ესპანური მოდის სახლი Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, რამდენიმე კვირის წინ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და საზოგადოების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიის ონლაინპლატფორმებზე განთავსების შემდეგ, მოდის სახლს პედოფილიასა და ბავშვთა პორნოგრაფიის კონტექსტის შემცველი მასალის გავრცელებაში ადანაშაულებენ. Balenciaga-ს გარშემო გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებსა და საინფორმაციო კამპანიას, სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაც მოჰყვა. კერძოდ, 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტში Facebook-გვერდი „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ მოდის სახლ Balenciaga-ს შესახებ ამტკიცებს, რომ ბრენდის სახელწოდება ბრიტანელ სატანისტ ალისტერ კროულს უკავშირდება, რომლის წიგნის დევიზიც იყო „აკეთე ის, რაც გსურს“: „აკეთე ის რაც გსურს“(„ba len ci aga“), სატანისტი პედოფილი კაბალისტის - ალისტარ კრაულის დევიზი, რომელიც ლუციფერიანელების ერთ-ერთ მთავარ დევიზად ითვლება“, - ვკითხულობთ Facebook-გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
Facebook-გვერდის მიერ გავრცელებულ პოსტში Balenciaga-ს სახელწოდება დაკავშირებულია ბრიტანელ სატანისტ ალისტერ კროულთან, რომლის დაწერილი „სამართლის წიგნის“ მთავარი დევიზია „აკეთე ის, რაც გსურს“. აღსანიშნავია, რომ Balenciaga-ს სახელწოდების წარმოშობის შესახებ დეზინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელ Instagram-ზე ამერიკელმა რეჟისორმა და ბლოგერმა რობი სტარბაკმა განსხვავებული ფორმით გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ Balenciaga-ს ისტორიის გარშემო არსებული ბოროტება სულ უფრო საშიშ ელფერს იძენს. ამერიკელი ბლოგერის მიერ გავრცელებული ვერსიის მიხედვით „Balenciaga“ ლათინურიდან ითარგმნება როგორც „Baal is the king“. რობი სტარბაკის თანახმად, „Baal“ ნიშნავს დემონს. აღსანიშნავია ისიც, რომ სიტყვა „Baal“ Balenciaga-ს სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთ ფოტოს უკავშირდება, სადაც მსგავსი წარწერა ყვითელ წებოვან ლენტზე იკითხება.
ამასთან, გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ Google სათარგმნი სისტემა მომხმარებელს ძიებას სთავაზობს არა ლათინურიდან, არამედ სეპედიდან (Sepedi), რომელიც არის ბუნტუს დიალექტი და მასზე სამხრეთ აფრიკის პროვინციებსა და ლესოტოში საუბრობენ.
ამავე წინადადების ლათინურიდან თარგმანის დამოუკიდებლად გადამოწმების დროს მოწყობილობამ შემოგვთავაზა თარგმანი ჩრდილოეთ სოთოს (Northern Sotho) ენაზე. თუმცა, ამ ენაზე Google Translate-ში რივერსული თარგმანის შედეგად წინადადება „Baal enci aga“ ითარგმნება როგორც „wings enci aga“, და არავითარი კავშირი არ აქვს დემონთან ან მეფესთან.
აღსანიშნავია, რომ სიტყვა „Baal“-ის მნიშვნელობის დემონთან სავარაუდო კავშირზე ვკითხულობთ Villains Wiki-ზე (Villains Wiki წარმოადგენს ფილმების, კომიქსების, ვიდეო თამაშებისა თუ წიგნების ბოროტმოქმედი პერსონაჟების ბაზას), სადაც „Ba’al“ ან ზოგჯერ, „Bael“, ქრისტიანულ დემონოლოგიაში ჯოჯოხეთის შვიდ პრინცს შორის ერთ-ერთთან არის გაიგივებული. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ „Baal“ ღვთაების სახელიცაა, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში სცემდნენ თაყვანს და ქანანელები მას ნაყოფიერების ღვთაებად მიიჩნევდნენ. ამ სიტყვას ებრაულ ენაში „მფლობელის“ ან „ბატონის“ მნიშვნელობა აქვს. ენციკლოპედია Britannica-ს განმარტებით, „Baal“ ნიშნავს ბიბლიურ წინასწარმეტყველს ან ბატონს. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლათინურ ენაში არ არსებობს სიტყვა „enci“, ანალოგიურად, არ არსებობს სიტყვა „aga“. სიტყვა „არის“ ლათინურად არის "est", ხოლო „მეფე“ ითარგმნება როგორც "rex".
Balenciaga-ს სახელწოდების მნიშვნელობასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია გადაამოწმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Leadstories-მა და გამოცემა Newsweek-მაც. აღმოჩნდა, რომ გავრცელებულ ორ ვერსიას შორის არც ერთი არ უკავშირდება ბრენდ Balenciaga-ს სახელწოდებას. ლათინური ენის ექსპერტი ტეილორ მარშალი გავრცელებულ ინფორმაციას ყალბს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სიტყვა „Ba len ci aga“ არ არის ლათინური ენიდან და არ ითარგმნება როგორც „აკეთე ის, რაც გსურს“. წინადადება ლათინურ ენაზე ითარგმნება როგორც „fac sicut vis“, შესაბამისად, მას სატანისტ ოლივერ კროულის მოტოსთან არავითარი კავშირი არ აქვს - „ეს არ არის სწორი თარგმანი და წარმოადგენს გაყალბებულ ვერსიას. ლათინურს 12-15 წელია ვსწავლობ და შემიძლია ვთქვა, რომ სიტყვები „Ba len ci aga“, არ არის ლათინური სიტყვები და არ ითარგმნება როგორც „აკეთე ის, რაც გსურს“, - აცხადებს (5:03 წუთზე) მარშალი YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ამასთან, კომპანიის სახელწოდება „Balenciaga“, რეალურად, მოდის სახლის დამფუძნებლის და ესპანელი მოდის დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას გვარიდან მომდინარეობს, გვარი Balenciaga კი ბასკური წარმოშობისაა. ამავე გვარის სხვა ცნობილი ადამიანები არიან ტაილანდელი მსახიობები, (რომლებსაც ჰყავთ ესპანელი მამა) რასრი და სადანუნ ბალენსიაგები. Forebear-ის ვებგვერდზე, რომელიც თავს უყრის გვარებისა და მათი წარმოშობის შესახებ მონაცემებს, ჩანს რომ გვარი ბალენსიაგა ყველაზე ხშირად ესპანეთში გვხვდება, კონკრეტულად კი - ბასკეთში.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომ Balenciaga-ს სახელწოდების წარმოშობა ბრიტანელ სატანისტ ოლივერ კრაულს ან დემონებს უკავშირდება, საფუძველსაა მოკლებული და ყალბია.
აღსანიშნავია, რომ Balenciaga-ს კამპანიის ფოტოების სოციალურ ქსელში გასაჯაროებას საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. Balenciaga-თვის გადაღებულ საყოფაცხოვრებო ნივთების სარეკლამო კამპანიაში, ბავშვებს სექსუალური ელემენტების შემცველი, სათამაშო დათუნიების ფორმის ჩანთები ეკავათ. ამასთან, ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც Balenciaga-სა და Adidas-ის კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი ჩანთა ჩანდა, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 2008 წლის გადაწყვეტილების ამობეჭდილი ვერსიაც მოჩანდა, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიას ეხება. აღნიშნული კამპანიების გამო ბრენდი მომხმარებლებმა გააკრიტიკეს და ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის რეკლამირებაშიც დაადანაშაულეს. Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ ბრენდის პლათფორმაზე გამოქვეყნებული ფოტოების გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ის ბავშვთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ერთად ეცდება პრობლემის მოგვარებაში წვლილის შეტანას. განცხადების გავრცელებიდან მალევე კომპანიამ განაცხადა, რომ სასამართლოს სარჩელით მიმართა კომპანია North Six-ის წინააღმდეგ, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა კამპანია. აღნიშნულ სარჩელში Balenciaga დავობს, რომ გადაღებული ფოტოები მათი თანხმობის გარეშე გავრცელდა და გააჩინა ცრუ ასოციაცია Balenciaga-სა და ბავშვთა პორნოგრაფიას შორის“. თუმცა, კომპანიის ადვოკატი, რომელსაც Balenciaga უჩივის, აცხადებს, რომ გადაღებებს კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დოკუმენტების შესახებ იცოდნენ და სხვა რეკვიზიტებიც თავად მიიტანეს. 2 დეკემბერს Balenciaga-მ საკუთარ Instagram-გვერდზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ორგანიზაციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ „საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლონ“, რათა მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.
----------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.