შალვა კერესელიძე მოსახლეობის კლების „კატასტროფულ დინამიკაზე“ საუბრობს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძეს განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია, როგორც აღწერათაშორის პერიოდში (2014 წელი 2002 წელთან), ასევე ბოლო აღწერის, ანუ 2014 წლის შემდეგ. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა. 2002 წლის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 7.6%-ით (302.7 ათასი ადამიანით) შემცირდა. მხოლოდ გასულ წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1.1%-ით (40 ათასი ადამიანით) შემცირდა და ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რაოდენობის კლების დინამიკა განსაკუთრებით მაღალია სასოფლო დასახლებებში.

20-წლიან პერიოდში, თბილისისა და აჭარის გარდა, საქართველოს ყველა სხვა რეგიონში მოსახლეობის რაოდენობის კლების ტენდენციაა. მოსახლეობის კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონებში ფიქსირდება.

დეპუტატი საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე სწორად მიუთითებს. ასევე, სწორია მტკიცება, რომ რეგიონებსა და სასოფლო დასახლებებში ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას. თუმცა დეპუტატის განცხადებებში მოყვანილი მონაცემები არ არის ბოლომდე ზუსტი. საუბარი იმაზე, რომ ცალკეულ დასახლებებში მოსახლეობა განახევრებულია, გადაჭარბებულია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ შალვა კერესელიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

4 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ განაცხადა: „მოსახლეობის რაოდენობა წინა აღწერებთან შედარებით მნიშვნელოვნად კლებულობს. განსაკუთრებით კლების კატასტროფული დინამიკა შეინიშნება მთიან დასახლებებსა და სოფლებში. სამწუხარო მაგალითი გახლავთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი, სადაც 15-20 წლის წინ მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 50 000 კაცს, ხოლო დღეს იქ 28 000 ადამიანი ცხოვრობს. იგივე მდგომარეობაა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, იმერეთის, გურიის, აჭარის მაღალმთიანი დასახლებებსა და სოფლებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა თითქმის უკვე განახევრებულია“.

საქართველოს მოსახლეობის [1] პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერა 2002 წელს ჩატარდა, შემდეგი საყოველთაო აღწერა კი - 2014 წელს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ დაახლოებით 3.713 მლნ შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის მაჩვენებელზე დაახლოებით 658 ათასით ნაკლები იყო. საქსტატის ინფორმაციით, 2002 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები არ ასახავდა რეალობას და ემიგრანტების ნაწილი დაფიქსირებული იყო, როგორც ქვეყანაში ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობა. რეალურად, სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით, 2002 წელს მოსახლეობის რიცხოვნობა 4 მილიონს არ აღემატებოდა. საქსტატმა 2002 წელს დაფიქსირებული მოსახლეობის რიცხოვნობა დააკორექტირა და დაახლოებით 8.7%-ით შეამცირა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას (2002 წლიდან დღემდე) განახლებული მონაცემებზე დაყრდნობით მიმოვიხილავთ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა. 2002 წლის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 7.6%-ით (302.7 ათასი ადამიანით) შემცირდა. მხოლოდ გასულ წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1.1%-ით (40 ათასი ადამიანით) შემცირდა და ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა.

2022 წლის მონაცემებით, 20-წლიან პერიოდში, გარდა თბილისისა და აჭარის რეგიონისა, საქართველოს ყველა სხვა რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. მოსახლეობის კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონებში ფიქსირდება. 2002 წლის შემდეგ, მოსახლეობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 37.3%-ით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 27.7%-ით, ხოლო იმერეთში - 26.2%-ით არის შემცირებული.

2014 წლის შემდეგ, მოსახლეობის კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ფიქსირდება, - 15.7%. ამავე პერიოდში, იმერეთის მოსახლეობა 13.3%-ით, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა 10.1%-ით შემცირდა. 2014 წლის შემდეგ, მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია თბილისში, აჭარის რეგიონში და ქვემო ქართლში. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია. (იხილეთ გრაფიკი 1).

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რაოდენობის კლების დინამიკა განსაკუთრებით მაღალია სასოფლო დასახლებებში. ბოლო, 2014 წლის საყოველთაო აღწერის შემდეგ, სასოფლო დასახლებებში მოსახლეობის რაოდენობა 6.8-ით (108.2 ათასით) შემცირდა, ხოლო საქალაქო დასახლებებში 3.8%-ით (80 ათასით) გაიზარდა.

გრაფიკი: მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების მიხედვით, 2002, 2014 და 2022 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ზოგადად, მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება - სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის და მიგრაციული სალდო - სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტების შორის. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ორივე მაჩვენებელი უარყოფითია.

ამრიგად, შალვა კერესელიძის განცხადება, რომ საქართველოში მოსახლეობის კლების დინამიკაა, განსაკუთრებით კი რეგიონებსა და სოფლებში სიმართლეს შეესაბამება. დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მაცხოვრებლების შემცირებაზე, მის მიერ მოყვანილი რიცხვები არ არის ზუსტი, თუმცა აღნიშნულ რეგიონში მოსახლეობის რაოდენობის კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, დეპუტატის მტკიცება, რომ აჭარის მაღალმთიანი დასახლებებსა და სოფლებში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის უკვე განახევრებულია, გადაჭარბებულია და მეტ კონკრეტიკას საჭიროებს. აჭარის მაღალმთიან დასახლებებში რიგ შემთხვევაში, მაგალითად შუახევის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის კლების დინამიკა შეინიშნება, თუმცა აჭარის არცერთ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა განახევრებული არ არის. რომელიმე კონკრეტულ ან რამდენიმე სოფელში შესაძლოა მაცხოვრებელთა რაოდენობა მართლაც განახევრდა, თუმცა აღნიშნულის განზოგადება ისედაც მწვავე რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია დეპუტატის მიერ ჩამოთვლილ ყველა სხვა რეგიონში. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ შალვა კერესელიძის განცხადებას მეტწილად სიმართლედ აფასებს.

[1] ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა არის აღწერის პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა. მოსახლეობის რიცხოვნებაში არ შედიან ქართველი ემიგრანტები და პირიქით, შედიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი