შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესასრულებლად პირველი ტენდერი 2018 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ამის შემდეგ ტენდერი კიდევ 9-ჯერ გამოცხადდა. საერთო ჯამში, მეტროსადგურ გოცირიძის კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესასრულებლად 2018-2020 წლების შუალედში 10 ტენდერი გამოცხადდა.
საბოლოოდ, 2020 წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერი (NAT200006756) შედგა. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულად საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენის“ ფილიალი გამოცხადდა, რომელსაც ყველაზე დაბალფასიანი შეთავაზება ჰქონდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამარჯვებულთან 1 010 851 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან (2020 წლის 18 ივნისი) 210 კალენდარულ დღეში (2021 წლის 1 აპრილი) უნდა დასრულებულიყო. თუმცა ხელშეკრულებაში ჯამში 7 ცვლილება შევიდა, რომელთაგან 6 სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივებას უკავშირდებოდა. ასევე შეიცვალა ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება და შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო ღირებულებად 1 089 863 აშშ დოლარი განისაზღვრა.
ბოლო ცვლილების თანახმად, ხელშეკრულების დასრულების ვადამ 2021 წლის 13 სექტემბრამდე გადაიწია. შესაბამისად, კომპანიას სამუშაოები ამ თარიღამდე უნდა დაესრულებინა. თუმცა „კაიზენი“ ამ ვადაშიც ვერ ჩაეტია, რის შემდეგაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულება კომპანიასთან აღარ გააგრძელა.
ხელშეკრულების ვადის გაუგრძელებლობის შესახებ დოკუმენტში მითითებულია, რომ სამუშაოების დასრულების ვადის არაერთგზის ცვლილების მიუხედავად, საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენი“-ს ფილიალმა ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოების 50%-ის შესრულებაც კი ვერ უზრუნველყო. ამასთანავე კომპანიის მიერ სამუშაოების ნაწილის არაჯეროვნად შესრულების ფაქტებიც დაფიქსირდა, რის გამოც კომპანია არაერთხელ იქნა წერილობით გაფრთხილებული და ამავდროულად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაც დაეკისრა. საბოლოო ჯამში, კომპანია „კაიზენი“ შემსყიდველების „შავ სიაში“ შეიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა და ჯარიმის სახით დაახლოებით 352 ათასი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სამუშაოების გასაგრძელებლად გამარტივებული შესყიდვა 2021 წლის ნოემბერში გამოაცხადა (CMR210125867) და ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ გააფორმა, რომლის ღირებულება ამჯერად 4 705 166 ლარი იყო. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ბაქნის დამატებითი კვლევა, კვლევის საფუძველზე ბაქნის ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტა უნდა შეემუშავებინა. ასევე, ბაქნის კონსტრუქციული ნაწილის დემონტაჟი უნდა მოეხდინა და ახალი დაემონტაჟებინა, მეტროსადგურ გოცირიძეზე დარჩენილი სარემონტო სამუშაოები უნდა დაესრულებინა.
შპს „მამისონს“ ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულები ვადის გაფორმებიდან 210 კალენდარულ დღეში უნდა დაესრულებინა - 2022 წლის 7 სექტემბერს. 2022 წლის სექტემბერში კომპანია „მამისონმა“ ხელშეკრულების დასრულების ვადის 67 დღით გახანგრძლივება ითხოვა, რის საფუძვლადაც უამინდობა დაასახელა. ასევე, მათი განმარტებით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ერთი თვით შეფერხება ბაქნის ქვეშ გამავალი სხვადასხვა სახის კაბელების იდენტიფიცირებამ გამოიწვია. საბოლოო გადაწყვეტილებით, კომპანია „მამისონს“ მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის დასასრულებლად დამატებით 36 დღე მიეცა. შესაბამისად, სამუშაოები 2022 წლის 13 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.
მხოლოდ ამ კონკრეტულ პროექტის მიმდინარეობაზე დაკვირვება ცხადყოფს, სახელმწიფო შესყიდვები რამდენად მოუმზადებელია და სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენად არაპროფესიონალი კომპანიები ახორციელებენ. ამის ნათელი მაგალითად დასახელებულ პროექტში შესული არაერთი ცვლილება გამოდგება, რომელთა უმრავლესობა პროექტის დასრულების ვადის ცვლილებას უკავშირდებოდა, ასევე მიმდინარეობის პროცესში პროექტისთვის თავდაპირველად განსაზღვრული თანხის რაოდენობაც შეიცვალა.
კონკრეტული ხელშეკრულების სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერები სრულ არაპროფესიონალიზმზე და საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზე მიუთითებენ. კერძოდ, შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაში გამორჩენილი იყო ისეთი დეტალები, როგორიცაა: ბაქნის ქვეშ გამავალი კაბელების შეკიდების დეტალი, წყალშემკრები ღარის დამაგრების დეტალი, მოაჯირის სვეტთან დაკავშირების დეტალი და ა.შ., „პროექტის ხარჯთაღრიცხვაში გამორჩენილი იყო ზოგიერთი დასახელების ძირითადი სამუშაო მასალები, ზოგიერთ შემთხვევაში კი - მთლიანად სამშენებლო სამუშაო მაგ: გამორჩენილი იყო 60 ტონა მართკუთხა მილები, გოცირიძის მეტროს ბაქნის საერთო ფართი 1000 კვ.მ-ია, რომელზეც გრანიტის ფილები უნდა მოწყობილიყო, ხარჯთაღრიცხვაში კი მხოლოდ 857 კვ.მ იყო გათვალისწინებული.
თბილისის მერ კახა კალაძეს მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო შესყიდვების პრობლემების და ქართული კომპანიების არაპროფესიონალიზმის ერთგვარად აღიარება მოუწია. მან განაცხადა:„ჩვენ მიერ გამოცხადებული ტენდერებით გვაქვს გარკვეული პრობლემები მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ქართული კომპანიები არ/ვერ იღებენ პასუხისმგებლობას ამ სამუშაოების ჩატარებაზე. შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდება ტენდერების გამოცხადება 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე და საერთაშორისო უცხოურ კომპანიებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ“.
და ბოლოს, ხელშეკრულებაში შესული საბოლოო ცვლილებით, მეტრო გოცირიძის რეაბილიტაციის 2.5-წლიანი „ეპოპეა“ რამდენიმე დღეში - 13 ოქტომბერს, უნდა დასრულდეს, რაც ძალიან საეჭვოა. ჩვენ პროექტის დასრულების პროცესს თვალს მივადევნებთ და განახლებულ ინფორმაციას მკითხველს მივაწვდით.