ეს ის მიწის ნაკვეთია, რომელიც თქვენმა მთავრობამ 1 ლარად გაყიდა

თორნიკე რიჟვაძე: ბიუჯეტში, რომლითაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროგრამას, [„გრინ რეზორტს“] 10 მლნ ლარი აქვს უკვე გადახდილი. სხვათა შორის, ეს ის მიწის ნაკვეთია, რომელიც თქვენმა [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"] მთავრობამ და თქვენმა თავმჯდომარემ [ლევან ვარშალომიძე]1 ლარად გაყიდა.

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 27 ივნისის №156 წლის ბრძანებით, შპს  Golf Development Georgia-ს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ოთხი მიწის ნაკვეთი, რომელთა ფართობიც, ჯამში 3 050 000 კვ. მ.-ს შეადგენს. Golf Development Georgia-ს ნასყიდობის საფასური ერთ თვეში უნდა გადაეხადა, ხოლო 36 თვის ვადაში უკვე 18 მლნ ევროს ინვესტიცია ჰქონოდა განხორციელებული. 2013 წლის 1 თებერვალს კი კომპანიის დირექტორმა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მაშინდელ მინისტრს წერილით მიმართა და ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა. კონტრაქტი გაუქმდა, აჭარის მთავრობამ ქონება დაიბრუნა და კომპანიას, პირგასამტეხლოს სახით, 46 820 550 ლარის გადახდა დააკისრა. სამინისტროში დაგვიზუსტეს, რომ Development Georgia-მ თანხა არ გადაიხადა. საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა და მიუხედავად სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებისა, პირგასამტეხლო გადახდილი არ არის. კომპანია რეგისტრირებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში.

2019 წლის მარტში აღნიშნული ქონება შპს „გრინ რეზორტმა“ იყიდა. 2020 წლის ნოემბერში კომპანიამ, იმავე ტერიტორიის მიმდებარედ, კიდევ ექვსი ნაკვეთი შეიძინა. საბოლოოდ, ახალმა მესაკუთრემ, ჯამში, 3 823 070 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი იყიდა, რომლის საბაზრო ღირებულება 65 000 000 ლარს აღწევს. სამინისტრომ კი საპრივატიზებო ღირებულებად 9 785 971 ლარი განუსაზღვრა. აქედან, როგორც უწყებიდან მოგვწერეს, კომპანიას უკვე გადახდილი აქვს 6 040 265 ლარი. ასევე, 2 მლნ ლარზე წარდგენილი აქვს საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 2032 წლის 30 მარტის ჩათვლით გაუხანგრძლივდა. მას ასევე გადაუვადდა ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება და ჯარიმებიც მოეხსნა. 

ჩვენთვის უცნობია, რამ შეუშალა ხელი Golf Development Georgia-ს ვალდებულებების შესრულებაში. ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეში. 2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლება შეიცვალა. ახალი მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნიდან სამ თვეში კი კომპანიის დირექტორმა კონტრაქტის შეწყვეტა ითხოვა.  თორნიკე რიჟვაძის განცხადებაში დასახელებული ფაქტობრივი მონაცემები („გრინ რეზორტის“ მიერ გადახდილი თანხის მოცულობა, წინა ხელისუფლების მიერ აღნიშნული ქონების 1 ლარად გასხვისება), ფაქტობრივად, სიმართლეს შეესაბამება, თუმცა 2012 წელს კომპანიას ქონება 1 ლარად გარკვეული პირობებით გადაეცა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იგივე და კიდევ დამატებით რამდენიმე მიწის ნაკვეთი სამინისტრომ „გრინ რეზორტს“ საბაზრო ფასთან შედარებით, გაცილებით იაფად მიჰყიდა. აქედან გამომდინარე, თორნიკე რიჟვაძს განცხადება არის მეტწილად სიმართლე. 

ანალიზი:

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „ბიუჯეტში, რომლითაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროგრამას, [კომპანია „გრინ რეზორტს“] 10 მლნ ლარი აქვს უკვე გადახდილი. სხვათა შორის, ეს ის მიწის ნაკვეთია, რომელიც თქვენმა [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის] მთავრობამ და თქვენმა თავმჯდომარემ [ლევან ვარშალომიძე] 1 ლარად გაყიდა.“

2019 წლის 21 მარტს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „გრინ რეზორტს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება დანართი 1, რომლის საფუძველზეც კომპანიამ აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული სამი მიწის ნაკვეთი შეიძინა. ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საერთო ფართი 1 796 308 კვ. მ-ს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება - 32 333 544 ლარს. 

ხელშეკრულების თანახმად, საპრიატიზებო საფასური 6 040 265 ლარით განისაზღვრა. გამოდის, რომ სამინისტრომ 1 კვ. მ მიწის ნაკვეთი 3. 36 ლარად გაყიდა. აღნიშნული თანხა მყიდველს სამ ეტაპად, ოცდაოთხი თვის განმავლობაში უნდა დაეფარა. კომპანიას განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება და დამტკიცება ხელშეკრულების გაფორმებიდან თორმეტ თვეში უნდა უზრუნველეყო.

შპს „გრინ რეზორტსმა“ ვალდებულება აიღო, რომ ტერიტორიაზე სასტუმროს, რესტორანს, საპარკინგე ადგილებს, გოლფისა და ფეხბურთის მოედნებს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, ვერტმფრენის დასაჯდომ ადგილს, სკვერებს, სათამაშო მოედნებს, ვილებს, ვილების ეზოებს, აუზებსა და სხვა გასართობ თუ სპორტულ ინფრასტრუქტურას მოაწყობდა. მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან 78 თვის ვადაში ანუ 6,5 წელიწადში, კომპლექსი ექსპლუატაციაში უნდა მიეღო. 

2020 წლის 17 ნოემბერს მხარეები ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე შეთანხმდნენ. შპს „გრინ რეზორტმა“ კიდევ ექვსი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა, ჯამში - 2 026 757 კვ. მ, რომლის საბაზრო ღირებულებაც, ჯამურად 32 665 623,6 ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ 1 კვ. მ ნაკვეთის ღირებულება, საშუალოდ, 16. 11 ლარია. თუმცა სამინისტრომ საპრივატიზებო ღირებულებად 3 745 706. 12 ლარი განსაზღვრა, ანუ 1 კვ. მ მიწის ნაკვეთი, საშუალოდ, 1.85 ლარად გაასხვისა. კომპანიის საკუთრებაში გადასული მიწის ნაკვეთის ფართობი, ჯამში, 3 823 070 კვ. მ-ია, ხოლო საბაზრო ღირებულება 65 000 000 ლარს აღწევს.  სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი 70 ჰა-ზე უნდა განხორციელდეს.

ხელშეკრულებით თავდაპირველად განსაზღვრული ვალდებულებების ჩამონათვალს სხვა სამუშაოებიც დაემატა. აღნიშნული ცვლილებით, კომპანიამ პროექტი, საბოლოოდ, 2029 წლის ბოლოსთვის უნდა დაასრულოს და ობიექტები ექსპლუატაციაში მიიღოს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „გრინ რეზორტს“, გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული სამუშაოების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულებისთვის, ყოველ დარღვევაზე, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ქონების ღირებულების 0.05%-ის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. კომპანიას განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) შემუშავებისა და დამტკიცებისთვის ვადა 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელდა. 

აჭარის მთავრობამ 2020 წელს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვის პირობებში, ეკონომიკის სტიმულირებისა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, რიგი კომპანიები, მათ შორის, „გრინ რეზორტი“, პირგასამტეხლოს გადახდისგან გაათავისუფლა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდეულებების შესრულების ვადები გაუხანგრძლივა. ამისთვის კომპანიამ სამინისტროს წერილით მიმართა, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება ითხოვა და „ტერაბანკის“ მიერ 2 მილიონ ლარზე გაცემული საბანკო გარანტია წარუდგინა. იმავე წლის დეკემბერში ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და სხვადასხვა სამუშაოების შესრულების ვადები გახანგრძლივდა.

2021 წლის თებერვალში სახელშეკრულებო პირობები ისევ შეიცვალა. შეიცვალა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაც და 2032 წლის მარტის ჩათვლით გაგრძელდა. 

სამინისტროს მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის „გრინ რეზორტს“ შესრულებულად ჩაეთვალა შემდეგი სამუშაოები: გრგ-ის შემუშავება და დამტკიცება; სამინისტროსთვის სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის წარდგენა; საკუთრებაში გადაცემული ქონების საპრივატიზებო საფასურის ნაწილის - 6 040 265 ლარის გადახდა.

აღნიშნული ქონების ნაწილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ შპს Golf Development Georgia-ს 1 ლარად მიჰყიდა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2012 წლის 27 ივნისს გაფორმდა. დანართი 2 კომპანიამ ტერიტორიაზე გოლფის მოედნების, ფეხბურთის საწვრთლელი ბაზისა და სტადიონების, ჩოგბურთის კორტების, საკონფერენციო დარბაზების, ვილების, კვების ობიექტების, სპორტული და გასართობი კომპლექსების მშენებლობის ვალდებულება აიღო. საუბარია ჯამში 18 000 000 ევროს ინვესტიციის განხორციელებაზე. სამინისტროს მხრიდან, ხელშეკრულებას ხელს აწერს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გელა ცინცაძე. „გრინ რეზორტთან“ ხელშეკრულებასაც გელა ცინცაძის ხელმოწერა აქვს, რომელიც იმ დროს უკვე სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსია. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხელისუფლება შეიცვალა. 30 ოქტომბრიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძე დაამტკიცეს. 2013 წლის 1 თებერვალს კი, Golf Development Georgia-სა და სამინისტროს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდი თვის შემდეგ, კომპანიის დირექტორმა მინისტრ გიორგი თავართქილაძეს განცხადებით მიმართა და კონტრაქტის გაუქმება სთხოვა, იმ მიზეზით, რომ ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა. ამ დროისთვის Golf Development Georgia-ს გარკვეული სამუშაოები დაწყებული უნდა ჰქონოდა. კომპანიას სამუშაოები არ დაუწყია, თუმცა სამინისტროსთვის არც ვალდებულებების გადავადების თხოვნით მიუმართავს, პირდაპირ ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა. ჩვენ დავინტერესდით, რა უნდა ყოფილიყო ამ სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის მიზეზი. სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქტი მხოლოდ კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე გაუქმდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კი არ გამორიცხეს, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული ჰქონოდა. Golf Development Georgia-ს, პირგასამტეხლოს სახით, 46 820 550 ლარის გადახდა დააკისრა. სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სასამართლოში გადავიდა, უმცა კომპანიას პირგასამტეხლო არ გადაუხდია და ის რეგისტრირებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი მონაცემები სიმართლეა. თუმცა Golf Development Georgia-ს მიწა სიმბოლურ ფასად არა უპირობოდ, არამედ კონკრეტული პირობებით მიჰყიდეს. ამასთანავე, „გრინ რეზორტმა“  ქონება საბაზრო ფასთან შედარებით, იაფად შეიძინა. ამიტომ თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.