ზურაბ ჯაფარიძე: 12 პუნქტიდან ერთ-ერთი არის, რომ საქართველოში უნდა იყოს პლურალისტური და თავისუფალი მედიაგარემო. ეს ჩაიწერა, მათ შორის, ნიკა გვარამიას გამო.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე
რეზიუმე: მიმდინარე წლის 17 ივნისს, ევროკომისიამ 12 მოთხოვნა გამოაქვეყნა, რომელთა შესრულების პირობითაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების რეკომენდაცია გასცა. ერთ-ერთი მოთხოვნა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც, ევროკომისიის შეფასებით, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლისსამართლებრივი პროცესების უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით.
გარდა ამისა, მანამდე, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ. ამ რეზოლუციით, ევროპარლამენტმა პირდაპირ დაგმო ნიკა გვარამიასთვის 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი განაჩენი და ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმის გადაუდებელ აუცილებლობას.
2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ, აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ღრმა შეშფოთება გამოხატა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებაზე. საელჩოს შეფასებით, ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.
საერთო ჯამში, არაერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ნიკა გვარამიას პატიმრობას განიხილავენ, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაგარემოს და საქართველოს ევროპული მომავლის საფრთხეს. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გამოქვეყნდა. მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.
გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების რიგებიდან არაერთი პოლიტიკოსი გამოეხმაურა, მათ შორის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.
„12 პუნქტიდან ერთ-ერთი არის, რომ საქართველოში უნდა იყოს პლურალისტური და თავისუფალი მედიაგარემო. როდესაც ეს პუნქტი ჩაიწერა, პრინციპში, ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, რომ ეს ჩაიწერა, მათ შორის, ნიკა გვარამიას გამო და იმის გამო, რომ რამდენიმე მედიის მფლობელის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები არსებობს და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
„ფაქტ-მეტრმა“ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება გადაამოწმა.
მიმდინარე წლის 17 ივნისს, ევროკომისიამ 12 მოთხოვნა გამოაქვეყნა, რომელთა შესრულების პირობითაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების რეკომენდაცია გასცა. ერთ-ერთი მოთხოვნა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შექმნას ითვალისწინებს.
„[ხელისუფლებამ] უნდა გასწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს გარანტირებისთვის, განსაკუთრებით, იმის უზრუნველყოფით, რომ მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლისსამართლებრივი პროცესები უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, ხოლო ჟურნალისტებისა და სხვა მედიაპროფესიონალების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებზე წარმოებული გამოძიება უნდა იყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული“ - ვკითხულობთ ევროკომისიის მოთხოვნაში.
როგორც ტექსტიდან ჩანს, თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიაგარემოს ჩამოყალიბების ერთ-ერთ ხელშემშლელ ფაქტორად ევროკომისია მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ აღძრულ სისხლისსამართლებრივ საქმეებს მიიჩნევს, რომელიც უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს არ შეესაბამება. ერთ-ერთი გახმაურებული სისხლისსამართლებრივი საქმე კი, რომელიც საქართველოსი მედიასაშუალების დირექტორის წინააღმდეგ არსებობს, სწორედ ნიკა გვარამიას ეხება.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მოთხოვნების გამოქვეყნებამდე, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ. მასში შეშფოთებაა გამოხატული ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო.
რეზოლუციაში არაერთ საკითხსა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარ რეზონანსულ მოვლენაზეა ყურადღება გამახვილებული, მათ შორის, „მთავარი არხის“ დირექტორისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. დოკუმენტში ნიკა გვარამია პირდაპირაა მოხსენიებული. კერძოდ, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას 3.5 წლით პატიმრობა საეჭვო ბრალდებების საფუძველზე შეეფარდა. იქვე ვკითხულობთ, რომ მისი სასჯელი საქართველოში ფართოდ იქნა აღქმული, როგორც ხელისუფლებისკენ მიმართული კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობა.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტმა დაგმო ნიკა გვარამიასთვის 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი განაჩენი:
„ევროპარლამენტი გმობს მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართული მართლმსაჯულების სისტემისადმი მუდმივ უნდობლობას“.
იქვე, ევროპარლამენტმა ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმის გადაუდებელ აუცილებლობას სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გასაზრდელად.
აღსანიშნავია, რომ 2 ნოემბერსვე აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ღრმა შეშფოთება გამოხატა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
დასკვნისთვის შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ნიკა გვარამიას პატიმრობას განიხილავენ, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაგარემოს და საქართველოს ევროპული მომავლის საფრთხეს. მეტიც, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პირდაპირ დაგმო საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენი. ევროკომისიამ კი ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ წინაპირობად მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლისსამართლებრივი პროცესების უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა განუსაზღვრა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ევროკომისიის 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთი პუნქტი ნიკა გვარამიას საქმესაც ეხება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.