Facebook-მომხმარებლები სოციალურ ქსელში ჰოლანდიელი ხელოვანის ნამუშევართან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6). ისინი ამტკიცებენ, რომ ნიდერლანდებში ბავშვთა სათამაშოების მაღაზიაში ჯვარცმის სათამაშო ფიგურა, სახელწოდებით „ჯვარს აცვი იესო!“ („Crucify Jesus yourself!“) იყიდება. აღნიშნული Facebook-მომხმარებლები თითქმის იდენტურ პოსტებს აქვეყნებენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი წერს: „რაღაც ხდება სამყაროში, მეგობრებო, და ეს არის ის, რასაც ჩვენ ახალი ამბების მიღმა კულისებში ვერ ვხედავთ. ჰოლანდიურ საბავშვო მაღაზიებს აქვთ სათამაშო, სახელწოდებით „ჯვარს აცვი იესო“. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, ყუთში იესოს ფიგურა, ჯვარი, ჩაქუჩი და ლურსმნებია მოთავსებული. ამავე მტკიცებას ავრცელებს Facebook-მომხმარებელი „ბნელი უბნელესი“, რომელიც საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის, ალექსანდრ ლიპინის ვიდეოდან ამოჭრილ ვიდეომონაკვეთს აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა და ლიპინის YouTube-არხზე იყო გამოქვეყნებული, რომელიც ამჟამად Youtube-ის წესების დარღვევის გამო გაუქმებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტოსურათი და შესაბამისი მტკიცება სხვადასხვა Facebook-მომხმარებლის მიერ სხვა დროსაც ვრცელდებოდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).
სინამდვილეში, გავრცელებულ ფოტოზე არა საბავშვო სათამაშო, არამედ ხელოვნების ნიმუში, სახელწოდებით „CRUCIFY JESUS BY YOURSELF!“ არის გამოსახული, რომელიც ჰოლანდიელ ხელოვანს, ფილემონ ვესელინკს ეკუთვნის. აღნიშნული ხელოვნების ნიმუში 2015 წელს ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე, “Twente Biennial”-ზე ერთ-ერთ ექსპონატს წარმოადგენდა და მის Facebook-გვერდზეც გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვესელინკის ნამუშევარი ნიდერლანდებში Art Kitchen Gallery-ში იყიდებოდა და 525 ევროდ იყო შეფასებული, თუმცა, ნამუშევარი ამჟამად გაყიდულია და საიტზე ხელმისაწვდომი არ არის.
ვესელინკი საკუთარ ნამუშევართან დაკავშირებით წერდა, რომ ნამუშევარი ქრისტიანობაში ჯვარცმის მნიშვნელობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. მისი თქმით, ჯვარცმის გარეშე ქრისტიანობა ასეთი დიადი ვერ იქნებოდა და სვამს შეკითხვას: „იგრძნობენ, თუ - არა ადამიანები თავს დამნაშავედ, როცა ამ ნამუშევარს იყიდიან და ჯვარცმის პროცესს გაიმეორებენ?”. „ქრისტეს ჯვარზე გაკვრის დროს ვის მხარეს ხარ? ჯვარცმის გარეშე ქრისტიანობა ასეთი დიადი არ იქნებოდა. დაშვებულია, თუ - არა ეს ქრისტიანებისთვის? თუ დიახ, მაშინ რას ამბობს ეს ყოველივე ქრისტიანობაზე? იგრძნობენ, თუ - არა თავს დამნაშავედ, როდესაც ამ ნამუშევარს იყიდიან და ჯვარცმის პროცესს თავად გაიმეორებენ?“, - აღნიშნავს ვესელინკი.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება ყალბია და ფოტოსურათზე არა სათამაშო, არამედ ჰოლანდიელი ხელოვანის, ვესელინკის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშია გამოსახული. ხელოვნების ნიმუშს საბავშვო სათამაშოსთან არავითარი კავშირი არ აქვს და ის არა სათამაშოების მაღაზიაში, არამედ ნიდერლანდების ერთ-ერთ გალერეაში - Art Kitchen Gallery-ში, იყიდებოდა.
-----------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.