11 ოქტომბერს Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი: „სრული მობილიზაცია - ჩეჩნეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის და ტაჯიკეთის სამხედრო შენაერთებით. რუსეთი იშლებაო, კი არა ომი ახლა იწყება. თოჯინა ზელენსკის სხვა რამედ გადააკეთებენ და ზედ ზოგ ,,ნატალიასაც,, მიაყოლებენ“.

პოსტი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისთვის რუსეთის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყებას ეხება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელსაც, მედიის თანახმად, 300 ათასი ადამიანის მობილიზაცია უნდა განეხორციელებინა, 21 სექტემბერს გამოაცხადა. თუმცა ბრძანებულებით რიცხვი ზუსტად არაა განსაზღვრული და ის, შესაძლოა, ბევრად მეტი აღმოჩნდეს.

რაც შეეხება ჩეჩნეთს, ის რუსეთის ნაწილია და ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულება მთელ რუსეთზე ვრცელდება. აქედან გამომდინარე, მისი ცალკე გამოყოფა, ფაქტის მხოლოდ გაზვიადებას ემსახურება. რეალურად, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის კუთხით ჩეჩნეთში სიტუაცია დანარჩენი რუსეთისგან საწინააღმდეგოა - ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, განაცხადა, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია ჩეჩნეთს არ შეეხება, რადგან უკრაინაში უკვე 20 ათასი ჩეჩენი იბრძოდა და ჩეჩნეთის რესპუბლიკამ „მიზანს“ უკვე 254%-ით გადააჭარბა.

რაც შეეხება ბელარუსს, რუსეთი ბელარუსის ტერიტორიას უკრაინაში ომის წარმოებისთვის იყენებს - ომის პირველ ეტაპზე რუსეთის ჯარები უკრაინაში, მათ შორის, ბელარუსის ტერიტორიიდან შეიჭრნენ, ასევე ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთი ბელარუსს უკრაინაზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმებისთვის იყენებს. ლუკაშენკომ რუსეთის ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ (რეალურად, ომში) მონაწილეობა ოქტომბერში აღიარა და დაადასტურა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ბელარუსი მის სამხედრო პერსონალს არსად გზავნის და არავის კლავს. ასევე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსში დაიწყო შემოწმება მოსახლეობის სამხედრო სამსახურში გაწვევის შესაძლებლობის შესახებ, ბელარუსი აცხადებს, რომ სამხედრო მობილიზაცია არ იგეგმება. რასაკვირველია, ბელარუსმა, შესაძლოა, მომავალში პოზიცია შეიცვალოს და სამხედრო მობილიზაცია დაიწყოს, მაგრამ პოსტის გამოქვეყნების დროისთვის მას მობილიზაცია არ დაუწყია.

რაც შეეხება ყაზახეთსა და ტაჯიკეთს, ისინი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში საერთოდ არ მონაწილეობენ და მათი შენაერთებით რუსეთის მიერ მობილიზაციის წარმოება აზრს მოკლებულია. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ-ტოყაევმა, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა. მან მხარი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს დაუჭირა და დაამატა, რომ ლუჰანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული სახელმწიფოების დამოუკიდებლობას არ აღიარებდა.

პოსტის ავტორი შესაძლოა, დასახელებული ქვეყნების მიერ საერთო სამხედრო წვრთნების გამართვაზე აპელირებდა. რუსეთის ლიდერობით არსებულმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (კუხო - შედგება რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ყირგიზეთია და ტაჯიკეთისგან) ყაზახეთში 26 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე წვრთნები გამართა, შემდგომ წვრთნები ტაჯიკეთშიც ჩატარდა. ყირგიზეთმა მის ტერიტორიაზე კუხო-ს წვრთნები გააუქმა. თუმცა ბუნებრივია, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება რუსეთის მიერ „ჩეჩნეთის, ბელორუსიის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის სამხედრო შენაერთებით“ სრული მობილიზაციის წარმოებას არ ნიშნავს.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.