იტვირთება

საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მწვავედ დგას მიუსაფარი და უპატრონოდ დარჩენილი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხი. მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას ხშირად შეახსენებს, რომ ამ მიმართულებით რეაგირება აუცილებელია. არაერთი მოქალაქე სოციალურ ქსელებში მიუსაფარი ძაღლების მხრიდან არსებულ საფრთხეებზე საუბრობს. პარალელურად, არის მოწოდებები, რომ ადამიანებმა ცხოველებზე თვითონ იზრუნონ, საკვებითა და წყლით უზრუნველყონ, რათა ცხოველები აგრესიულები არ გახდნენ და მოქალაქეებს საფრთხე არ შეუქმნან.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნულ თემაზე რამდენჯერმე იმუშავა, იხ. სტატია 1, სტატია 2, სტატია 3, სტატია 4. ამჯერად მიუსაფარი ცხოველების საკითხს მკითხველის თხოვნით დავუბრუნდით. ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელიც ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბისა და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას ეხებოდა, არაერთმა მკითხველმა, ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ, კომენტარი დატოვა. მათ შორის რამდენიმე სწორედ უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების პრობლემას ეხება.

ჩვენ დავინტერესდით, რა კეთდება ქუთაისში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის მიზნით, რომელი სამსახური ან ორგანიზაცია ემსახურება ქალაქს ამ მიმართულებით და რა ევალება მას კონკრეტულად.

როგორც ირკვევა, ქუთაისში უპატრონოდ დარჩენილი შინაური ცხოველებისთვის გახსნილი თავშესაფრის ფუნქციონირებას ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ უზრუნველყოფს.

ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ წესდების თანახმად დანართი 1, თავშესაფარში ვეტერინართა ჯგუფმა ცხოველს უნდა გაუწიოს როგორც მედიკამენტოზური, ისე - ქირურგიული მკურნალობა, შემოყვანილი ძაღლები უნდა განათავსოს იზოლირებულ ვოლიერებში, გარკვეული პერიოდით მათზე დაკვირვების მიზნით. ამის შემდეგ ცხოველს შესაბამისი პროცედურები უტარდება და ბუნებრივ არეალს ან პირვანდელ საცხოვრებელ ტერიტორიას უბრუნდება. თუ ცხოველს გამოუსწორებელი ტრავმა ან დაავადება აქვს, ან ახასიათებს აგრესიული ქცევა, რომელიც ადამიანებთან ან სხვა ცხოველებთან თანაარსებობის საშუალებას არ იძლევა, მისი ევთანაზიის საკითხს ვეტერინარული კომისია გადაწყვეტს. ორგანიზაციის ვალდებულებაა ასევე ევთანაზირებული ან დაცემული ცხოველის ლეშის გატანა და დამარხვა სპეციალურ სასაფლაოზე.

წესდების თანახმად, ორგანიზაცია ცხოველის იზოლირებისთვის შესაბამის ზომებს იღებს როგორც მონიტორინგის, ისე - მოსახლეობის გამოძახების საფუძველზე. თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებს ლაბორატორიული კვლევა უნდა ჩაუტარდეთ. თუ ცხოველი ჯანმრთელია, კასტრაცია/სტერილიზაციას ექვემდებარება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას ბუნებრივ არეალში უშვებენ.

მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით, ქალაქ ქუთაისის მერიისგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რამდენი იხარჯება მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის და რა კეთდება პროგრამის ფარგლებში.

ა(ა)იპ სპეციალური სერვისებიდან მიღებული პასუხის თანახმად, 2018 წლიდან დღემდე შესაბამისი სერვისი ასეულობით მიუსაფარ ძაღლს გაუწიეს. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, რა მოცულობის თანხები გაიხარჯა კონკრეტული ღონისძიებების მიხედვით (ჩვენ წერილში მივუთითეთ, რომ ინფორმაცია სწორედ ასეთი სახით მოეწოდებინათ. პასუხში ხარჯი დეტალურად გაწერილი არაა), თუმცა ჩანს, რომ 2018 წლის შემდეგ, წლიური დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ცხრილი 1. პროგრამის ფარგლებში თავშესაფრისთვის გამოყოფილი თანხის ჯამური მოცულობა და განხორციელებული სერვისები

წყარო: ა(ა)იპ სპეციალური სერვისები

მიუხედავად იმისა, რომ ა(ა)იპ „სპეციალურმა სერვისებმა“ არაერთი მიუსაფარი ცხოველის იზოლირების, კასტრაცია/სტერილიზაციისა და სხვა შესაბამისი მომსახურება გასწია, მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ სერვისები არასაკმარისია, რადგან ქალაქში უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ქუთაისის გარეუბნებში მიუსაფარი ცხოველები ჯგუფებად გადაადგილდებიან და საფრთხეს უქმნიან ფეხით მოსიარულეებს. ძაღლების მხრიდან გამოვლენილ აგრესიას ზოგჯერ ადამიანებიც აგრესიითა და სასტიკი მოპყრობით პასუხობენ, რაც ზოგჯერ ცხოველის ცემასა და მისთვის ტკივილის მიყენებაში გამოიხატება. ეს კი კანონით ისჯება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2019 წელს შეტანილი ცვლილება). მოქალაქეების ნაწილმა ამის შესახებ იცის, თუმცა თავს იმართლებს, რომ თავს ან ბავშვს იცავდა და ცხოველმა სხვა არჩევანი არ დაუტოვა.

ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“, ცხოველების თავშესაფრის გარდა, ახორციელებს დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის პროგრამას, რომლის მთლიანი დაფინანსების გეგმაც, ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დანართი 2-ის თანახმად, 6 879 100 ლარია. აქედან 447 100 ლარი განსაზღვრულია უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებებისთვის, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოიაზრება.

„ფაქტ-მეტრმა“ მერიაში საკითხთან დაკავშირებული დეტალების გარკვევა სცადა, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვეს.


მსგავსი სიახლეები

4562 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი