5 ოქტომბერს ალტ-ინფოს გადაცემაში, „ალტერნატიული ხედვა“, ერთ-ერთი მოწვეული სტუმრის მტკიცებით (51:23 წუთზე), ესპანეთში თანსწორობის მინისტრმა, ირენე მონტერომ, პედოფილია ჩვეულებრივ უფლებად გამოაცხადა: „ესპანეთის პარლამენტში გამოვიდა მინისტრი თანასწორობის და განაცხადა, რომ პედოფილია ჩვეულებრივი უფლებაა“.
აღნიშნული ყალბი მტკიცება, რომლის მიხედვითაც ესპანელი პოლიტიკოსი თითქოს პედოფილიას უჭერს მხარს, თავდაპირველად, სოციალურ ქსელ Twitter-ზე კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ვიდეოჩანაწერის სახით ვირუსულად გავრცელდა. გამოქვეყნებული ვიდეო 21 სექტემბერს მონტეროს თანასწორობის კომისიის დეპუტატთა კონგრესზე გაკეთებულ განცხადებას ეყრდნობოდა, სადაც ესპანელი მინისტრი რეპროდუქციული უფლებების შესახებ კანონმდებლობაზე საუბრობდა. გავრცელებული ვიდეოჩანაწერის საფუძველზე სოციალურ ქსელში თანასწორობის მინისტრის გადადგომასა და დაპატიმრებასაც კი ითხოვდნენ.
სინამდვილეში, ესპანელ თანასწორობის მინისტრს პედოფილიის წამახალისებელი განცხადება არ გაუკეთებია და მის გამოსვლაში „პედოფილიის ჩვეულებრივ უფლებად აღიარების“ შესახებ არაფერი ყოფილა ნათქვამი. მონტერომ სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის დემოკრატიის ფუნდამენტურ უფლებებს წარმოადგენს. ესპანელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთ ზრდასრულს არ აქვს უფლება შეეხოს ბავშვის სხეულს, რაც ძალადობის ერთ-ერთ ფორმად ითვლება.
„ვისაუბროთ, მაგალითად, სექსუალურ განათლებაზე, რაც ბიჭებისა და გოგონების უფლებაა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ოჯახიდან არიან ისინი”, - განაცხადა მონტერომ. „ყველა ბიჭს, ყველა გოგოს, ყველა ტრანს ბავშვს ამ ქვეყანაში უფლება აქვს, იცნობდეს საკუთარ სხეულს, იცოდეს, რომ არც ერთ ზრდასრულს არ შეუძლია შეეხოს მათ სხეულს, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ და თუ ამას აკეთებენ, ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. მათ უფლება აქვთ იცოდნენ, რომ შეუძლიათ უყვარდეთ და ჰქონდეთ სექსუალური ურთიერთობა ნებისმიერთან, ვისთანაც სურთ, მხოლოდ თანხმობის საფუძველზე .. ეს არის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, რომლებიც თქვენ არ მოგწონთ“, - დასძინა მან.
გავრცელებული ჩანაწერი ირენე მონტეროს საუბრის მხოლოდ კონტექსტიდან ამოჭრილ ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენს და სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს. სინამდვილეში, კომისიის სხდომის აღნიშნულ მონაკვეთში ირენე მონტერო Vox-ის სპიკერს, ლურდეს მენდესს პასუხობს შეკითხვაზე, ხოლო შეცდომაში შემყვან ვიდეო ჩანაწერში გამოტოვებულია წამები, სადაც მონტერო ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე საუბრობს, როგორც „დემოკრატიის საზომზე“. გავრცელებულ ჩანაწერში არ ჩანს ისიც, რომ მინისტრი სექსუალური უფლებების შესახებ საუბრისას არა ბავშვებს, არამედ, 16-17 წლის გოგონებს გულისხმობს.
როგორც ირენე მონტერომ აღნიშნა, არასასურველი სექსუალური კონტაქტი ბავშვებსა და მოზარდებს შორის ძალადობას უტოლდება. მონტეროს არ უთქვამს, რომ ამ ჯგუფებს შორის სექსუალური კონტაქტი დაშვებული უნდა იყოს, ან უფლებად ჩაითვალოს.
მეტიც, მონტეროს პრესსპიკერმა, მანელ როსმა, WhatsApp შეტყობინებაში აღნიშნა, რომ მტკიცება, თითქოს, ირენე მონტერო ბავშვებსა და მოზრდილებს შორის სექსუალურ კავშირს ემხრობოდა, აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება.
ამდენად, თამარ კიკნაძის მიერ გავრცელებული მტკიცება, რომ ესპანელმა თანასწორობის მინისტრმა, ირენე მონტერომ, პედოფილია ჩვეულებრივ უფლებად აღიარა, მის მიერ ალტ-ინფოს ეთერში გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებების გაგრძელებას წარმოადგენს და ყალბია.
ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოში რეპროდუქციული უფლებების შესახებ კანონში ცვლილებები განიხილებოდა, რაც აბორტის უფლებების გაფართოებას და ანაზღაურებადი მენსტრუალური შვებულების გარანტიას გულისხმობდა. პარლამენტის მიერ აღნიშნული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, მომდევნო წლიდან ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდება ანაზღაურებადი მენსტრუალური შვებულების უფლებით. კანონპროექტი სექსუალური განათლების პროგრამების, არასასურველი ორსულობის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის ხელშეწყობასაც გულისხმობს.
------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.