18 ოქტომბერს Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი აღწერით: „ექსკლუზივი: „ეს არის ცეცხლთან თამაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ლაბორატორიული პანდემია“: ექსპერტები აკრიტიკებენ ბოსტონის ლაბორატორიას, სადაც მეცნიერებმა შექმნეს COVID-ის ახალი სასიკვდილო შტამი, 80%-იანი სიკვდილიანობის მაჩვენებლით“. აღწერა პოსტში თანდართული Daily Mail-ის სტატიის სათაურიდან არის ნათარგმნი.

ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ომიკრონის შტამზე კვლევა ნამდვილად ჩაატარეს, თუმცა კვლევის ამგვარი პროვოკაციული სათაურით გაშუქება კვლევის რეალურ მიზანს, შედეგებს და კვლევის დროს გათვალისწინებულ უსაფრთხოების ზომებს ყურადღების მიღმა ტოვებს. აღნიშნული შემთხვევა ინფორმაციის სენსაციური/მანიპულაციური სათაურით გაშუქების მაგალითია, რომლის მიზანი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა.

2022 წლის 14 ოქტომბერს BioRxiv-ის პლატფორმაზე ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ COVID-19-ის ვირუსის ომიკრონის შტამზე ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა. როგორც პლატფორმაზეა აღნიშნული, კვლევას კოლეგიალური შემოწმება (peer-review) არ გაუვლია. კვლევის მიზანი იყო დაედგინათ, ომიკრონის შტამის ნაკლები სიმძიმე სპაიკ ცილის მუტაციასთან დაკავშირებული იყო, თუ - არა. ამის დასადგენად მკვლევრებმა ომიკრონის შტამიდან აღებული სპაიკ ცილა SARS-CoV-2-ის ორიგინალ შტამს დაამატეს, რის შედეგადაც ახალი Omi-S შტამი მიიღეს. შემდეგ აღნიშნული სამი შტამი (ახალი Omi-S, პირვანდელი და ომიკრონის შტამები) თაგვებზე გამოცადეს. შედეგად, პირვანდელი შტამით დაინფიცირებული ყველა თაგვი მოკვდა, ომიკრონით დაინფიცირებული ყველა თაგვი გადარჩა და ხელოვნურად მიღებული Omi-S შტამით დაინფიცირებული თაგვების 80% მოკვდა. შესაბამისად, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ომიკრონის შტამის ნაკლები სიმძიმე სპაიკ ცილის მუტაციასთან არ იყო დაკავშირებული. მათი თქმით, აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა და მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

Daily Mail-ის მიერ 17 ოქტომბერს გაშუქებული სტატია ბოსტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. სტატიის თანახმად, კვლევა ვირუსის ვარიანტის „ფუნქციის შეძენას“ ("gain-of-function" research) ემსახურებოდა, თუმცა ექსპერტებმა აღნიშნული მტკიცება უარყვეს. მიჩიგანის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორმა მაიკლ იმპერიალმა Politifact-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ბოსტონის ლაბორატორიის კვლევა შეიძლება ჩაითვალოს შტამისთვის „ფუნქციის დაკარგვად“ (“loos of function”), რადგან ხელოვნურად მიღებული Omi-S შტამი ვირუსის პირვანდელ შტამთან შედარებით ნაკლებად მომაკვდინებელი აღმოჩნდა. ხოლო რაც შეეხება ომიკრონის შტამს, მისი შედარება Omi-S შტამთან არასწორია, რადგან კვლევითი მანიპულაცია მხოლოდ პირვანდელ შტამზე ჩატარდა და არა ომიკრონზე.

ამასთან ერთად, ბოსტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კვლევა ჩატარდა ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ობიექტებში, სადაც საშიშ პათოგენებზე მუშაობისთვის უსაფრთხო ზომები დაცულია. ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის უფროსმა მეცნიერმა ჯიჯი გრონვალმა განაცხადა, რომ კვლევის კრიტიკოსები უგულებელყოფენ „უსაფრთხოების საგანგებო ზომებს“, რომლებიც ბოსტონის ლაბორატორიაში უმაღლეს დონეზეა დაცული. მისი თქმით, „არ არსებობს არანაირი ინდიკატორი იმისა, რომ კვლევის მიმდინარეობის დროს უსაფრთხოების ზომები დარღვეული იყო. ვირუსი, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეიწირა, გამოკვლევას და შესწავლას მოითხოვს“.

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების (NIAID) განყოფილების დირექტორმა, ემილი ერბელდინგმა განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებს ამ ტიპის სამუშაოების ჩატარების შესახებ სააგენტო გაეფრთხილებინათ. თუმცა ერბელდინგმა იქვე დაამატა, რომ მედიის მიერ რისკებთან დაკავშირებული ინფორმაცია გადაჭარბებულად შუქდება. ბოსტონის უნივერსიტეტმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ვალდებულება კვლევის ჩატარების შესახებ NIAID-ის აცნობონ. კვლევის ჩატარება ბიოუსაფრთხოების კომიტეტის და ბოსტონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომისიის მიერ იყო ნებადართული.

ბოსტონის უნივერსიტეტი მოვლენებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ Daily Mail-ის სტატია არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს. განცხადების თანახმად, ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევრები დაინტერესებულნი იყვნენ კორონავირუსის ხელოვნურად შექმნილი შტამის პირვანდელ შტამთან შედარებით, „იმიტომ, რომ ომიკრონის შტამი არ აინფიცირებდა იმავე უჯრედებს, რასაც პირვანდელი შტამი“. მკვლევრებს სურდათ, დაედგინათ, თუ ვირუსის რა ნაწილი განაპირობებს ინფიცირების ხარისხს და დაავადების მიმდინარეობის სიმწვავეს. ბოსტონის კვლევითი ლაბორატორიის დირექტორის რონალდ კორლის განცხადებით, სათაური მთლიან კონტექსტს არ ასახავს და არა მხოლოდ კვლევის დასკვნებს, არამედ კვლევის მიზანსაც სრულიად არასწორად გადმოსცემს“.

------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი