მამუკა მდინარაძე: სენაკის საკრებულოს დათხოვნა მთავრობის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებია და არა ვალდებულება
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება მანიპულირებას წარმოადგენს.
რეზიუმე:
დისკრეციული უფლებამოსილება ორ ან მეტ ალტერნატივას შორის არჩევანის გაკეთების თავისუფლებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ საქართველოს მთავრობას საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტა/არ შეწყვეტას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა კანონის თანახმად აქვს, ამ არჩევანის გასაკეთებლად საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვა და გადაწყვეტილების რეგლამენტით გათვალისწინებულ წევრთა რაოდენობის მხარდაჭერაა საჭირო, რაც საქართველოს მთავრობის მხრიდან არ განხორციელებულა.
აქედან გამომდინარე, მამუკა მდინარაძის განცხადების ის პათოსი, რომლის თანახმადაც დისკრეციული უფლებამოსილება მთავრობას საკრებულოს ლეგიტიმაციის საკითხის დაიგნორებასაც მოიცავს, მანიპულირებას წარმოადგენს. უფლებამოსილების ამგვარად განმარტება კი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ აღნიშნულ საკითხზე თვალის დახუჭვა კონკრეტულ პარტიულ ინტერესებსა და პოლიტიკურ ძალთა ბალანსის კანონის გვერდის ავლით გადანაწილებას ემსახურება.
ანალიზი:
2022 წლის 30 მაისს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვახტანგ წურწუმიამ საკრებულოს პირადი განცხადებით მიმართა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა. აღნიშნული გარემოება საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუალედური არჩევნების დანიშვნის სრულ სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნია და სენაკის მუნიციპალიტეტის N64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ, საკრებულოს გამკლებული წევრის უფლებამონაცვლის არჩევის მიზნით, განკარგულება გამოსცა.
2022 წლის 14 აგვისტოს, საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და აღნიშნული განკარგულება გაასაჩივრა. საია ამტკიცებდა, რომ ,,სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის, ანუ საკრებულოს ხელახალი არჩევის წინაპირობები, არსებობს“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სენაკის ოლქში შუალედური არჩევნების შესახებ ცესკოს განკარგულება ძალაში დატოვა და მის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. განკარგულების კანონიერება სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა. ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლოებმა დაასკვნეს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, ცესკოს ჰქონდა სრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და მეტიც, გააჩნდა კანონით დადგენილი ვალდებულება, რომ დაენიშნა შუალედური არჩევნები.
უფრო ვრცლად იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.
ამ გარემოებებზე დაყრდნობით, საიამ დავა ამჯერად საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დაიწყო. რეალურად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად, სწორედ საქართველოს მთავრობის კომპეტენციაა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტა. დავის ფარგლებში საია ითხოვს დაევალოს საქართველოს მთავრობას, მიიღოს დადგენილება, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტილად ცნობის თაობაზე.
მოცემულობას, რომლითაც საიამ სასარჩელო წარმოება დაიწყო ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ,,მცდარი’’ უწოდა. ,,რადგან ამას მთავრობა აკეთებს, ეს მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებია და ეს არ არის ვალდებულება, რომ მაინცდამაინც ასე გააკეთოს. სამწუხაროა, როდესაც ერკვევიან, მაგრამ მაინც „ნაცმოძრაობის“ ნარატივს მიყვებიან. ეს არის ცუდი მხოლოდ და მხოლოდ“, - განაცხადა მდინარაძემ.
,,ფაქტ-მეტრმა’’ მამუკა მდინარაძის განცხადება გადაამოწმა.
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, სენაკის საკრებულო ერთ-ერთი იყო 7 მუნიციპალიტეტიდან, სადაც ოპოზიციამ, ჯამურად, ხელისუფლებაზე მეტი მანდატი მოაგროვა და საკრებულოს თავმჯდომარედაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აირჩია. ყველა იმ საკრებულოში, სადაც 2021 წლის არჩევნების შედეგად ვერცერთმა პარტიამ და მათ შორის, ვერც ,,ქართულმა ოცნებამ’’ ვერ მოიპოვა უმრავლესობა, კონსენსუსის მიღწევა და საკრებულოს ფუნქციონირება გაჭირდა.
საიამ სენაკის საკრებულოს ლეგიტიმაციის საკითხთან მიმართებით დეტალური ანგარიშიც გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები მართლაც აჩენენ გონივრულ ეჭვს, რომ შესაძლოა, სენაკის საკრებულო 6 თვეზე მეტია, არ შეკრებილა. მართალია, მოცემული სტატიის ფარგლებში სენაკის საკრებულოს კრებათა ლეგიტიმაციის საკითხს ვერ შევაფასებთ თუმცა, ფაქტია, რომ მთავრობის მხრიდან საკრებულოს უფლებამოსილების საკითხის დაიგნორებამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია. გაჩნდა ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის ვალდებულება, რითაც პოლიტიკური ძალათა ბალანსი უკანონოდ შეიძლება შეიცვალოს.
აღნიშნულ მოსაზრებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელიც საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტას შეეხება, დისკრეციულია. ამ ნორმის, ანუ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლი 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით საქართველოს მთავრობა იღებს.
„დისკრეციული უფლებამოსილება“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, მართალია, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობას საკრებულოს ლეგიტიმაციის შეწყვეტა - არ შეწყვეტას შორის არჩევანის გაკეთების თავისუფლება აქვს თუმცა, ერთი მხრივ, ბუნდოვანია როდის და რა ფორმატში იმსჯელა საქართველოს მთავრობამ ამ საკითხზე (ვინაიდან საკითხის გადასაჭრელად აუცილებელია საქართველოს მთავრობის შესაბამისი რაოდენობის წევრთა მხარდაჭერა) ხოლო, მეორე მხრივ კი, საზოგადოებას არ უხსნის, რით ემსახურება საჯარო ინტერესებს ისეთი საკრებულოს შენარჩუნება, რომელიც შესაძლოა, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ იკრიბება და არღვევს ,,საქართველოს მოქალაქეთა უფლებასა და შესაძლებლობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები’’ [1].
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში, რომელიც საიასა და ცესკოს შორის მიმდინარე დავას შეეხებოდა, სასამართლომ ნათლად გამოკვეთა, რომ ,,საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას საქართველოს მთავრობა მხოლოდ ფორმალურად კი არ ადასტურებს, არამედ - იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, დადგენილების გამოცემის გზით. დადგენილება კი მიიღება მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ და მათ მისაღებად საჭიროა ამავე რეგლამენტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის შესაბამისი რაოდენობის წევრთა მხარდაჭერა“. აქედან გამომდინარე, იმ დაშვებითაც, რომ ნორმა დისკრეციული ბუნების მატარებელია, შესაძლო შემოთავაზებულ ალტერნატივებს შორის (საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტა/არ შეწყვეტა) არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის დაცვა. მართალია, სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლოა, მთავრობის გადაწყვეტილებას ექვემდებარებოდეს, თუმცა გამორიცხავს, რომ საკითხის გადაწყვეტა მსჯელობისა და მსჯელობის შედეგად მხარდაჭერილი გადაწყვეტილების მიღების გარეშეა შესაძლებელი.
რთული წარმოსადგენია, რომ კანონმდებელი მიზნად უფუნქციო საკრებულოსთვის ლეგიტიმაციის იქამდე შენარჩუნებას ისახავდა, სანამ საქართველოს მთავრობა მისი უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობის ნებას არ გამოხატავდა. კანონის პრაქტიკაში ამგვარი რეალიზების ფარგლებში აზრი ეკარგება როგორც პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტს, ისე განუზომელი ზარალი ადგება კონკრეტული საკრებულოს მაცხოვრებელთა უფლებას ისარგებლონ ნებისმიერი დემოკრატიული რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი საფუძვლით ადგილობრივი მმართველობით და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში.
საქართველო 2005 წლის 1 აპრილიდან გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ქარტიის წევრი და შესაბამისად, როგორც ხელმომწერმა სახელმწიფომ აღიარა, რომ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს რეალური პასუხისმგებლობა გააჩნიათ, უზრუნველყონ ეფექტური და ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა სწორედ ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვა და გაძლიერება სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს დემოკრატიისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პრინციპებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობისათვის.
აქედან გამომდინარე, ნათელია, რა დონეზე შეიძლება დააზიანოს ესა თუ ის სამართლებრივი სიკეთე ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტში საკრებულოს უფუნქციობამ, ხოლო, მეორე მხრივ, ამ გარემოებაზე შესაბამისი რეაგირების არ მოხდენამ. სწორედ ამიტომ, ჩნდება ეჭვი, რომ საკრებულოს ლეგიტიმაციის საკითხის დაიგნორება არა თუ კანონიერ ფარგლებს, არამედ კონკრეტული პარტიული ინტერესებისთვის პოლიტიკური ძალათა ბალანსის კანონის გვერდის ავლით გადანაწილებას ასახავს.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მამუკა მდინარაძის განცხადების ის პათოსი, რომ „ნორმაში ამოკითხული“ დისკრეციული უფლებამოსილება მთავრობას საკრებულოს ლეგიტიმაციის საკითხის დაიგნორებასაც მოიცავს, მანიპულირებას წარმოადგენს. მართალია, დანამდვილებით ვერ ვიტყვით საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასა და არ შეწყვეტას შორის არჩევანის გაკეთების თავისუფლება საქართველოს მთავრობას (რაზეც ამჟამად მსჯელობს სასამართლო საიასა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარე სამართლებრივი დავის ფარგლებში) აქვს, თუ - არა . თუმცა, ფაქტია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებას სათანადო პროცედურის დაცვა სჭირდება, რაც საქართველოს მთავრობის მხრიდან არ განხორციელებულა.
[1] იხ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლი.