ანა დოლიძე: პენსია არის ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბარა ხელისუფლება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის მცდარი
რეზიუმე:
2012 წელთან შედარებით, პენსიის ზრდა ნომინალურ მაჩვენებელში, მინიმალური პენსიის მიმღებ პენსიონერთა კატეგორიაში 118%-ს შეადგენს. ბუნდოვანია, თუ რა იგულისხმება ანა დოლიძის მიერ აღნიშნულ შემცირებაში. თუმცა პოლიტიკოსებს ხშირად სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებელი დოლარში გადაჰყავთ, რაც არასწორი მიდგომაა. პენსიის თუ სხვა შემოსავლის განხილვისას, სამომხმარებლო ფასების ზრდა - ანუ ინფლაციის მაჩვენებელი, უნდა გავითვალისწინოთ. შესაბამისად, განსახილველია რეალური, ფასების დონეზე კორექტირებული პენსია.
2021 წელს, მინიმალური რეალური პენსია, 2012 წლის ფასებში, 168 ლარს შეადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 2021 წლის აპრილის მდგომარეობით, 240 ლარით იმდენივე პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი, რამდენსაც 2012 წელს 168 ლარად შეიძენდით. 2021 წელს, 2012 წელთან შედარებით, მინიმალური პენსია (110 ლარი) რეალურად (ინფლაციის მაჩვენებლებზე კორექტირებული) დაახლოებით 52%-ით არის გაზრდილი.
ანალიზი:
პოლიტიკური პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ, პენსიებთან დაკავშირებით განაცხადა: „პენსია არის ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბარა ხელისუფლება“.
2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სახელმწიფო პენსია 110-125 ლარი (67 წლამდე პენსიონერებისთვის 110 ლარი, 67 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის 125 ლარი) იყო. 2021 წლის 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსია 240-275 ლარია (70 წლამდე პენსიონერებისთვის 240 ლარი, ხოლო 70 წელზე უფროსი პენსიონერებისთვის 275 ლარი). შესაბამისად, პენსიის ზრდა ნომინალურ მაჩვენებელში დაახლოებით 118-150%-ს შეადგენს. გარკვეული კატეგორიის პენსიონერებისთვის პენსია უფრო მეტად არის გაზრდილი. აქვე აღსანიშნავია, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები საპენსიო დანამატს - პენსიის 20%-ის ოდენობით, იღებენ. პენსიის 220-230 ლარამდე გაზრდა „ქართული ოცნების“ 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რისთვისაც „ქართულ ოცნებას“ 8 წელი დასჭირდა. სამომხმარებლო ფასების დონის ზრდას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ეს დაპირება ისევ შეუსრულებელი დარჩა.
ბუნდოვანია, ანა დოლიძე პენსიების შემცირებაზე, რა მაჩვენებელზე დაყრდნობით მსჯელობს. თუმცა პოლიტიკოსებს ხშირად სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლები დოლარში გადაჰყავთ, რაც არასწორი მიდგომაა. პენსიონერების შემოსავლებიც და ხარჯებიც გამოსახულია ლარში და ვალუტის გაუფასურების თანამდევი ეფექტებიც ეროვნულ ვალუტაში გამოსახულ ფასებში,ანუ ინფლაციაში, აისახება და შესაბამისად, რეალური პენსიის დინამიკა უნდა განვიხილოთ. დროთა განმავლობაში, ინფლაციის გამო, ვალუტის მსყიდველუნარიანობა მცირდება. პირობითად, 1 ლარით ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი. შესაბამისად, რეალური პენსია უნდა ვნახოთ. 2021 წელს, მინიმალური რეალური პენსია 2012 წლის ფასებში 168 ლარს შეადგენს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, 2021 წლის აპრილის მდგომარეობით, 240 ლარით იმდენივე პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი, რამდენსაც 2012 წელს 168 ლარად შეიძენდით. 2021 წელს, 2012 წელთან შედარებით, მინიმალური პენსია (110 ლარი) რეალურად (ინფლაციის მაჩვენებლებზე კორექტირებული) დაახლოებით 52%-ით არის გაზრდილი.
გრაფიკი 1: ნომინალური და რეალური პენსიის დინამიკა 2012-2021 წლებში, ლარებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, „ფაქტ-მეტრის“ არქივი
იმისთვის, რომ პენსიის ღირებულება შემცირებულიყო, 2013-2021 წლებში, ასაკობრივი პენსიის ზრდის პროპორციულად, ფასების დონე მინიმუმ 118%-ით უნდა გაზრდილიყო. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში, ზოგადი ინფლაციის მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 57%-ით, საცხოვრებელის და კომუნალურების ჯგუფში 33%-ით, ჯანდაცვის ჯგუფში 63%-ით, ტრანსპორტის ჯგუფში კი 22%-ით.
ბუნებრივია, „ფაქტ-მეტრი“ იზიარებს პოზიციას, რომ ასაკობრივი პენსია, სამწუხაროდ, საქართველოში მიზერულია და პენსიონერებს არ აძლევს საშუალებას დამოუკიდებლად, მხოლოდ პენსიით ცხოვრების ღირსეული პირობები შეიქმნან. თუმცა მტკიცება, რომ 2012 წელთან შედარებით პენსია შემცირებულია, ცალსახად მცდარია.