საბა ბუაძე: თბილისის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს თანხებს ავტობუსების შესასყიდად, რასაც ყველა თბილისელი ელოდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საბა ბუაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ( EBRD) 160-მილიონიან სესხზე, რომლის ფარგლებში 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო, უარი განაცხადა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსების შესაძენი თანხა ბიუჯეტიდან ეტაპობრივად გამოიყოფოდა.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის (პირველი ვარიანტი) მიხედვით, ტრანსპორტის განვითარებისთვის 330.4 მლნ ლარია გათვალისწინებული, თუმცა პროგრამის და მისი ქვეპროგრამების განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალში ავტობუსების შესყიდვა ასახული არ არის. როგორ აღვნიშნეთ, ეს ბიუჯეტის მხოლოდ პირველი ვარიანტია, დიდი ალბათობით, მასში გარკვეული ცვლილებები შევა. თუმცა ამ ეტაპისთვის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას არ ითვალისწინებს.
აქედან გამომდინარე, საბა ბუაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარის, საბა ბუაძის განცხადებით, თბილისს აქვს უღიმღამო ბიუჯეტი. „სამწუხაროდ, ბიუჯეტის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს არცერთ ამბიციურ პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება. არ ითვალისწინებს თანხებს ყველაზე საკვანძო მიმართულებით, როგორიც არის ტრანსპორტი. თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ავტობუსების შესყიდვას ელოდება. ვხედავთ, რომ ბიუჯეტში ეს თანხები გათვალისწინებული არ არის და მთლიანობაში, გვაქვს უღიმღამო ბიუჯეტი, რომელშიც კალაძის მრავალწლიანი დაპირებებიც კი სათანადოდ არ არის ასახული“,- განაცხადა საბა ბუაძემ.
როგორც ცნობილია, ცენტრალურმა ხელისუფლებამ, EBRD-ის 160-მილიონიან სესხზე, რომლის ფარგლებში 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენაც უნდა განხორციელებულიყო, უარი განაცხადა.
მაშინ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა: „გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ავტობუსების შესაძენად სესხი არ ავიღოთ და ყოველწლიურად ეტაპობრივად ბიუჯეტიდან მოხდება მისი დაფინანსება და შესაბამისი ავტობუსების შეძენა“.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით (პირველი ვარიანტი) ტრანსპორტის განვითარებისთვის (01.02) 330 357 000 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით ამავე პროგრამისთვის 22 მილიონი ლარით მეტი იყო გამოყოფილი.
აღნიშნული პროგრამა შემდეგ ქვეპროგრამებს ითვალისწინებს: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიება (30.3 მლნ ლარი), საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზება (20 მლნ), მეტროს სადგურის რეკონსტრუქცია, მშენებლობა (4 მლნ), საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდირება (276 მლნ), რაშიც საბაგირო ტრანსპორტის განვითარებაც შედის ( ცალკე თანხა განსაზღვრული არ არის).
დასახელებული ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებების ჩამონათვალში ავტობუსების შესყიდვა გათვალისწინებული არ არის. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების ქვეპროგრამის განმარტებაში აღნიშნულია, რომ ქვეპროგრამით გათვალისწინებული 30 მლნ ლარიდან - 5 მლნ ლარი ავტობუსების პროექტის სესხის მომსახურების II ფაზის ფარგლებში ავტობაზის მშენებლობისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადს, 9 მლნ ლარი - გონიერი სატრანსპორტო სისტემის (KFW) სესხის მომსახურების ფარგლებში დამატებითი ღირებულების გადასახადს, 20 მლნ ლარი - თბილისის მეტროს პროექტის ფარგლებში დამატებითი ღირებულების გადასახადის მომსახურებას, მოხმარდება.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზეც აღნიშნა, რომ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა ეტაპობრივად განხორციელდება. თუმცა აღნიშნული ავტობუსების შესაძენად თანხა დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯერჯერობით გაწერილი არ არის.
როგორც აღვნიშნეთ, ზემოთ განხილული ბიუჯეტის პროექტი დოკუმენტის პირველი ვარიანტია. სავარაუდოდ, მასში ცვლილებები შევა. თუმცა ამ ეტაპზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავტობუსების შესაძენი თანხა დედაქალაქის ბიუჯეტში ასახული არ არის.
აქედან გამომდინარე, საბა ბუაძის განცხადება არის სიმართლე.
ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის დამტკიცების შემდეგ ჩვენ ამ თემას მივუბრუნდებით და მკითხველს დამატებით ინფორმაციას მივაწვდით.