წლებია, რაც უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა აჭარის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივებსა და ტურისტებს ერთნაირად აწუხებთ. მედია საკითხს ხშირად აშუქებს, თუმცა სიტუაცია არ უმჯობესდება. უპატრონო ძაღლებისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ როგორც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ისე ბათუმშიც. მაწანწალა ცხოველების ნახვა უშუალოდ ბათუმის მერიის მთავარ ადმინისტრაციულ შენობასთანაც შეიძლება.

2014 წლამდე, სანამ მუნიციპალიტეტები ტენდერების გამოცხადებას დაიწყებდნენ, ბათუმში კერძო თავშესაფარი უკვე ფუნქციონირებდა. თუმცა, იქ ცხოველებს უადგილობის გამო არ იღებდნენ. თანამშრომლობა ტენდერების გამოცხადების დღიდან დაიწყო. მას შემდეგ ცხოველთა კერძო თავშესაფრის მფლობელი შპს „СЕВЕР-ი აჭარის ა/რ ექვსივე მუნიციპალიტეტში ტენდერების ერთადერთი მონაწილე და კონტრაქტორია. კონკურენტი მას მხოლოდ 2018 წელს ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამოუჩნდა. თუმცა, ი/მ სერგო ვერულაშვილმა, რომელმაც შემსყიდველს მომსახურების მიწოდება შედარებით დაბალ ფასად შესთავაზა, წინადადებაზე უარი თვითონვე თქვა (ჩვენ მიზეზის გარკვევა ვცადეთ და სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ატვირთულ დოკუმენტებში მითითებულ ტელეფონზე დავრეკეთ. გვიპასუხეს, რომ ნომერი ვერულაშვილს არ ეკუთვნის).

რატომ არის მოსახლეობა კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილო და როგორ ასრულებს მიმწოდებელი კომპანია სახელშეკრულებო ვალდებულებებს? ფაქტ-მეტრი შპს „ქედის კომუნალურსერვისის სამსახურის“ დირექტორს, მალხაზ სურმანიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, კომპანიის მომსახურებაში ხარვეზები არსებობს: „ერთი-ორი ძაღლისთვის არ ამოდის, 15-20 რომ მოგროვდება, მერე ვურეკავთ და გრაფიკში ვჯდებთ. რომ მიჰყავთ, აცრას უტარებენ და აბრუნებენ უკან. იგივე რაოდენობაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც მანამდე იყო... ერთი ვეტერინალური კლინიკაა ბათუმში და ხელშეკრულება სხვა ვისთან უნდა გავაფორმოთ?“

შპს „СЕВЕР-ის დირექტორის მინდობილი პირი ჯემალ გოგიტიძე პრეტენზიებს არ ეთანხმება: „რომ მირეკავენ, ვაგზავნი მანქანას... თუ არ მოსწონთ და ვერ ვაკმაყოფილებ იმ მოთხოვნებს, რომელიც მაგათ უწერიათ, მაშინ რატომ მომცეს ტენდერი? გაწერილია, რამდენ დღეში უნდა გავუგზავნო მანქანა. მისი მოთხოვნის შესაბამისად ვუგზავნი მანქანას“. ფაქტ-მეტრის კითხვაზე, როგორ ახერხებს 15-25 თანამშრომლის პირობებში (მისი თქმით, ორგანიზაციაში ამდენი ადამიანი მუშაობს) ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ასეულობით ძაღლის გაყვანას, კლინიკაში განთავსებას და შემდეგ პროცედურებს, ჯემალ გოგიტიძე პასუხობს, რომ რესურსი საკმარისია.

ფაქტ-მეტრს ადლიაში განთავსებულ ნაგავსაყრელ პოლიგონზე დასაქმებულებმა უთხრეს, რომ ცხოველთა კერძო თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლები იქიდან ნაგავსაყრელზე მიჰყავთ და უშვებენ. ეს ცხოველები შემდეგ ბათუმსა და მის მიმდებარე დასახლებებში გადადიან და იქაურ მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან.

„ნაგავსაყრელ პოლიგონზე ძაღლები იმიტომ მიდიან, რომ იქ საკვებს პოულობენ. ინფექციის გადამტანი ის ძაღლი არ არის, რომელსაც აქ სტერილიზაცია, ვაქცინაცია ჩაუტარდა. დაჭერის შემდეგ არ ვუშვებთ ჩვენ, თვითონ მიდის იქ ცხოველი, საკვებს ნახულობს, უზრუნველყოფილია კვებით“ - აცხადებს ჯემალ გოგიტიძე. დირექტორის მინდობილი პირი განმარტავს, რომ ერთგვარი მონოპოლისტური მდგომარეობა ალტერნატიული თავშესაფრის არარსებობის გამო შეიქმნა: „მაგას რომ მეკითხებით, გაარკვიეთ, აჭარაში არის თუ არა სხვა თავშესაფარი? ალტერნატიული ვარიანტი არ არის. ვიღაც უცხოელი ჩამოვიდა, გააკეთა თავისი სახსრებით თავშესაფარი, იმიტომ რომ უყვარს ცხოველები და მივიღეთ მონაწილეობა. რომ არ გაეკეთებინა, რა იქნებოდა მაშინ? ეს არის ბოლო წელი, ჩვენი თავშესაფარი წყვეტს ფუნქციონირებას, იმიტომ რომ ამ კაცს ამოუვიდა სული კისერში... გააკეთოს სხვამ მომავალი წლისთვის და მიიღოს მონაწილეობა. გამოდის, რომ, გვინდა თუ არა, ჩვენი კომპანია მონაწილეობს და ჩვენ გვაქვს მონოპოლია. გააკეთოს სხვამ და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ტენდერებში... რამდენიმე წელი ვიმუშავეთ და ჯიბიდან უხდიდა [თანამშრომლებს] ხელფასს. ტენდერები მერე დაიწყო. ერთი კაპიკი არ არის სახელმწიფოსი, რაც აქ ინფრასტრუქტურა არის. პრინციპში, [თავშესაფარი] წამგებიანია. დაიღალა ეს კაცი. ტენდერი რომ გამოცხადდა, დამფუძნებელმა მითხრა, მივიღოთ მონაწილეობა, ხელფასებს მაინც გავცემთო... ეს არის ბოლო წელი და [თავშესაფარი] უნდა დაიხუროს“ - განაცხადა გოგიტიძემ.

ვინაიდან რეგიონში სხვა თავშესაფარი არ არის, კერძო თავშესაფრის დახურვის შემთხვევაში, პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჩვენს კითხვაზე, რა გეგმები აქვს თვითმმართველობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა დაგეგმილი არ არის და მომავალ წელს ტენდერს ჩვეულებრივად გამოაცხადებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, 2019 წელს ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა ყველა რეგიონში იგეგმება.

მუნიციპალიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, მიმწოდებელმა მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონიბისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები უნდა განახორციელოს. საუბარია ცხოველის (ზრდასრული ძაღლი, ლეკვი 4 თვიდან, კატა) დაჭერაზე, ვეტერინარულ კლინიკამდე სპეციალურად აღჭურვილი ავტომობილით ტრანსპორტირებაზე, სტერილიზაციაზე, კასტრაციაზე, ვაქცინაციაზე, კვებაზე, დაბირკვაზე, ტრავმირებული ცხოველის მკურნალობასა და საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზიაზე; ასევე ბუნებრივ არეალში გაშვებული დაბირკული, გასტერილებული ცხოველის ეტაპობრივად გამოყვანასა და რევაქცინაციაზე. გარდა ამისა, ცხოველების ლეშის დროული გამოტანა სპეციალური ტრანსპორტით და ბეიკერის ორმოში დამარხვა. ცხოველთა რაოდენობა მუნიციპალიტეტებში განსხვავებულია.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა ღირებულების ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული შპს „СЕВЕР“-ს თითოეულ მუნიციპალიტეტთან ტენდერებში ჩართვის დღიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით.

ცხრილი 1: შპს „СЕВЕР“-სა და აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება 2014-2019 წლების მიხედვით

მუნიციპალიტეტი

2014

2015

2016

2017

2018

2019

ბათუმი

163 000

200 000

240 000

199 800

250 000

314 000

ქობულეთი

27 300

46 950

20 000

39 975

19 950

39 400

ხელვაჩაური

10 000

10 000

10 000

5 000

10 000

15 000

ქედა

4 200

4 000

4 000

4 000

4 000

4 875

ხულო

1 525

8 460

15 150

18 450

18 000

შუახევი

5 000

5 000

9 000

9 900

15 000

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ატვირთული ინფორმაციის თანახმად, ექვსივე მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მომსახურების ჯამური თანხა 1 750 935 ლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მაწანწალა ცხოველებს, მათ შორის, სპეციალური საყურე ნიშნის გარეშეც, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მრავლად შეხვდებით. ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი