დღეს, 15 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე ისაუბრეს როგორც საქართველოს მიღწევებზე, ისე ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამუშაოზე, რომლის შესრულებაც ევროინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული რამდენიმე განცხადება გადაამოწმა.

მტკიცება 1: ბატონი ვარჰეის ვიზიტი არის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ივნისის თვეში, როცა საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, მანიპულირებაა. ამით განცხადების ავტორი ცდილობს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება გადაჭარბებულად წარმოაჩინოს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენის ფაქტი ყურადღების მიღმა დატოვოს. სინამდვილეში, ევროპული პერსპექტივის აღიარების პარალელურად ქვეყანას წარედგინა მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც საქართველოში არაერთი მიმართულებით სერიოზული გამოწვევები არსებობს და მათი შესრულების გარეშე, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ რიგი საკითხები, რომლებიც ევროკომისიის მოთხოვნებში მოხვდა, საქართველოს ხელისუფლებას აქამდეც უნდა ჰქონოდა შესრულებული, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს გაზრდიდა. თუმცა მმართველი პარტია სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციებს და მოწოდებებს ან აიგნორებს ან არაჯეროვნად ასრულებს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია ).

მტკიცება 2: ჩვენი მთავრობის დამსახურება არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება

ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნული განცხადება ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებს „ქართული ოცნების“ დამსახურებად წარმოაჩენს, რაც მანიპულირებაა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“, მართლაც აქვს თავისი, მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი დასავლურ და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციებთან ინტეგრაციის პროცესში, პრემიერ-მინისტრი კონტექსტს მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებებმა ამ გზაზე ასევე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგეს. ამგვარი ზეპარტიული საკითხის მმართველი ძალის მიღწევად წარმოჩენა არამარტო მანიპულაციურია და არასრულად წარმოაჩენს კონტექსტს, არამედ აუფასურებს იმ მიღწევებს, რომლებიც ქართველი ხალხის დაკვეთით საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებას ჰქონდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

რაც შეეხება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების „ხელშესახებ შედეგად“ და მიღწევად წარმოჩენას პრემიერმინისტრის მხრიდან, ესეც მანიპულირებაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამით განცხადების ავტორი ცდილობს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება გადაჭარბებულად წარმოაჩინოს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენის ფაქტი, როგორც წარუმატებლობა, ყურადღების მიღმა დატოვოს.

მტკიცება 3: ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, იქნება ეს ტურიზმი, ეკონომიკა, ექსპორტი, ზოგადად,მთელი ინდუსტრია და ბიზნეს სექტორი არის გააქტიურებული

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2020 წელს, პანდემიურ ვითარებიდან და შემზღუდავი ეკონომიკური ზომებიდან გამომდინარე, საქართველოს რეალური ეკონომიკა, საქსტატის მონაცემებით, 6.8%-ით შემცირდა. 2021 წელს, მშპ-ს ზრდამ 10.5% შეადგინა, რაც მაღალი მაჩვენებელია, თუმცა აღნიშნული გამოწვეული იყო ე.წ საბაზო ეფექტით. საბოლოო ჯამში, 2019 წელთან შედარებით, რეალური ეკონომიკა მხოლოდ 2.8%-ით გაიზარდა. თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შენარჩუნდა 2022 წლის განმავლობაშიც. 2022 წლის სექტემბრის ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი შეფასებით, 8.8% შეადგინა, ხოლო მთლიანად, 9 თვის საშუალო მაჩვენებელი 10.2%-ით განისაზღვრა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წლის ეკონომიკური ზრდით, საქართველო მოწინავე ადგილზე იქნება და მსოფლიოში მერვე ადგილს დაიკავებს.

სიმართლეს შეესაბამება ისიც, რომ დადებითი ტენდენცია აღინიშნება როგორც ტურიზმის, ასევე საგარეო ვაჭრობის დინამიკაშიც. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც პანდემიურ 2020-2021 წლის მონაცემებს მკვეთრად აღემატება, ხოლო 2019 წლის შემოსავალს მხოლოდ 65 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება. 2019 წელთან შედარებით, ზრდა ფიქსირდება ივლისის თვიდან. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 13 612.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 4 097.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (37.4%-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 9 515.0 მლნ. აშშ დოლარს (34.4%-ით მეტია). ექსპორტი, 2019 წელთან შედარებით 48%-ით მეტია. აღსანიშნავია რომ უახლოეს წლებში, ექსპორტის დინამიკაში მეტნაკლებად დადებითი ტენდენცია ფიქსირდებოდა პანდემიის მიუხედავადაც. შესაბამისად, დადებითი დინამიკა საგარეო ვაჭრობაში საბაზო ეფექტით არ აიხსნება.

მეორე მხრივ, იმის მიუხედავად რომ მთელი რიგი მაკროეკონომიკური პარამეტრები დადებით დინამიკას ასახავს, უნდა აღინიშნოს რომ ეკონომიკური ზრდის და მაღალი აქტივობის პარამეტრები, მოსახლეობაზე მყისიერად არ აისახება. კრიტიკულ პრობლემად რჩება ორნიშნა ინფლაცია, რაც მოსახლეობის რეალურ შემოსავლებს ამცირებს (იხ: ვიდეო 1, ვიდეო 2). მიუხედავად განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტისა, კონტექსტს მიღმა დატოვებულია იმგვარი საკითხები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ სხვა - უფრო სრულ სურათს მოგვცემდა. ამგვარად, პრემიერი თავის განცხადებაში სიმართლის მხოლოდ ერთ ნაწილს უსვამს ხაზს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ პრემიერის ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

მტკიცება 4: 100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა სულ რაღაც 9 თვეში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს

ჯერჯერობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს 2022 წლის დასაქმების და უმუშევრობის ორი კვარტლის სტატისტიკა აქვს გამოქვეყნებული. დასაქმების 9 თვის მონაცემები ჯერ ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, განცხადების ამ ნაწილს ვერ გადავამოწმებთ. აღსანიშნავია რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, მსგავსი განცხადება წარსულშიც გააკეთა, როდესაც 2022 წლის 29 აგვისტოს, მან განაცხადა: „დასაქმებულთა რაოდენობა 55 ათასით გაიზარდა - ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში შეიქმნა“ . აღნიშნული განცხადება „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა და შეაფასა ვერდიქტით - მანიპულირება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის II კვარტალში ქვეყანაში სამუშაო ძალის პარამეტრები - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა, არაპანდემიურ პერიოდთან შედარებით - გაუარესებულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება დაიწყო, თუმცა პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილები ჯერჯერობით სრულად აღდგენილი არ იყო.

2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემები ნოემბრის განმავლობაში გამოქვეყნდება, რის შემდეგადაც ჩვენ საკითხის რელევანტურ ანალიზს შემოგთავაზებთ. მანამდე, „ფაქტ-მეტრი“, განცხადების ამ ნაწილს ვერდიქტის გარეშე ტოვებს.