პრორუსულმა გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ რუსი პოლიტოლოგის სერგეი მიხეევის „რადიო ვესტის“ (პროპაგანდისტული საინფორმაციო რადიო პორტალი რუსეთში) ეთერში გაკეთებულ კომენტარებზე სტატია მოამზადა. „საქართველოს და მსოფლიო“-ს ჟურნალისტის შეფასებით „რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მიხეევმა „რადიო ვესტის“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც რუსეთი იძულებული შეიქნა, უკრაინაში სპეცოპერაცია დაეწყო“.

წყარო: „საქართველო და მსოფლიო“-ს ვებგვერდი

სტატია ძირითადად მიხეევის მიერ მოყვანილი ციტატების კომპილაციას წარმოადგენს, სადაც ის ცნობილ დასავლელ პოლიტიკოსებსა და გავლენიან ფიგურებს ანტირუსულ პოლიტიკაში ადანაშაულებს და ამის დასადასტურებლად მათი გამონათქვამები მოჰყავს. სტატიაში მოყვანილი ციტატები სერგეი მიხეევის ინტერვიუდან არაერთ უზუსტობას და ყალბ ინფორმაციას შეიცავს.

სტატიის დასაწყისში მოყვანილია ციტატა აშშ-ის 42-ე პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით. ციტატაში მიხეევი ამტკიცებს, რომ კლინტონი 1997 წელს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მიმართვაში ამბობდა: „ჩვენ ბევრი მილიარდი დოლარი დავხარჯეთ ხელისუფლების სათავეში ელცინის მოსაყვანად, მაგრამ ეს დანახარჯი იოლად ავინაზღაურეთ. ჩვენ ჩამოვიცილეთ რუსეთი, როგორც კონკურენტი, და რუსეთიდან უმნიშვნელო ფასად გავიტანეთ 20 ათასი ტონა სპილენძი, 15 ათასი ტონა ალუმინი, 2 ტონა ცეზიუმი, სტრონციუმი, ბერილიუმი და სხვ.“.

ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მიმართვა (State of the Union address) აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონგრესისთვის ყოველწლიურად, წლის დასაწყისში, გაკეთებული მოხსენებაა, სადაც პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ძირითად გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბრობს და წარადგენს მომდევნო წლის საკანონმდებლო სამოქმედო გეგმას. 1997 წლის მიმართვაში (იხილეთ მიმართვის წერილობითი და ვიდეო ჩანაწერი) პრეზიდენტ კლინტონს საერთოდ არ უხსენებია ელცინი და არც მის ხელისუფლებაში მოსაყვანად დახარჯული მილიარდების ანაზღაურებაზე უსაუბრია.

მიხეევმა ასევე ისაუბრა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშ უფროსზე და მისი ციტატა მოიყვანა -„მირჩევნია, რუსეთში იყოს ქაოსი და სამოქალაქო ომი და არა მისი გაერთიანებისა და მტკიცე, ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ტენდენციები”- რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის ციტატა და მიხეევის მიერ ბუშის ორიგინალი განცხადების დამახინჯებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

სინამდვილეში, პრეზიდენტმა ბუშ უფროსმა, 1991 წლის 26 დეკემბრის განცხადებაში, რომელშიც ის პრეზიდენტ გორბაჩოვის გადადგომას გამოეხმაურა, სულ სხვა კონტექსტის მატარებელი განცხადება გააკეთა. გორბაჩოვის მოღვაწეობის შეფასებისა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „გორბაჩოვის პოლიტიკამ საშუალება მისცა რუსეთს და სხვა რესპუბლიკებს გვერდზე გადაედოთ წლების განმავლობაში არსებული ძალადობა და ზეწოლა და შეექმნათ საფუძველი ახალი მშვიდობისთვის... აშშ-ი მიესალმება და მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ახალი ქვეყნების (იგულისხმება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები) თავისუფლებას. ჩვენ ვულოცავთ მათ ახალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი გზის არჩევას და ვაფასებთ მათ ფრთხილ მიდგომას ატომური იარაღის კონტროლსა და უსაფრთხოებაზე ამ ტრანზიციულ პერიოდში. მიუხედავად იმისა რომ არსებობს არასტაბილურობისა და ქაოსის საფრთხე, ეს პროცესები ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება“.

შესაბამისად, პრეზიდენტი ბუში უფროსი, საუბრობდა ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებულ სახელმწიფოების მხარდაჭერაზე, სადაც აღნიშნა, რომ ამ პროცესში შესაძლოა, წარმოიქმნას დესტაბილიზაცია და ქაოსი. განცხადებაში საუბარი არ ყოფილა თავად რუსეთის ფედერაციის ერთიანობასა და ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მიუღებლობაზე და იქ სამოქალაქო ომის გაჩაღებაზე. პირიქით, აშშ-ი უამრავ რესურს ხარჯავდა იმისთვის რომ რუსეთში სტაბილურობა შენარჩუნებულიყო, რაც ევროპისა და ამერიკის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა.

სერგეი მიხეევმა ასევე გაიმეორა რუსეთში არაერთგზის (მათ შორის ოფიციალური და სამთავრობო არხების მიერ) გავრცელებული კიდევ ერთი დეზინფორმაცია მარგარეტ ტეტჩერის (ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) 1991 წელს ჰიუსტონში სიტყვით გამოსვლის შესახებ. მიხეევის განცხადებით, ტეტჩერმა თავის სიტყვაში თითქოს განაცხადა, რომ „ეკონომიკურად გამართლებულია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდეს 15 მლნ ადამიანი, რომლებიც მოემსახურებიან ჭაბურღილებსა და მაღაროებს“.

სინამდვილეში, მარგარეტ ტეტჩერს მის გამოსვლაში, რომელიც 1991 წელს ჰიუსტონში,ნავთობის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შედგა, მსგავსი რამ არ უთქვამს. ტეტჩერის ეს ყალბი ციტატა პირველად რუსი მწერლის ანდრეი პარშევის მიერ გამოცემულ წიგნში „რატომ არ არის რუსეთი ამერიკა“ გვხდება, საიდანაც შემდეგ სხვა წყაროებმა აიტაცეს და გაავრცელეს. ტეტჩერის ეს ყალბი ციტატა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისი სპიკერის, მარია ზახაროვას ოფიციალურ ტვიტერის გვერდებზეც გამოქვეყნდა. დღეს ეს განცხადებები აღარ იძებნება, რადგან ავტორებმა ტვიტერიდან წაშალეს, თუმცა ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის Polygraph.info („ამერიკის ხმის“ ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა) არქივში შემონახულია ტვიტერზე გამოქვეყნებული მასალის ამსახველი მტკიცებულება.

სტატიის ბოლოში საუბარია მიხეევის მიერ მოყვანილ კიდევ ერთ ყალბ ციტატაზე. რუსი პოლიტოლოგი ამჯერად უნგრული წარმოშობის ცნობილი ბიზნესმენისა და ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს. მიხეევის მიხედვით, სოროსმა განაცხადა, რომ „ჩვენ უკრაინა ტორპედოდ გვჭირდება რუსეთთან ომში. ამ ქვეყნის მოქალაქეების ბედი ჩვენ საერთოდ არ გვადარდებს“.

სინამდვილეში, მსგავსი რამ ჯორჯ სოროსს არ უთქვამს და ეს რუსული წყაროების მიერ გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია, რომელიც ჯორჯ სოროსის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. რუსული წყაროების მიხედვით, სოროსმა აღნიშნული განცხადება 2019 წელს ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. თუმცა არც ერთ მსგავს ბრალდებაში წყარო და ინტერვიუს ბმული ან გამოცემის დასახელება მითითებული არ არის და მსგავსი ინფორმაციები მხოლოდ რუსულ ენაზე და რუსულ წყაროებში იძებნება. აღსანიშნავია, რომ სოროსის ეს ყალბი ციტატა 2022 წლის 19 ივლისს საერთაშორისო ორგანიზაციებში - კერძოდ, ვენაში - რუსეთის ფედერაციის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა მიხეილ ულიანოვმა, საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა (ასევე წყაროს მითითების გარეშე).

მთლიანობაში, სტატია, რომელიც სერგეი მიხეევის „რადიო ვესტი“-სთვის მიცემული ინტერვიუებიდან ამონარიდებითაა შექმნილი, უამრავ უზუსტობას და ყალბ ინფორმაციას შეიცავს. დასავლელი პოლიტიკური ლიდერებისა და გავლენიანი ფიგურების გაყალბებული ციტატების გავრცელება დასავლეთის დისკრედიტაციასა და რუსეთის სამხედრო აგრესიის გამართლებას ისახავს მიზნად.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი