ლევან ხაბეიშვილის განცხადებები დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილმა პოზიცია შეიცვალა.
ანალიზი:
2022 წლის 11 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემაში „დღის ამბები“, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ - პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ირგვლივ ისაუბრა. საუბრის ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ლიდერებს, ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს და მათთან პარტიის კავშირს შეეხებოდა. აღნიშნულ თემაზე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია და პარტიის ლიდერი უნდა აერთიანებდეს ასეთ ადამიანებს და არა პირიქით - „არ უნდა ამ ადამიანს საჯარო პოლიტიკა და თუ დაინტერესდება, მე მგონი, რომ ყველა ადამიანი საჭიროა. არანაირი მიუღებელი ადამიანი ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ არსებობს. რას ლაპარაკობთ, მინუს ვანო მერაბიშვილი? თურმე ვანო მერაბიშვილს არ შეუძლია ერთი აგური დადოს ბიძინა ივანიშვილის გასტუმრებაში. ლიდერი ვიცი მე გამაერთიანებელი, როცა აერთიანებს და არა ყოფს. მე ლიდერი ვიცოდი ნიკა მელია, რომელიც აერთიანებდა, მათ შორის - გაყოფილ ოპოზიციას. დღეს ვხედავ პრობლემას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება კეზერაშვილს, ხაბეიშვილი ადასტურებს, რომ დავით კეზერაშვილი არის ანტიკორუფციული ბიუროს პარტნიორი : „დავით კეზერაშვილი არის ჩვენი პარტნიორი, ის გვეხმარება, მათ შორის ტექნიკურ და ლოჯისტიკურ საკითხებში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის არის ჩვენი დამხმარე, ადამიანი, რომელიც ეხმარება ანტიკორუფციულ მოძრაობას, რომელმაც ამხილა უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი... გვეხმარება, რომ ვიყოთ ქმედითი და კორუფციული მიმართულებით ვამხილოთ „ქართული ოცნების“ ოლიგარქები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ლევან ხაბეიშვილს განცხადება დავით კეზერაშვილთან და პოლიტიკაში მის როლთან დაკავშირებით ადრეც აქვს გაკეთებული. 2017 წელს ტელეკომპანია იბერიის გადაცემაში „ფაბრიკა“, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილი არის კრიმინალი, რომელმაც მილიონები მოიპარა და წინა ხელისუფლებამ 2012 წელს არჩევნები სწორედ მსგავსი პერსონების გამო წააგო. „წინა ხელისუფლებამ არჩევნები რატომ წააგო? თქვენ რა გგონიათ? ესენი იყვნენ ყაჩაღები და მძარცველები და თავის დროზე, იმ ხელისუფლებამ ვერ გასცა პასუხი, თორემ ასეთი ხალხი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა. ივანიშვილი დღეს ხელისუფლებაში არ იქნებოდა, ეს ყაჩაღები არ იქნებოდნენ, ხალხი ყრუ და ბრმა არ არის. კეზერაშვილმა რომ მოიპარა მილიარდები და ადეკვატური პასუხი არ იყო გაცემული. ეს არის პრობლემა და ეს კეზერაშვილი დღეს რას აკეთებს ხომ არ იცით? ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და აფინანსებს ვითომ ოპოზიციას ... დათითოკაცებული ოპოზიცია არის ხელისუფლების საჩუქარი, რომელსაც არაფრის გაკეთების საშუალება არ აქვს, არც იცის როგორ უნდა აკეთოს, არის კრიმინალებით სავსე, ქურდები და ყაჩაღები არიან. მაგრამ ამას აკეთებს ოპოზიცია, ამას აკეთებინებს ივანიშვილი კეზერაშვილის ხელით, ეს არის ფაქტი, ამ ქვეყანაში არაფერი არ იმალება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
საბოლო ჯამში, ზემოთ მოხმობილი განცხადებები მოწმობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობის შესახებ პოზიცია არსებითად შეიცვალა.
ფაქტ-მეტრი არ ახდენს პოზიციის ცვლილების მორალურ შეფასებას ან განსჯას. თუ მოქალაქეთა ერთი ნაწილის შეხედულებით პოზიციის ცვლილება პრინციპებში მერყეობის ან/და მყარი ღირებულებების უქონლობის ნიშანია, სხვათა შეხედულებით ეს კომპრომისზე მზაობისა და პრაგმატიზმის მაჩვენებელია. როგორც კლასიკური ფაქტჩეკინგის შემთხვევაში, პოზიციის ცვლილების გადამოწმების (FLIP-O-METER) ფარგლებშიც, ჩვენი მიზანია საზოგადოებას, უფრო ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად, ხელი შევუწყოთ.