შალვა კერესელიძე: ბოლო წლებში, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს ჯერ გაუტოლდა, შემდეგ კი გადააჭარბა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძეს განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2015-2019 წლებში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი, ანუ სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის, ყოველწლიურად მცირდებოდა. 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას თითქმის 14 ათასით გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ისევ უარყოფითია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გარდაცვლილთა რაოდენობა ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას 6 486 ადამიანით აღემატება.

შობადობის შემცირება და ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი ქვეყანას მძიმე დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე აყენებს. დეპუტატი არსებულ პრობლემაზე სწორად მიუთითებს და მისი განცხადება არის ზუსტი.

ანალიზი

4 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ ქვეყნის დემოგრაფიულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით: „ბოლო წლებში სიკვდილიანობისა და შობადობის მაჩვენებელი ჯერ ერთმანეთს გაუტოლდა, ხოლო შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შობადობის მაჩვენებელს გადააჭარბა“.

შობადობასა და სიკვდილიანობას შორის სხვაობას ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ასახავს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2008 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებლები დადებითი იყო, ანუ დაბადებულთა რიცხოვნობა გარდაცვლილთა რიცხოვნობას აჭარბებდა. თუმცა 2015 წლიდან ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა, რაც თავის მხრივ შობადობის შემცირებით იყო გამოწვეული. 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას 13 960 ერთეულით გადააჭარბა. ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი განპირობებული იყო, როგორც სიკვდილიანობის ზრდით, ასევე შობადობის შემცირებით. ქვეყნის მასშტაბით, 100 მოსახლეზე გადაანგარიშებით ბუნებრივი მატების კოეფიციენტი - 3.8 ერთეულია, რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ბუნებრივი მატების მაჩვენებელი მიმდინარე წელსაც უარყოფითია. 2022 წლის იანვარ-ივნისში გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას 6 486 ადამიანით გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითია.

გრაფიკი 1: ბუნებრივი მატების მაჩვენებლები 2014-2021 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გასული 7 წლის განმავლობაში ქვეყანაში შობადობა ყოველწლიურად მცირდება. შობადობის შემცირება ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რაც მოსახლეობის შემცირებასა და მოსახლეობის დაბერებას იწვევს. ეს უკანასკნელი მოსახლეობაში ხანდაზმული ასაკის პირების წილის ზრდას და ახალგაზრდებისა და შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის შემცირებას ნიშნავს. იმისთვის, რომ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიული პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანია, რომ ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ჰქონდეს. ამ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ ვიდეო.

გრაფიკი 1: ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა, 2014-2021 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი