სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება პოსტები, თითქოს შვედი მეცნიერი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად ადამიანის ხორცის ჭამას მიიჩნევს გამოსავლად. პოსტების თანახმად, სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა და მკვლევარმა მაგნუს სოდერლენდმა განაცხადა, რომ „ადამიანის ხორცის ჭამა, განსაკუთრებით მიცვალებულთა ცხედრების, შეიძლება კაცობრიობას გადარჩენაში დაეხმაროს“. აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროდ Epoch Times-ი არის წარმოდგენილი. რეალურად, შვედი მეცნიერი კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად ადამიანებს ერთ-ერთ გამოსავლად კანიბალიზმს არ სთავაზობდა. სინამდვილეში, სოდერლენდი ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, სწავლობდა, თუ რა არის მისაღები და მიუღებელი საკვები ადამიანებისთვის, როგორც მიმდინარე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ისე შემდგომში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საკვების დეფიციტის შექმნისას.

შვედი მეცნიერის, მაგნუს სოდერლენდის მიერ კანიბალიზმის ადვოკატირების შესახებ სოციალურ ქსელებსა და მედია სივრცეში ინფორმაცია ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბრიდან ვრცელდება.

The Epoch Times-მა, რომელსაც ქართველი მომხმარებლებიც ინფორმაციის პირველწყაროდ მოიხსენიებენ, 2019 წლის სექტემბერში სტატია გამოაქვეყნა სათაურით - „შვედი მეცნიერი მხარს უჭერს ადამიანის ხორცის ჭამას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საკვების დეფიციტთან“. სტატიაში კი მოცემული იყო შემდეგი ტექსტი:

„კლიმატის ცვლილების განგაშმა საშიში სახე მიიღო, რომელიც სატირას ჰგავს, მაგრამ არ არის. მომავლის საკვების სამიტზე (კლიმატით განადგურებული მომავალი) სახელწოდებით „გასტრო სამიტი“, სტოკჰოლმში 3-4 სექტემბერს, პროფესორმა პრეზენტაცია გამართა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ჩვენ უნდა გავაღვივოთ იდეა მომავალში ადამიანის ხორცის ჭამის შესახებ, როგორც კლიმატის ცვლილების შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის გზა.

მოხსენებაში სახელწოდებით „წარმოგიდგენიათ ადამიანის ხორცის ჭამა“, ბიჰევიორისტმა მეცნიერმა და მარკეტინგის სტრატეგმა, მაგნუს სოდერლენდი სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლიდან საუბრობდა, უძველესი ტაბუების შესახებ ადამიანის ცხედრის შეურაცხყოფასა და ადამიანის ხორცის ჭამაზე. ის აღნიშნულის წინააღმდეგ მიმართულ ტაბუებს „კონსერვატიულად“ მოიხსენიებს და ხალხის წინააღმდეგობას განიხილავს, როგორც პრობლემას, რომლის დაძლევაც ნელ-ნელა შესაძლებელია ხალხის დარწმუნებით, რომ უბრალოდ გასინჯოს ის“.

The Epoch Time-ის სტატია მოიცავდა სხვა ცნობებსაც, მაგალითად, Fox News-ის გამოქვეყნებული სტატიას სათაურით „შვედი მეცნიერი ადამიანის ხორცის ჭამას გლობალური კლიმატის ცვლილების გამოსავლად სთავაზობს“ და London Evening Standard-ს სტატიას სათაურით - „მეცნიერი გვთავაზობს „ადამიანის ხორცის ჭამას“ კლიმატის ცვლილებებთან გასამკლავებლად“. ინფორმაცია ვებგვერდებზეც გავრცელდა Breitbart-სა და Hannity.com-ზე. ცნობისთვის, The Epoch Times არის საერთაშორისო მედია, რომელიც 21 ენაზე გამოიცემა. Media Bias/Fact Check-ის თანახმად, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება, „The Epoch Times“ არაზუსტი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაშია შემჩნეული.

რეალურად, გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა სოდერლენდის, TV4-ისთვის მიცემულ 3 სექტემბრის ინტერვიუს ეფუძნება. ინტერვიუში სოდერლენდი აცხადებს, რომ გასტრო სამიტზე მისი პრეზენტაცია „სხვადასხვა სახის საკვების გამოკვლევის სერიის ნაწილი იყო, რათა ენახა სად გადის ზღვარი“.

ინტერვიუ შვედურ ენაზე არის მიცემული, ხოლო მისი გარკვეული მონაკვეთების ინგლისურენოვანი თარგმანი ამერიკულ ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Snope-ს, ევროპაში ინგლისურენოვანი ახალი ამბების ვებსაიტების ქსელის, The Local-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს სავიჯმა მიაწოდა. „როდესაც საქმე ეხება ადამიანის ხორცს, არსებობს სხვადასხვა ტაბუ, რომელთა დამსხვრევაც ძნელია და ალბათ, ადამიანის ხორცი ჩვენს დროში არასდროს იქნება ფართომასშტაბიანი მოხმარების საგანი დასავლეთში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი ტაბუ არსებობს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რატომ არ გვინდა რაღაცის გაკეთება. შეიძლება ითქვას, რომ ეს პრეზენტაცია არის კვლევის ნაწილი იმისა, რასაც ადამიანები თავს არიდებენ“.

ადამიანის ხორცის ჭამასთან დაკავშირებულ ტაბუზე სოდერლენდმა თქვა, რომ ეს რთული იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ადამიანის ხორცის ბიზნესში დამკვირდება მოუნდება“.

ერთ მონაკვეთში ინტერვიუერი სოდერლენდს ეკითხება, რამდენად სავარაუდოა, რომ ადამიანის ხორცის ჭამა ისეთივე პოპულარული გახდება, როგორც აქამდე მწერების ჭამის რეკლამირება იყო, რაც ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად და საკვების დეფიციტის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო მიმართული. სოდერლენდმა პასუხად განაცხადა, რომ კანიბალიზმი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმზიდველი აღმოჩნდეს.

„ორნახევარი მილიარდი ადამიანი მეტ-ნაკლებად რეგულარულად ჭამს მწერებს, მაგრამ ისინი არ ცხოვრობენ დასავლურ სამყაროში. კვლევები, რომლებიც ჩატარდა ადამიანის დამოკიდებულებაზე მწერების, როგორც საკვების მიმართ, აჩვენებს, რომ ძალიან ცოტა ადამიანი მიიჩნევს მწერების ჭამას მიმზიდველად და სურს რომ გასინჯოს ის. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ადამიანის ხორცის ჭამას კიდევ უფრო დიდი „ზიზღის ფაქტორი“ ექნება.... თუმცა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც საქმე კლიმატსა და მდგრადობას ეხება, ღირს ამ კითხვის ღიად დასმა“.

ამდენად, სხვადასხვა სტატიისა თუ რეპორტაჟის მიერ გავრცელებული განცხადებებისგან განსხვავებით, სოდერლენდს მხარი არ დაუჭერია, არც საზოგადოებისთვის შეუთავაზებია კანიბალიზმი, როგორც კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების გადაწყვეტად. მეცნიერმა ინტერვიუში განმარტა, რომ მისი კვლევისა და გასტრო სამიტის პრეზენტაციის მიზანი იყო ფიქრის სტიმულირება იმაზე, ადამიანები კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, ან კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული საკვების დეფიციტის პირობებში, თუ რას გააკეთებდნენ ან არ გააკეთებდნენ, ან მოიხმარდნენ.

Snope-თან გაგზავნილ წერილში შვედი მეცნიერი წერს, რომ მედიაში ინფორმაცია არასწორად გავრცელდა. „რადგანაც ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მათ აღარ სურთ ტრადიციული ხორცის ჭამა, ვიღაცას დააინტერესებს, მაშინ რა შეიძლება ვჭამოთ მის ნაცვლად. ამის შესახებ გარკვეული მოსაზრებების შესაგროვებლად, მქონდა შესაძლებლობა რომ ბაზარზე ადამიანებისთვის კითხვები დამესვა. მე ვაჩვენე ბევრი პროდუქტი და ვკითხე მონაწილეებს შეჭამდნენ, თუ - არა მათ, ხოლო თან ვცვლიდი კონტენტს (ძროხის, ვეგეტარიანული ხორცის შემცვლელი, მწერები და სხვა). ადამიანის ხორცი ერთ-ერთ ვერსიად იყო წარმოდგენილი, როგორც უკიდურესი შემთხვევა იმისათვის, რომ დაგვენახა სად არის ზღვარი“. მეცნიერმა აქვე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ ეს ინფორმაცია დამახინჯებული სახით დამსწრეთაგან რადიკალმა აქტივისტებმა გაიტანეს და გაავრცელეს. მანვე წერილის ბოლოში დაწერა: „მე არ მსურს ადამიანის ხორცის ჭამა, არც მინდა რომ შემჭამონ, არ ვფიქრობ რომ ადამიანის ჭამას გავლენა აქვს კლიმატზე, მე არ ვარ აქტივისტი, მე უბრალოდ ვარ მკვლევარი, რომელიც ფიქრობს, რომ შესაძლებელი უნდა იყოს კითხვების დასმა იმ ბნელი მხარეების შესახებ, რასაც ადამიანები ვაკეთებთ და არ ვაკეთებთ“.

ამდენად, სოციალურ სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შვედი მეცნიერი საზოგადოებას კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ადამიანის ხორცის ჭამას ურჩევს, შეცდომაში შემყვანია.

სტატია მომზადებულია Snope-ის მასალის მიხედვით

---------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი