიანი“ ნაძვის ხის გალამაზება გადაწყვიტა და ტოტები და წიწვები დაუმატა, რაზეც 103 850 ლარი დაიხარჯა. სულ 2021 წლის საახალწლო ღონისძიებების ხარჯი შედარებით მცირე იყო და ჯამში 615 640 ლარი შეადგინა.

როგორც აღვნიშნეთ, 2020 წელს მხოლოდ საახალწლო ნაძვის ხეზე მილიონი ლარი დაიხარჯა, სულ საახალწლო აქსესუარები და ღონისძიებები ჯამში 3.6 მლნ ლარი დაჯდა. 2019 წლის საახალწლო ხარჯი 2 მლნ ლარზე მეტი, 2018 წელს კი ახალი წლის აღნიშვნა დედაქალაქს 3 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.

როგორც ვხედავთ, ბოლო წლებში დედაქალაქის საახალწლო აქსესუარებზე და ღონისძიებებზე საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება. შედარებით ნაკლებხარჯიანი 2021 წლის ახალი წელი იყო, რაც იმით იყო განპირობებული, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე და იმ პერიოდში არსებული შეზღუდვების გამო, თბილისის მერიამ მხოლოდ საახალწლო აქსესუარები შეიძინა და დედაქალაქში სხვა საახალწლო ღონისძიებები არ გამართულა.

ჩვენ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების მიმდინარეობას თვალს მივადევნებთ და დედაქალაქის 2023 წლის საახალწლო ღონისძიებების და აქსესუარების საბოლოო ხარჯის შესახებ ინფორმაციას მკითხველს მოგვიანებით მივაწვდით.