Facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც აღწერის მიხედვით, ჩერნოგორიაში (მონტენეგრო) მოქალაქეების მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტს ასახავს. კერძოდ, პოსტის ავტორის თანახმად, მოქალაქეები მთავრობას უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტისა და საკუთარი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართავდნენ. რეალურად, მონტენეგროში გამართულ აქციაზე მოქალაქეები პარლამენტის მიერ პრეზიდენტის უფლების შესახებ მიღებული ახალი კანონის გაუქმებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

სინამდვილეში, 2022 წლის 8 ნოემბერს, მონტენეგროს დედაქალაქ, პოდგორიცაში ორგანიზაცია Luca-ს მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ნამდვილად გაიმართა, რომელზეც ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მონტენეგროს მოქალაქეები აქციაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ ახალი კანონის გაუქმებას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესებზე შეთანხმებას ითხოვდნენ. პროტესტის მონაწილეები აქციაზე მონტენეგროს, ევროკავშირის, ამერიკის, უკრაინის დროშებით იყვნენ წარმოდგენილი და აჟღერებდნენ ისეთ ლოზუნგებს, როგორებიცაა: „ღალატი არ არის დემოკრატია“, „ჩვენ აქ მონტენეგროსთვის და ევროკავშირისთვის ვართ“ და სხვ. ამავე დღეს ქალაქში დიდი საავტომობილო მსვლელობაც გაიმართა.

ცნობისათვის, აქცია მონტენეგროს საპარლამენტო უმრავლესობის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც ორ თვეზე მეტია პარლამენტის მანდატის შემცირებაზე უარს აცხადებს და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას უშლის ხელს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველ ნოემბერს, მონტენეგროს პარლამენტმა ახალი კანონი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ, რამაც გზა გაუხსნა ახალი მთავრობის არჩევას. ამ ახალი კანონის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებულია წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც 41 დეპუტატის მხარდაჭერა ექნება. კანონი დეპუტატთა უმრავლესობას შესაძლებლობას აძლევს ხელი მოაწეროს პეტიციას და წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, თუ თავად პრეზიდენტი უარს იტყვის მის წარდგენაზე. მონტენეგროს კონსტიტუციის თანახმად კი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წარსადგენად პრეზიდენტმა უნდა გამართოს კონსულტაციები საპარლამენტო პარტიებთან და შესთავაზოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა მინიმუმ 41 დეპუტატის ხელმოწერით 30 დღის განმავლობაში. სწორედ ამის გამო, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ კანონი ძირს უთხრის კონსტიტუციას.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომ თითქოს მონტენეგროს მოქალაქეები მთავრობისგან უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას მოითხოვენ, სიცრუეა.

---------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი