იტვირთება

ირაკლი ზარქუა: 2012 წლის შემდეგ, სიღარიბე 36%-დან საგრძნობლად არის შემცირებული

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ირაკლი ზარქუას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: 2021 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 17.5%-მდე შემცირდა. მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა ჯამში შემცირებულია, სწორია, თუმცა ტენდენცია არაერთგვაროვანია, რასაც განცხადების ავტორი უგულებელყოფს. ამასთან, მის განცხადებაში დასახელებული მონაცემი არაა ზუსტი. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ზარქუას განცხადებას ნახევრად სიმართლედ აფასებს.

ანალიზი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა: „2022 წლის მონაცემებით შემცირებულია სიღარიბე, 36%-დან არის საგრძნობლად შემცირებული, 2012 წლის შემდეგ“.

ირაკლი ზარქუა აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელზე საუბრობს. ეს უკანასკნელი აჩვენებს, საარსებო მინიმუმს ქვემოთ - ანუ უკიდურეს სიღარიბეში, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 17.5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ეს მაჩვენებელი 2012 წელს 30%-ს შეადგენდა და არა 36%-ს, როგორც დეპუტატი აცხადებს. იმისთვის, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილება რეალურად შევაფასოთ, მართებულია, განვიხილოთ ტენდენცია - თუ როგორ იცვლებოდა ქვეყანაში სიღარიბის დონე და რა ფაქტორები ახდენდა მასზე გავლენას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ქვეყანაში სიღარიბის დონე ჯამში შემცირებულია, თუმცა ტენდენცია არაერთგვაროვანია. სიღარიბის შემცირების მხრივ დადებითი ტენდენცია იყო 2013-2015 წლებში, შემდგომ ქვეყანაში სიღარიბის დონე მცირედით გაიზარდა. 2018-2019 წლებში კი შედარებით დაბალი ტემპით გაგრძელდა სიღარიბის შემცირება. 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 19.5%-დან 21.3%-მდე გაიზარდა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2021 წელს კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 17.5%-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სიღარიბის შემცირება უმეტესწილად სოციალური ტრანსფერების ზრდით იყო განპირობებული და არა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 2021 წელს დასაქმების პარამეტრები არ გაუმჯობესებულა, პირიქით - უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა. ამასთან, გასულ წელს ქვეყანაში რეალური საშუალო თვიური ხელფასი შემცირდა. ზოგადად უკიდურესი სიღარიბის შემცირებაზე დიდი გავლენა სოციალურ დახმარებებს აქვს, რადგან თუ ადამიანს არსებობისთვის აუცილებელ მინიმუმი გააჩნია, ის სტატისტიკურად ღარიბად არ მიიჩნევა. 2021 წელს სიღარიბის შემცირება სწორედ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდამ, ბავშვთა ფულადი დახმარების ზრდამ და სხვა სოციალურმა ბენეფიტებმა განაპირობა (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამასთან, დეპუტატი ქვეყანაში არსებულ სიღარიბის დონეზე საუბრისას უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ 2022 წელს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 17.6% - ანუ 655 ათასზე მეტი ადამიანი, არის საარსებო შემწეობის მიმღები.

აღსანიშნავია, რომ სიღარიბის მაჩვენებლებზე სოციალურ ტრანსფერებს [ფულადი დახმარებები] სწრაფი, მაგრამ მოკლევადიანი ეფექტი აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც მოცემულ მომენტში უკიდურეს სიღარიბეს ამ გზით აღწევს თავს, კვლავ რჩება მოწყვლად ჯგუფად. სიღარიბის შემცირების ბუნებრივი გზა არის ეკონომიკის სწრაფი განვითარება და მისი თანმხლები სამუშაო ადგილებისა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4664 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი