გიორგი ვაშაძე: 2003-2012 წლებში 10-ჯერ გაიზარდა პენსია, 7.5 დოლარიდან ავიდა 77 დოლარზე, თქვენს დროს რამდენჯერ გაიზარდა პენსია?!

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

18 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პენსიების დინამიკასთან დაკავშირებით განაცხადა: „2003-2012 წლებში 10-ჯერ გაიზარდა პენსია, 7.5 დოლარიდან ავიდა 77 დოლარზე, თქვენს დროს რამდენჯერ გაიზარდა პენსია?!“.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პენსიის დინამიკის განხილვა დოლარში გადაყვანილი მაჩვენებლებით არარელევანტურია. პენსიონერების შემოსავლებიც და ხარჯებიც გამოსახულია ლარში და ვალუტის გაუფასურების თანამდევი ეფექტებიც აისახება ეროვნულ ვალუტაში, ანუ ინფლაციაში და შესაბამისად, უნდა განვიხილოთ რეალური პენსიის დინამიკა. „ფაქტ-მეტრი“, წარსულში, აღნიშნულ თემაზე არაერთხელ წერდა (მაგ: იხილეთ სტატია).

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წელში, ნომინალური პენსია 8.9-ჯერ გაიზარდა, ხოლო დოლარში გამოსახული პენსია, 11.6-ჯერ და 6.5 დოლარიდან, 76 დოლარამდე გაიზარდა. რეალური პენსია, მეორე მხრივ, 5-ჯერ არის გაზრდილი.

ცხრილი 1: ასაკობრივი პენსიის დინამიკა 2003-2012 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ფაქტ-მეტრი, ავტორის გამოთვლები

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სახელმწიფო პენსია 110-125 ლარი (67 წლამდე პენსიონერებისთვის 110 ლარი, 67 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის - 125 ლარი) იყო. 2022 წლის 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსია 260 ლარია (70 წლამდე პენსიონერებისთვის 260 ლარი, ხოლო 70 წელზე უფროსი პენსიონერებისთვის - 300 ლარი). შესაბამისად, პენსიის ზრდა ნომინალურ მაჩვენებელში დაახლოებით 136-40%-ს შეადგენს. გარკვეული კატეგორიის პენსიონერებისთვის პენსია უფრო მეტად არის გაზრდილი. უშუალოდ 2021 წლისთვის, წლიური ინფლაციით კალკულაციის შემთხვევაში, 2012 წელთან შედარებით, რეალური პენსია, 52.3%-ით, ანუ 1.5-ჯერ გაიზარდა, რაც ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობის პერიოდთან შედარებით უფრო მცირე ზრდაა. თუმცა, მეორეს მხრივ, გასათვალისწინებელია საბაზო ეფექტიც, რადგან ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, პენსიის ნომინალური ღირებულება მინიმალური იყო.

დოლარში დაანგარიშებული პენსია 74 დოლარს შეადგენს, რაც 2012 წელთან შედარებით 4 დოლარით ზრდაა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, პენსიის დინამიკის დოლარში დათვლა მანიპულაციურია.

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ გიორგი ვაშაძის განცხადებას ორი კონტექსტი აქვს. პირველი, ეს არის წინა ხელისუფლების დროს პენსიის დრამატული ზრდა, რაც ტექნიკურად სიმართლეა - წინა ხელისუფლების დროს ნომინალური პენსია თითქმის 9-ჯერ, ხოლო დოლარში პენსია - დაახლოებით 11.5-ჯერ გაიზარდა. განცხადების მომდევნო კონტექსტი კი „ქართული ოცნების“ კრიტიკას შეიცავს - რამდენჯერ გაიზარდა პენსია „ქართული ოცნების“ დროს? ამ ნაწილშიც ტექნიკურად გიორგი ვაშაძის განცხადება სწორია - „ქართული ოცნების“ დროს პენსია დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა. მიუხედავად გიორგი ვაშაძის განცხადების ტექნიკური სიზუსტისა, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს რამდენიმე გარემოება. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პენსია, რეალური, ანუ მსყიდველუნარიანობის მიხედვით კორექტირებული, 5-ჯერ გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი ვაშაძე, ნომინალური მაჩვენებლის გამოყენებით, ზრდას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. ამას ემატება ე.წ. საბაზო ეფექტიც - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პენსია 14 ლარი იყო და აქედან ნომინალურად მცირე ზრდით, პროცენტულად მაღალი ზრდა მიიღებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ მართალია, ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში რეალური პენსია მხოლოდ 52%-ით გაზარდა და ეს ნაკლებია წინა ხელისუფლების მიერ დაფიქსირებულ პენსიის ზრდაზე, თუმცა საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც მომდევნო ხელისუფლებები, დროის მოკლე მონაკვეთში, ენმ-ს დროინდელი ზრდის დაფიქსირებას ვეღარ შეძლებენ. ამგვარად, გიორგი ვაშაძე თავის განცხადებაში რიცხვებს სწორად ასახელებს, თუმცა ზოგიერთ საკითხს კონტექსტს მიღმა ტოვებს, შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ გიორგი ვაშაძის ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი