Facebook-მომხმარებელმა უკრაინის ოთხ რეგიონში რუსეთის მიერ გამართულ ანექსიის უკანონო რეფერენდუმებთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც შემდგომ ანტიდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიამაც - „ქართული იდეა“ - თავის Facebook-გვერდზე გაავრცელა. ვინაიდან მოცემული პოსტი საკმაოდ ვრცელია და მასში დასმული ყველა საკითხი ფაქტების გადამოწმებას არ ექვემდებარება, სტატიაში რეფერენდუმთან დაკავშირებული ნაწილია განხილული:

საქართველოს პრეზიდენტმა „ყალბი რეფერენდუმიო“. ვინც არის რუსეთი ვიცით და დასავლეთიც მასთან ერთად... „უკანონო რეფერენდუმი“ „სპექტაკლი კრემლში“ „ყალბი რეფერენდუმი“ „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა“ და ა.შ...

ახლა შეკითხვა ქალბატონ პრეზიდენტს, ევროლიდერებს და იმ ნაცქოცობას, რომლებიც სამშობლოზე მეტად უკრაინა უყვართ: საერთაშორისო დამკვირვებლები რეფერენდუმზე მე ხომ არ გავუშვი? არა, ჩემ ძალებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ეს მეტისმეტია (ირონიული ღიმილი). ფიზიკურად ვერ შევძლებდი, თუნდაც იმიტომ, რომ დედის წინ მორბენალი კვიცი როგორ ვიქნებოდი?! თქვენ ხომ დედა ხართ ჩვენი საქართველოსი?! ჰოდა აუხსენით ჩვენ პრეზიდენტს და ნაცქოცობას, რომ ლოგიკასთან საერთო არ აქვს თქვენ და პრეზიდენტის განცხადებებს, ფაქტთან, რომელიც ცალსახად აღიარებულია თქვენი ქმედებით (რეფერენდუმზე დამკვირვებელთა გაგზავნა უკრაინის ე.წ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე). რაო ევროპამ: ყველაფერმა კარგად ჩაიარაო და არ ველოდებოდითო, ამასო? დიახ, არ ელოდნენ იმას, რომ რეფერენდუმი წყნარად ჩატარდებოდა, არამედ ელოდნენ, რომ უკრაინა მოახერხებდა და საბოტაჟს მოაწყობდა... სამწუხაროდ ვერ შეძლო ეს უკრაინამ ევროპასთან ერთად: მიზეზები უამრავია! ... მოკლედ რეფერენდუმი აღიარებულ იქნა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ და აქ რას მჟუტურებთ ტელე-ეთერებიდან?!“.

რეალურად, ე.წ. „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში დადგა აღნიშნული ტერიტორიების უკანონო ანექსიისთვის, ლეგიტიმურობასთან საერთო არაფერი აქვს.

რუსეთმა ე.წ. „რეფერენდუმები“ უკრაინის ოთხ რეგიონში ჩაატარა - ლუჰანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში. თუმცა რუსეთი აღნიშნულ რეგიონებს სრულად ვერ აკონტროლებს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში სრული მოსახლეობის აზრი ვერ დაფიქსირდებოდა და ვერც რეფერენდუმს ექნება ლეგიტიმურობა.

ასევე, აღნიშნული რეგიონები მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ზონაა და ადგილზე „რეფერენდუმის“ გამართვა არჩევნების ზოგად პრინციპთან, რომ ხმის მიცემის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს, სრულიად შეუსაბამოა, რადგან სამხედრო მოქმედებების დროს ხმის მიცემისთვის გადაადგილება უსაფრთხო არაა და ამიტომ შესაძლოა, მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ან ფიზიკურად ვერ შეძლონ ხმის მიცემა.

რეგიონები, სადაც ე.წ რეფერენდუმები ჩატარდა, სამხედრო კონფლიქტის ზონაა და ეს ტერიტორიები მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ჯერ კიდევ 10 მაისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის წარმოებული ომის შედეგად 8 მილიონი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირია. ივლისის მონაცემებით, უკრაინიდან მხოლოდ ევროპაში დევნილი მოსახლეობის რეგისტრირებული რიცხვი 6 მილიონს სცდება და ამ პერიოდში უკრაინიდან 10 მილიონის საზღვრის კვეთა დაფიქსირდა. ევროპის გარდა უკრაინელები სხვა ქვეყნებშიც წავიდნენ ლტოლვილებად, მაგალითად აშშ-ში აგვისტოს სტატისტიკით, 150 ათასზე მეტი. ლოგიკურია, როდესაც რეგიონებიდან ომის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი გაქცეულია, იქ ჩატარებული რეფერენდუმების ლეგიტიმურობაზე საუბარი აბსურდულია, ვინაიდან ის მოსახლეობის ნებას ვერ ასახავს.

ამასთან, უკანონოა თავად რუსეთის შეჭრაც უკრაინაში, რადგან ის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს - ძალის გამოყენების ან ძალის გამოყენებით მუქარის დაუშვებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის - უხეშად არღვევს. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაც და ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი კონტროლიც საერთაშორისო სამართლის თანახმად უკანონოა. შესაბამისად, სამართლებრივად რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე რეფერენდუმების გამართვის უფლება არ ჰქონია. რაც შეეხება რუსეთის ხელდასხმული სეპარატისტული რეჟიმების ლეგიტიმურობას, მათ გაერო-ს წევრ სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა არ აღიარებს და ტერიტორიას უკრაინის ნაწილად მიიჩნევს. ამდენად, მათი ეგიდით რეფერენდუმების ჩატარებაც ლეგიტიმურობას სრულად მოკლებულია. აქვე აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთმაც კი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 30 სექტემბერს, უკანონო „რეფერენდუმების“ შემდეგ, აღიარა.

„რეფერენდუმები“ უკანონოდ ცნო და დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ და ცივილიზებულმა სამყარომ, მათ შორის ევროკავშირმაც (პოსტის ავტორი გავრცელებულ დეზინფორმაციაში ევროპაზე საუბრობდა) და ეუთო-ს, რომელიც, ტრადიციულად, ევროპაში ჩატარებულ არჩევნებზე ერთ-ერთ მთავარ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს, ხელმძღვანელმა პირებმაც. უკანონო რეფერენდუმები არ აღიარა ლეგიტიმურად და დაგმო საქართველომაც - მაგალითად, იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის გამოხმაურებები.

რაც შეეხება „რეფერენდუმების“ „კარგად ჩატარებას“, რუსი ჯარისკაცები კარდაკარ დადიოდნენ მოსახლეობიდან „ხმების“ შესაგროვებლად. ბუნებრივია, საოკუპაციო ჯარის მიერ „რეფერენდუმის“ ჩატარება, როდესაც ჯარისკაცები სახლებში მიდიან და მოსახლეობას იარაღის ქვეშ უწევს „ხმის მიცემა“, ლეგიტიმურობასა და კანონიერებასთან დაკავშირებით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

საქართველოს არც დამკვირვებლები გაუგზავნია „რეფერენდუმებზე“. მოსკოვმა ე.წ. „დამკვირვებლებად“ მისდამი ლოიალურად განწყობილი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ჩაიყვანა, თუმცა ისინი რეალურად ქვეყნების წარგზავნილ ოფიციალურ დამკვირვებლებს არ წარმოადგენდნენ და ექსპერტების შეფასებით, დამკვირვებლის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. მაგალითად, ცნობილი შემთხვევა იყო გერმანელი ენერგეტიკის სფეროს მაღალჩინოსანი სტეფან შნალერის ჩასვლა რეფერენდუმებზე დასაკვირვებლად, რომელიც გერმანიაში დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ქვეყნები, რომლის დამკვირვებლებიც უკანონო რეფერენდუმებს დაესწრნენ შემდეგია: ბრაზილია, ბელარუსი, სირია, ეგვიპტე, ვენესუელა, ურუგვაი, ტოგო და სამხრეთ აფრიკა. თუმცა ბრაზილიისა და ურუგვაის ხელისუფლებებმა ოფიციალური დამკვირვებლების ან წარმომადგენლების „რეფერენდუმებზე“ გაგზავნა უარყვეს.

შესაბამისად, ზემოთ დასახელებულ პოსტში გავრცელებული მტკიცებები „რეფერენდუმების“ ლეგიტიმურობასთან, მის აღიარებასა თუ საერთაშორისო დამკვირვებლების წარგზავნასთან დაკავშირებით, ყალბ ამბავს წარმოადგენს.

-------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი