ლევან დავითაშვილი: მესამე კვარტლის მონაცემებით უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე გავიდა - 15,6%. ასევე ეს უკეთესი მონაცემია იმასთან შედარებით, რაც პანდემიამდე გვქონდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე:
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წინა პერიოდების მაჩვენებელს აჭარბებს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში დასაქმებული იყო დაახლოებით მილიონ სამასორმოცდათვრამეტი ათასი ადამიანი, რაც 2021 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს 6%-ით აღემატებოდა, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 3.6%-ით. 2018 წლის მესამე კვარტლის გამოკლებით, ყველაზე მაღალი იყო სამუშაო ძალის მონაცემიც. 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე 3.9 პროცენტული პუნქტით (პ.პ) არის შემცირებული, ხოლო პრეპანდემიურ - 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 1.2 პ.პ-ით
უმუშევრობის დონე მიმდინარე წლის მესამე კვარტალში არსებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მცირეა. უმუშევრობის დონის შემცირება, სამუშაო ძალის და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე, დადებითი ფაქტია და შესაბამისად, მინისტრის განცხადება სიმართლეს შეესაბამება.
ანალიზი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, დასაქმების სტატისტიკასთან დაკავშირებით განაცხადა: „მესამე კვარტლის მონაცემებით უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე გავიდა – 15,6%. ასევე ეს უკეთესი მონაცემია იმასთან შედარებით, რაც პანდემიამდე გვქონდა“.
საქსტატის მეთოდოლოგიით, უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. აქვე აღსანიშნავია, პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, უმუშევრობის დონე შესაძლოა ტექნიკურად შემცირდეს, სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე. შესაბამისად, ქვეყანაში უმუშევრობის სწორად შესაფასებლად აუცილებელია სამუშაო ძალის და დასაქმების პარამეტრების ანალიზი.
2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობის დონემ 15.6% შეადგინა, რაც არსებული მონაცემებით, მართლაც ყველაზე მცირე მაჩვენებელია. კვარტლურ ჭრილში, დასაქმების სტატისტიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2018 წლიდან აქვეყნებს. ზოგადად, დასაქმების მაჩვენებლების შედარება რელევანტურია ერთი და იგივე კვარტლების შემთხვევაში, რადგან მთლიან სტატისტიკაში, ძლიერია სეზონურობის ფაქტორი. 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე 3.9 პროცენტული პუნქტით (პ.პ) არის შემცირებული, ხოლო პრეპანდემიურ - 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 1.2 პ.პ-ით, რაც დადებით ფაქტს წარმოადგენს.
წარსულში, „ფაქტ-მეტრს“ გადაუმოწმებია განცხადებები, რომლებიც მოიცავდა მტკიცებას უმუშევრობის დონის შემცირების შესახებ, თუმცა აღნიშნული გამოწვეული იყო არა დასაქმებულთა რიცხვის ზრდით, არამედ სამუშაო ძალის შემცირებით.
მოცემულ შემთხვევაში და არსებული სტატისტიკის ფარგლებში, დასაქმების მაჩვენებელი მართლაც ისტორიულ მაქსიმუმზე ფიქსირდება. კერძოდ, 2022 წლის მესამე კვარტალში, საქსტატის მონაცემებით, დასაქმებული იყო დაახლოებით მილიონ სამასორმოცდათვრამეტი ათასი ადამიანი, რაც 2021 წლის III კვარტლის მაჩვენებელს 6%-ით აღემატებოდა, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 3.6%-ით. 2018 წლის მესამე კვარტლის გამოკლებით, ყველაზე მაღალი იყო სამუშაო ძალის მონაცემიც. შესაბამისად, ამ პირობებში, უმუშევრობის დონის შემცირებაც დადებითი ფაქტია.
გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები (კვარტალური), 2018-2022 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური