ბოლო ერთ წელიწადში ქვეყანაში საარსებო მინიმუმი, ანუ ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი ხარჯები, 13.2%-ით, ხოლო ორწლიან პერიოდში - 35.2%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 253.9 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელს 29.7 ლარით აღემატება.
საარსებო მინიმუმის ზრდას სამომხმარებლო ფასების ზრდა [ინფლაცია] განაპირობებს. 2021-2022 წლებში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ფასების მკვეთრი ზრდა, ანუ ორნიშნა ინფლაციაა. 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 10.6% შეადგინა. ინფლაციის დონე კიდევ უფრო მაღალია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ფასები ბოლო ერთ წელიწადში 15.8%-ით არის გაზრდილი.
საარსებო მინიმუმი კარგი კრიტერიუმია იმის შესაფასებლად, თუ რამდენად გაძვირდა ქვეყანაში ცხოვრება [არსებობა]. თუმცა არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ მინიმალური სასურსათო კალათის ფასის ცვლილებას გვიჩვენებს და ის ადამიანის საჭიროებებს რეალურად არ ასახავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეალური საარსებო მინიმუმი გაცილებით მაღალია.
ცხრილი 1: შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2020-2022 წლებში (ლარი)
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი | |
2020 | 197,0 | 199,0 | 206,1 | 199,6 | 189,6 | 186,1 | 183,5 | 182,3 | 184 | 184,7 | 189,5 | 192,5 |
2021 | 195,6 | 197,2 | 201,0 | 202,8 | 205,6 | 214,5 | 218,3 | 221,1 | 216,3 | 224,2 | 223,7 | 223,5 |
2022 | 226,2 | 231,3 | 238,2 | 241,2 | 245,1 | 255,3 | 245,3 | 246,8 | 247,3 | 253,9 |
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორ ხდება საარსებო მინიმუმის გაანგარიშება?
საქსტატის მეთოდოლოგიით, საარსებო მინიმუმი იმ მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, რომელიც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას შეიცავს. სასურსათო კალათის შემადგენლობა, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წელს განისაზღვრა. ის 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს - პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა, რაც ჯამში 2 300 კილოკალორიას შეადგენს.
მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ჯამური ღირებულება 0.86-ზე, ე.წ. „შევაჭრების კოეფიციენტზე“, მრავლდება. ეს არის დაშვება, რომ ადამიანი პროდუქტს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ვაჭრობის ან ფასდაკლების შედეგად, 14%-ით იაფად ყიდულობს. ამის შემდეგ, სასურსათო კალათის ღირებულება 0.7-ზე იყოფა, რადგან საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები. მიღებული რიცხვი წარმოადგენს მოცემულ თვეში საარსებო მინიმუმის ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის. აქვე განვმარტავთ, არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ის სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის ცვლილებაზე გავლენა მხოლოდ სურსათის ფასებს აქვს.
საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადასახედია და რეალურად ის გაცილებით მაღალია. ხარჯების ამგვარი გადანაწილება - სასურსათო ხარჯები 70%, არასასურსათო ხარჯები 30%, რეალური საარსებო მინიმუმის ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. რეალურად, არასასურსათო ხარჯების წილი ( რომელიც მოიცავს ტრანსპორტის, ტანსაცმლის, კომუნალურების, ჯანდაცვისა და სხვა ხარჯებს) გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული საარსებო მინიმუმის 30%. აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება და ახალი ზღვრის დაწესება 2012 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. თუმცა, ეს დაპირება არ შესრულებულა.
საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება და რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში საარსებო მინიმუმი ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია. ამასთან, საარსებო მინიმუმი ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონის, სიღარიბის მაჩვენებლის განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.