Facebook-მომხმარებელმა ნინო შარაბიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, უნგრეთი ზელენსკის რეჟიმისთვის სამხედრო დანაშაულების ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა. პოსტს თან ახლავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ფოტო, რომელზეც პოსტში მოცემული ტექსტი რუსულ ენაზეა დატანილი. რეალურად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის მთავრობისთვის სამხედრო დანაშაულების ტრიბუნალის შექმნა არ მოუთხოვია.

ნინო შარაბიძის მიერ პოსტისთვის თანდართული ფოტო რუსულ სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა (OK.ru, vk.com, ასევე twitter-ისა და tiktok-ის ანგარიშებზე). სავარაუდოდ, უნგრეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულებისათვის ტრიბუნალის მოწყობის საკითხი უნგრეთის პრეზიდენტის, კატალინ ნოვაკის გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე გამოსვლის ტექსტის დამახინჯებითაა შექმნილი.

2022 წლის 21 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე ბევრ სხვა საკითხთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა. ნოვაკმა დაგმო რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მოცემული მდგომარეობა არა მხოლოდ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები უკრაინელებისთვის რისკად, არამედ ყველასთვის საფრთხის შემქმნელად შეაფასა. „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის მუდმივი საფრთხე, არა მხოლოდ ომის ზონაში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის. უნგრეთი მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რამაც ევროპაში მშვიდობის დარღვევა გამოიწვია. ომმა გამოიწვია ადამიანთა ტანჯვა, უზარმაზარი განადგურება, რაც მთლიანობაში სერიოზულ გავლენას ახდენს მსოფლიო წესრიგზე“,- აღნიშნა ნოვაკმა. მანვე განაცხადა, რომ უნგრეთი უახლესი ისტორიის განმავლობაში უდიდეს ჰუმანიტარულ ოპერაციას ახორციელებდა, უკრაინას უწევდა ეკონომიკურ, სოციალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და 1 მილიონამდე ლტოლვილს იფარებდა.

პრეზიდენტმა ნოვაკმა ისტორიაზე დაყრდნობით თქვა, რომ ომში არის ბოროტება და მას მხოლოდ მშვიდობიანი მსხვერპლები ჰყავს. სწორედ ამ თემაზე საუბრისას, ნოვაკმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების მაქსიმალური სიმკაცრით გამოძიება მოითხოვა. „ეს დანაშაულები უნდა იყოს დოკუმენტირებული, გამოძიებული და გასამართლებული შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. არც ერთი ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“,- განაცხადა კატალინ ნოვაკმა.

ამდენად, პრეზიდენტი ნოვაკი განცხადებაში არც კონკრეტულ სახელმწიფოს და არც კონკრეტულ პირს ასახელებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნგრეთის პრეზიდენტმა „ბუქარესტის ცხრიანის“ (ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი) პრეზიდენტებთან ერთად, ოქტომბერში, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული საჰაერო იერიშები დაგმო და ამ ქმედებას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ჩადენილი ომის დანაშაული უწოდა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერი ორბანი აქტიურად ამტკიცებდა იმას, რომ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ შედეგები არ მოჰქონდა და მას მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკებისთვის მოჰქონდა ზიანი. ამასთან, უნგრეთი ასევე უარს აცხადებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. მიუხედავად მსგავსი დამოკიდებულებისა, უნგრეთის პრეზიდენტსა თუ პრემიერ-მინისტრს უკრაინული მხარე ომის დანაშაულების ჩადენაში არ დაუდანაშაულებია და მის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნა არ მოუთხოვია.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი