-
არჩილ თალაკვაძე: ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა პოლიტიკურ კომიტეტზე მხარი დავუჭირეთ რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას … სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არსი მანიპულირება
მანიპულირებაგანცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებულიVS
-
სალომე სამადაშვილი: პროცედურულად, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თუ მაინცდამაინც არ ეთანხმებოდნენ იმ შესწორებას, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებას, არ დაეჭირათ მხარი ამ შესწორებისთვის, მაგრამ მხარი დაეჭირათ შესწორებისთვის, რომელიც პუტინის რეჟიმს აცხადებს ტერორისტულ რეჟიმად
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის სიმართლე
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია26/10/2022ნახვა 3487
არჩილ თალაკვაძე: ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა პოლიტიკურ კომიტეტზე მხარი დავუჭირეთ რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას … სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არსი მანიპულირება.
სალომე სამადაშვილი: პროცედურულად, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თუ მაინცდამაინც არ ეთანხმებოდნენ იმ შესწორებას, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებას, არ დაეჭირათ მხარი ამ შესწორებისთვის, მაგრამ მხარი დაეჭირათ შესწორებისთვის, რომელიც პუტინის რეჟიმს აცხადებს ტერორისტულ რეჟიმად
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი:
2022 წლის 13 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი, N2463 რეზოლუცია - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, მიიღო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ მიმდინარე მასშტაბური აგრესია, უკრაინის ტერიტორიაზე უკანონო რეფერენდუმების ჩატარება, უკრაინის ტერიტორიის ანექსია. ასევე, რეზოლუციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსეთმა უკრაინაში არაერთი დანაშაული ჩაიდინა, რომელიც არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და უდიდეს საფრთხეს უქმნის მსოფლიოს უსაფრთხოებასა და მშვიდობას. ამასთან ერთად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ N2463 რეზოლუციით რუსეთის მმართველი რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადა.
N2463 რეზოლუცია საყურადღებოა იმითაც, რომ რეზოლუციის ტექსტში ერთ-ერთი შესწორების სახით შევიდა ცვლილება, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხელ სააკაშვილის ეხება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ და მისმა წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა აღნიშნული იმით ახსენეს, რომ რეზოლუციის ტექსტში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი გაჩნდა. აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: „სინამდვილეში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა პოლიტიკურ კომიტეტზე, სადაც ეს რეზოლუცია იყო ინიციირებული და განხილული, მხარი დავიჭირეთ რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას, პირადად მე ვესწრებოდი კომიტეტის შეხვედრას, სადაც ჩემი პოზიცია კენჭისყრის დროს დავაფიქსირე, ანუ საქართველომ და საქართველოს სახელისუფლებო გუნდმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა მისცა პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე. რაც შემდეგ მოხდა, დამაზიანებელი იყო და ეს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილთან დაკავშირებულმა რამდენიმე დეპუტატმა, მათ დააინიციირეს სააკაშვილთან დაკავშირებულო ცვლილება ამ რეზოლუციაში, რომელსაც 600 დეპუტატიდან მხოლოდ 55 -მა დაუჭირა მხარი, ამ საკითხს ჰქონდა ორჯერ ნაკლები მხარდაჭერა იმ მომენტში, ვიდრე რეზოლუციას, საერთო რაოდენობაზე რომ არაფერი ვთქვათ. აქედან ჩანს, რომ სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათ შორის, უკრაინელი დეპუტატიც კი უკმაყოფილო იყო, ამ ცვლილების ინიციირებით, ეს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა რამდენიმე დეპუტატმა“. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გზავნილების შემცველი განცხადებები ქართული ოცნების სხვა ლიდერებმაც (ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მამუკა მდინარაძე და ა.შ.) გააკეთეს.
„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის სალომე სამადაშვილის შეფასებით -„ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა ჰქონდა სააკაშვილთან დაკავშირებული შესწორებისთვის არ დაეჭირა მხარი, თუმცა რუსეთის მმართველი რეჟიმის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებისთვის ხმა მიეცა - „ნურავის ნუ მოატყუებს „ქართული ოცნება“, პროცედურულად, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თუ მაინცდამაინც არ ეთანხმებოდნენ იმ შესწორებას, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებას, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, არ დაეჭირათ მხარი ამ შესწორებისთვის, მაგრამ მხარი დაეჭირათ შესწორებისთვის, რომელიც პუტინის რეჟიმს აცხადებს ტერორისტულ რეჟიმად. სიმართლე არის მარტივი - „ქართულ ოცნებას“ არ სურდა მხარი დაეჭირა პუტინის რეჟიმის ტერორისტებად გამოცხადებისთვის და ამისთვის გამოიყენეს საბაბად მიხეილ სააკაშვილის საკითხი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ფაქტ-მეტრმა“ არჩილ თალაკვაძისა და სალომე სამადაშვილის განცხადებების ის შინაარსი, რომელიც ეხება საკითხს, შეეძლოთ, თუ - არა საქართველოს წარმომადგენლებს, პოლიტიკურ ოპონენტის შესახებ გაკეთებული ჩანაწერისთვის მხარდაჭერის გარეშე რუსეთის მმართველი რეჟიმის ტერორისტულ რეჟიმად აღიარებისთვის მხარი დაეჭირათ, გადაამოწმა.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის რეგლამენტის მიხედვით, რეზოლუციის სამუშაო ტექსტს და მასში შესულ შესწორებებს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. მას შემდეგ რაც რეზოლუცია საბოლოო სახეს მიიღებს, რეზოლუციას და მასში შესულ შესწორებებს ერთობლივად ეყრება კენჭი და ხმათა შესაბამისი რაოდენობის მოგროვების შემთხვევაში, იგი მიღებულად ითვლება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ N2463 რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიაში ჯამში, 13 შესწორება შეიტანა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რეზოლუციით ასამბლეამ რუსეთის მმართველი რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად ცნო. ეს ჩანაწერი რეზოლუციის მე-13 პუნქტს მე-7 შესწორების შედეგად დაემატა. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე განთავსებული შედეგებიდან ირკვევა, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა აღნიშნულ შესწორებას მხარი არ დაუჭირეს.
რაც შეეხება სააკაშვილის შესახებ ჩანაწერს, აღნიშნული რეზოლუციის მე-7 პუნქტს მე-4 შესწორების დროს დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, „ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვლადიმირ კარა-მურზა. ასამბლეა ასე მოითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის)“. „ქართული ოცნების წარმომადგენლები სწორედ აღნიშნულ ჩანაწერს ასახელებენ იმის მიზეზად, რომ მათ რეზოლუციას და მასში შესულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. საყურადღებოა, რომ მე-4 შესწორების კენჭისყრას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, გივი მიქანაძე ესწრებოდა, რომელმაც ხმა შესწორების წინააღმდეგ მისცა. აღნიშნული, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რეზოლუციის და მისი შესწორებების მიღებაში საკუთარი პოზიცია ხმის მიცემის გზით დააფიქსირეს.
ზემოხსენებულმა შესწორებებმა და მათი კენჭის ყრის შედეგებმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ მართლაც ჰქონდა შესაძლებლობა რუსეთის მმართველი რეჟიმის ტერორისტულ რეჟიმად აღიარებისთვის მხარი ცალკე დაეჭირა, ისე რომ ეს მხარდაჭერა არ ჩათვლილიყო მათი პოლიტიკური ოპონენტის გათავისუფლების მოწოდების მხარდაჭერად. შესაბამისად, სალომე სამადაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის განცხადებას, მისი მტკიცების ის შინაარსი, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებას უნდოდა რეზოლუციის მხარდაჭერა, თუმცა რეზოლუციაში სააკაშვილის შესახებ ჩანაწერის გაკეთებამ მათ შესაძლებლობა წაართვა მხარი დაეჭირათ რეზოლუციისთვის, არის მანიპულაცია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი მე-4 შესწორებით შევიდა რეზოლუციაში, ხოლო რუსეთის მმართველობის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადების ჩანაწერი მე-7 შესწორებით, ამასთან საპარლამენტო ასამბლეის წევრებს თითოეული შესწორებისთვის ცალ-ცალკე უწევდათ ხმის მიცემა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეეძლოთ რუსეთის მმართველი რეჟიმის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებისთვის მხარი დაეჭირათ და აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ამ გზით ისე გამოეხატათ, რომ მათი მხარდაჭერა სააკაშვილის საკითხთან შემხებლობაში არ იქნებოდა. მიუხედავად ამგვარი შესაძლებლობისა, ოცნების წარმომადგენლებმა არც რეზოლუციის და არც შესწორებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მეტიც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ მხოლოდ მე-4 შესწორების (სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი ამ შესწორებით შევიდა) კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და ხმა შესწორების წინააღმდეგ მისცა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაუგებარია ,რატომ არ შეეძლოთ მმართველი გუნდის წევრებს მსგავსი მიდგომით რუსეთის რეჟიმის ტერორისტულ რეჟიმად აღიარებისთვის დაეჭირათ მხარი.